Facebook Twitter

საქმე N 330100123006966029

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №689აპ-24 25 სექტემბერი, 2024 წელი

გ–ა ი. №689აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ც–ს და მსჯავრდებულ ბ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ქ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. გ–ს (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ – სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. ბ. ა–ე (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ – ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 13 იანვრის განაჩენით ი. გ–ს ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ზ“, „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლით. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დადგენილი ნასამართლობის გაქარწყლებამდე (მოხსნამდე) ი. გ–მ კვლავ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჩაიდინა.

2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან ორგანიზებული ჯგუფის წევრები, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ტ–ში რეგისტრირებული კომპანიის „.......“-ის სახელის, ორიგინალთან მიმსგავსებული საკომუნიკაციო საშუალებებისა და სხვა ცრუ ინფორმაციის გამოყენებით, ს–ში რეგისტრირებულ „D.........“-სგან ითხოვდნენ „E.......“-ის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვას.

ამავდროულად, 2020 წლის თებერვალში ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ბ. ა–მ, ბ. ღ–მ, ი. გ–მ და ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა მ. ქ–ს ქ. ზ–ში დააფუძნებინეს შპს „ე......“ (ს/ნ .........), რომლის ინგლისურენოვანი საფირმო დასახელება „E..........“ ტ–ში რეგისტრირებული კომპანიის - „E.........“ საფირმო დასახელების მსგავსი იყო. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა „D........“-ს წარუდგინეს ცრუ ინფორმაცია, ყალბი მონაცემები და ტ–ში რეგისტრირებული კომპანია „E........“-ის მიმართ არსებული დავალიანების მიმღებად მიუთითეს ქ. ზ–ში რეგისტრირებული „E............“. ცრუ ინფორმაციის მიწოდების შედეგად, ტ–ში რეგისტრირებული კომპანიის „E.........“-ის მიმართ არსებული დავალიანება - 134957,77 აშშ დოლარი, ნაცვლად ამ უკანასკნელი კომპანიის ანგარიშისა, ჩაირიცხა ქ.ზ–ში რეგისტრირებულ „E..........“ საბანკო ანგარიშზე, რასაც ორგანიზებული ჯგუფის წევრები დაეუფლნენ. ორგანიზებული ჯგუფის წევრების ბ. ა–ს, ბ. ღ–ს და ი. გ–ს ორგანიზებითა და დავალებით, 2020 წლის 26 და 27 თებერვალს მ. ქ–ამ ქ.ზ–ში და ქ. თ–ში მდებარე ბანკების მეშვეობით, კუთვნილი კომპანია „E.........“-ის საბანკო ანგარიშიდან გაანაღდა საერთო ჯამში 133487 აშშ დოლარი, რაც მიისაკუთრეს ბ. ა–სემ, ბ. ღ–მ და ი. გ–მ, ხოლო მ. ქ–ამ დანაშაულებრივი საქმიანობის სანაცვლოდ 1000 აშშ დოლარი მიიღო.

2020 წლის მაისში ორგანიზებული ჯგუფის წევრის ბ. ა–ს დავალებით და ნ. ხ–ს დახმარებით კ. ხ–მ ქ.ს–ში დააფუძნა შპს „......“ (ს/კ ..........), რომლის ინგლისურენოვანი საფირმო დასახელება „........“ .........ში მოქმედი კომპანიის „.........“ საფირმო დასახელების მსგავსი იყო. 2020 წლის ივნისში ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა .......ში მოქმედ კომპანია „W..........“-ს წარუდგინეს ცრუ მონაცემები და სამედიცინო ეკიპირების ღირებულების მიმღებად, ნაცვლად შეერთებულ შ–ში მოქმედი კომპანიისა „........“, მიუთითეს ქ. ს–ში რეგისტრირებული კომპანია „3–ო“ („L......“). ცრუ ინფორმაციის მიწოდების შედეგად, კომპანიამ „W..........“ 2020 წლის 1 ივნისს, „L...........“-ის მეშვეობით, ქ. ს–ში კ. ხ–ას მიერ დაფუძნებული კომპანიის „........“-ს („........“) ანგარიშზე ჩარიცხა 60525 აშშ დოლარი, რასაც ორგანიზებული ჯგუფის წევრები დაეუფლნენ. ორგანიზებული ჯგუფის წევრის ბ. ა–ს დავალებით 2020 წლის 1 ივნისს ნ. ხ–სმ და კ. ხ–ამ „3........“-ს („..........“) საბანკო ანგარიშიდან ქ. ს–ში გაანაღდეს 60220 აშშ დოლარი, რაც მიისაკუთრეს ი. გ–სმ, ბ. ღ–სამ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, ხოლო ნ. ხ–სმ და კ. ხ–ამ სანაცვლოდ 500 აშშ დოლარი მიიღეს.

2020 წლის ივნისში ორგანიზებული ჯგუფის წევრის ი. გ–სს დავალებით, ნ. ხ–სს და სხვა პირთა დახმარებით ე. ს–ამ ქ. ა–ში დააფუძნა შპს „ა.........“ (ს/კ ..........) რომლის ინგლისურენოვანი საფირმო დასახელება „.........“ ს–ში რეგისტრირებული კომპანიის „A..........-ის საფირმო დასახელების მსგავსი იყო და ამ კომპანიების აფილირების და კუთვნილობის ცრუ წარმოდგენას ქმნიდა. ამავდროულად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საერთაშორისო კომპანია „............“-ს წარუდგინეს ცრუ ინფორმაცია და გაწეული მომსახურების ღირებულების მიმღებად, ნაცვლად ს–ში რეგისტრირებული კომპანიისა „...........“ მიუთითეს ქ. ა–ში ე. ს–ას მიერ დაფუძნებული კომპანია „.........“. ცრუ ინფორმაციის მიწოდების შედეგად, კომპანიამ „............“ 2020 წლის 15 სექტემბერს ე. ს–ას მიერ დაფუძნებული შპს „ა..........“-ს („A..........“ (ს/კ ...........)) საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა 10326 აშშ დოლარი, რასაც ორგანიზებული ჯგუფის წევრები დაეუფლნენ. ორგანიზებული ჯგუფის წევრთა დავალებით, 2020 წლის 21 სექტემბერს ე. ს–ამ, ნ. ხ–სს დახმარებით, შპს „ა.............“-ს საბანკო ანგარიშიდან ქ. ფ–ში გაანაღდა 10264 აშშ დოლარი, რაც ორგანიზებული ჯგუფის წევრმა ბ. ღ–მ მიისაკუთრა, ხოლო ე. ს–ამ, სანაცვლოდ, 500 აშშ დოლარი მიიღო.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის N1/1067-23 განაჩენით, ი. გ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქას მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მსჯავრდებულ ი. გ–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

ბ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წელი.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მსჯავრდებულ ბ. ა–სეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 7 წელი და საბოლოოდ, ბ. ა–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა.

ამავე განაჩენით მსჯავრი დაედო ბ. ღ–ს და ე. ს–ს (მონაწილეობის გარეშე).

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ქ–მ და მოითხოვა ი. გ–სს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2.3. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. მ–მა და მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ბ. ა–ს გამართლება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აპრილის განაჩენით, მსჯავრდებულ ი. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულ ბ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი მსჯავრდებულების ი. გ–ს და ბ. ა–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 2 მაისს, მსჯავრდებულ ი. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ც–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აპრილის განაჩენის გაუქმება და ი. გ–ს ყველა წარდგენილი ბრალდებით უდანაშაულოდ ცნობა.

3.3. 2024 წლის 14 მაისს, მსჯავრდებულ ბ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ქ–მ საკასაციო საჩივარით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბ. ა–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3.4. 2024 წლის 20 მაისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი და ითხოვა მსჯავრდებულ ი. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ც–ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

3.5. 2024 წლის 24 მაისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ვლადიმერ ვექილიანმა წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი და ითხოვა მსჯავრდებულ ბ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ქ–ს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორის, მსჯავრდებულ ი. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ც–ს პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი უკანონოა, ვინაიდან იგი არ ემყარება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, რადგან განაჩენი დააფუძნა არასაკმარის და არადამაჯერებელ მტკიცებულებებს. ი. გ–ს წინააღმდეგ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ მოწმეები: მ. ქ–ა, ნ. ხ–ს და კ. ხ–ა, რომლებიც იმავე დანაშაულში არიან ბრალდებულები, რასაც ედავებიან ი. გ–სს. ამასთან, მათ მამხილებელი ჩვენებები მისცეს რამოდენიმე თვის შემდეგ და მხოლოდ მაშინ, რაც პროკურატურისაგან საპროცესო შეთანხმების გაფორმების პირობა მიიღეს. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს მოწმეთა არაკეთილსინდისიერებასა და არასანდოობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება ირიბ მტკიცებულებებს. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ჰქონდა თუ არა ი. გ–ს კავშირი დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან. ამასთან, ი. გ–ს ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით. მოწმე მ. ქ–მ ვერ მიუთითა იმ ნიშან-თვისებებზე რითაც ამოიცნო ი. გ–ს. ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მისი ქმედებით ფაქტიურად ამოცნობა ჩაატარა მოწმეებთან, რაც მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. ასევე არ დადგენილა, რომ ი. გ–მ მიისაკუთრა თანხა. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ იქნა დადგენილი, რომ დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, რადგან არ გამოკვეთილა დანაშაულში მონაწილე პირთა როლები და არ დადგენილა უკავშირდებობდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ #335აპ-15 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა არ წარმოადგენს იმგვარი ხასიათის მტკიცებულებას, რომლითაც ობიექტურად შესაძლებელია კომუნიკაციის მხარეებს შორის არსებული საუბრის შინაარსობრივი მხარის გარკვევა. იგი ადასტურებს მხოლოდ ი. გ-სა და ჯ. ო-ს შორის სატელეფონო კავშირს (შინაარსი უცნობია)“. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულება არ უნდა დაედო საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენისთვის.

4.2. კასატორმა, მსჯავრდებულ ბ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ქ–მ მოითხოვა ბ. ა–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რადგან საქმეზე წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები, ბანკებიდან და მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია არ იძლევა იმგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საკმარისია გამამყუნებელი განაჩენის დასადგენად. მოწმეები მ. ქ–ა, ნ. ხ–ს და კ. ხ–ა არიან საქმის შედეგით დაინტერესებული პირები, რის გამოც მათი ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული. ამასთან, ის ფაქტი, რომ ბ. ა–ს მობილური ტელეფონი იყო იმავე ანძის დაფარვის ზონაში, სადაც დანარჩენი მსჯავრდებულების არ ამტკიცებს მათ ერთად ყოფნას, რადგან ანძის დაფარვის ზონა არის რამოდენიმე კილომეტრი და შესაძლებელია გამოძიებისათვის საინტერესეო პირები იმყოფებოდნენ ერთსადაიმავე ზონაში სხვადასხა ადგილას. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა კანონის დარღვევით, რაც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველია.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების პოზიციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია ბ. ა–სა და ი. გ–სს ქმედებების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.

5.3. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ნათლად და ერთმნიშვნელოვნად უპასუხეს დაცვის მხარეს, სასამართლოებმა გადაწყვეტილებებში მიუთითეს იმ ძირითად არგუმენტებზე, რის გამოც არ გაიზიარეს დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულების უდანაშაულობასთან მიმართებით.

5.4. დაზარალებული კომპანიის „W...........“-ს წარმომადგენელმა უ. ვ–მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ კომპანიამ მიიღო ცრუ ინფორმაცია, რის საფუძველზეც საქართველოში შეცდომით გადარიცხეს 60220 აშშ დოლარი, თანხის ნაწილი კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

5.5. დაზარალებული კომპანიის „D.........“-ს წარმომადგენელმა ზ. ქ–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2022 წლის იანვრის ბოლოს დაუკავშირდა კომპანიის წარმომადგენელი და სთხოვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება. კომპანიას ჰყავდა კონტრაქტორი კომპანია ტ–ში, რომლის დავალიანება იყო დაახლოებით 135000 აშშ დოლარი. კომპანიებს შორის იყო მიმოწერა დავალიანების დაფარვის შესახებ. ორივე კომპანიის სახელზე იყო გაგზავნილი შეტყობინება, ინვოისები და მითითებული იყო არასწორი საბანკო ანგარიშის ნომერი. ცრუ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ მოხდა თანხის გადარიცხვა საქართველოში.

5.6. დაზარალებული კომპანიის „C.............“-ს წარმომადგენელ რ. პ-სთან გასაუბრების ოქმით დასტურდება, რომ კომპანიას წარუდგინეს ცრუ ინფორმაცია და გაწეული მომსახურების ღირებულების მიმღებად, ნაცვლად ს–ში რეგისტრირებული კომპანიისა „A..............“ მიუთითეს კომპანია „A.............“. ცრუ ინფორმაციის მიწოდების შედეგად, კომპანიამ „C.........“ 10326 აშშ დოლარი ჩარიცხა შპს „ა..........“ „ A..........“ საბანკო ანგარიშზე.

5.7. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მ. ქ–ას მიერ დაფუძნებული იქნა შპს „ე.......-ის“ (ს/ნ ..........), კ. ხ–ას მიერ შპს „........-ს“ (ს/კ .......) და ე. ს–ას მიერ შპს „ა..........-ს“ (ს/კ ........). ასევე დადასტურებულია აღნიშნული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით ფულადი თანხების ჩარიცხვა და ამ თანხების მ. ქ–ას, ნ. ხ–სს, კ. ხ–ას და ე. ს–ას მიერ განაღდება. დაცვის მხარეს სადავოდ მიაჩნია ბ. ა–სის და ი. გ–სს მიერ აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა.

5.8. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ი. გ–ს და ბ. ა–ს აქტიური როლი გააჩნდათ იმ დანაშაულებრივად მოქმედ ორგანიზებულ ჯგუფში, რომელიც მოტყუებით დაეუფლა დაზარალებული კომპანიების დიდი ოდენობით ფულად თანხებს.

5.9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოწმეების – მ. ქ–ს, ნ. ხ–ს და კ. ხ–ას ჩვენებების უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მათ დაწვრილებით, დეტალურად და დამაჯერებლად გადმოსცეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საკასაციო პალატას მოწმეების მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა. მათი ჩვენებები სრულად არის თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ მოწმეების მიერ ცრუ ჩვენების მიწოდება განპირობებულია მათი მხრიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილით, არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ის ფაქტი, რომ მოწმეები თანამშრომლობენ გამოძიებასთან წარმოადგენს მათ უფლებას, რაც გავლენას ვერ მოახდენს მათი ჩვენების სანდოობაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კვალისფიციურ მსჯელობას აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, რა დროსაც გათვალისწინებული იქნა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი, ასევე ეროვნული კანონმდებლობით მკაცრად გაწერილ კრიტერიუმები და მოთხოვნები.

5.10. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ. ქ–მ განმარტა, რომ ბ. ა–ს მითითებით, იუსტიციის სახლში დაარეგისტრირა კომპანია შპს „ე.........“, რა დროსაც კომპანიის რეგისტრაციის თანხა გადაიხადა თავად ბ. ა–მ. ხოლო თანხის ჩარიცხვის შემდგომ, როდესაც მისი ნაწილი ბ. ღ–სთან ერთად გაანაღდა, ამ უკანასკნელმა ზ–ს ყოფილი ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბანკიდან გამოტანილი თანხა გადასცა „გ–ს“ – ი. გ–ს. შემდგომში, დარჩენილი თანხის განაღდების მიზნით ბ. ღ–სთან ერთად თბილისში ჩასვლისას, კვლავ შეხვდნენ ი. გ–ს და მეორე დღეს, როდესაც ბანკიდან გაანაღდა თანხა, ავტომანქანაში ჩაჯდომისას ბ. ღ–სთან ერთად იყო ი. გ–ს. მან თანხა მიაწოდა ბ. ღ–ს, რომელმაც იგი თავის მხრივ გადასცა ი. გ–ს.

5.11. მოწმე ნ. ხ–მ კი მიუთითა, რომ იგი მსჯავრდებულებს დაუკავშირდა მ. ქ–ს მეშვეობით, რომლებმაც მამამისს – კ. ხ–ს დააფუძნებინეს კომპანია, ხოლო შემდგომში, ი. გ–ს დავალებით კიდევ ერთი კომპანიის მფლობელად თვითონ მოიძია და დაარეგისტრირა ე. ს–ა. მას ელექტრონული საშუალებით ჰქონდა კომუნიკაცია ვინმე „გ–სთან“, რომელმაც პირადად შეხვედრისას უთხრა, რომ იყო ბ. ა–ე და გ–ს ეძახდნენ. ბ. ა–ე მასთან მისული იყო მეორე მამაკაცთან ერთად, რომელიც გაეცნო გ–ს სახელით და მოგვიანებით გაიგო, რომ იგი იყო ი. გ–ს. მას ი. გ–მ გადასცა 200 დოლარი დარეგისტრირებული კომპანიის ანგარიშზე შესატანად. კ. ხ–ას შემთხვევაში თითოეულ ჯერზე თანხის დარიცხვისას ბ. ა–სთან ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია, ხოლო განაღდებულ თანხას აძლევდა ი. გ–ს. ამასთანავე, როდესაც მამამისის კომპანიის ანგარიშზე დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემები, ბ. ა–ს მითითებით ჩავიდა თ–ში, მივიდა ყ–ს ქუჩაზე ..... ბანკთან და ელოდებოდა სიტუაციის გარკვევას, რა დროსაც სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა ბ. ა–სა და ი. გ–სთან.

5.12. ზემოხსენებულ მოწმეთა ჩვენებები გამყარებულია მოწმე ხ. კ– ს ჩვენებით, 2022 წლის 3 დეკემბერის ამოცნობის ოქმით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ........ ბანკიდან და კრედო ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ასევე მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების თითოეულ ეპიზოდში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შეთანხმებულ, ურთიერთთავსებად უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ყველა ის არგუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე გამორიცხავს ბ. ა–სა და ი. გ–ს ბრალეულობას, გონივრულ ეჭვს მიღმა გაქარწყლებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი ანალიზით.

5.13. საკასაციო პალატა ასევე ეთანხება სააპელაციო სასამართლოს, რომ ი. გ–სა და ბ. ა–ს სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომრების მრავალჯერ გამოყენება დაფიქსირდა სწორედ დროის იმ მონაკვეთებში და იმ ტერიტორიაზე, სადაც მ. ქ–ა და ნ. ხ–ს უთითებენ, რაც ვერ იქნება მიჩნეული შემთხვევითობად, როგორც ამას დაცვის მხარე მიიჩნევს. სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია და მობილური ტელეფონის ნომრებზე მომსახურე ანძების შესახებ მონაცემები, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებთან ერთობლიობაში ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ ი. გ–ს და ბ. ა–ე დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთობლივი შეთანხმებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დაზარალებული კომპანიების კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს.

5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ. ც–ს და მსჯავრდებულ ბ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ქ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე