გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-567-02 31 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
კასატორის თხოვნა: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განხლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1992წ. 10 თებერვალს თბილისის მერიის ¹127 განკარგულებით დაკმაყოფილდა მ. კ-ას ფონდის მრავალდარგოვანი ასოციაცია “ა-ის" თხოვნა. ასოციაცია “ა-ს" დიდი დიღმის, გლდანის შემაერთებელ მაგისტრალსა და ...ის ქუჩის გადაკვეთაზე ნება დაერთო დროებითი ბაზრის მოწყობაზე.
1995წ. 5 ოქტომბერს ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა შპს “მ.", რომელიც ასოციაცია “ა-ის" ბაზაზე შეიქმნა და მის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა.
თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 ნოემბრის დადგენილებით ცვლილება შევიდა ¹127 განკარგულებაში და გამოყოფილი ნაკვეთიდან 2,3 ჰა დროებით დაუმაგრდა შპს “მ-ს". მანამდე თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1993წ. 6 დეკემბრის ¹04.10.105 დადგენილებით ასოციაცია “ა-ზე" ¹127 დადგენილებით გამოყოფილი ტერიტორიიდან 1,6 ჰა ნაკვეთი დაუმაგრდა შპს “დ.”-ს.
დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996წ. 16 აპრილის ¹2/29 გადაწყვეტილებით გაუქმდა შპს “მ-ს" სახელმწიფო რეგისტრაცია, რომლის შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996წ. 31 ოქტომბრის ¹16.63.1080 დადგენილებით გაუქმდა მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995წ. 9 ნოემბრის ¹24.94.1298 დადგენილება შპს “მ-სთვის", როგორც ასოციაცია “ა-ის" სამართალმემკვიდრისათვის, 2.3 ჰა ნაკვეთის მიმაგრების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 1996წ. 27 დეკემბრის ¹4გ/52 დადგენილებით გაუქმდა შპს “მ-ს" სახელმწიფო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სასამართლოს. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 6 მარტის ¹06.17.283 დადგენილბით გაუქმდა მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996წ. 31 ოქტომბრის ¹16.63.1080 დადგენილება. ამავე დადგენილებით გაუქმდა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996წ. 25 ივლისის ¹12.23.769 დადგენილების ის ნაწილი, რომლითაც შპს “დ.”-ს ავტოსადგომისა და ავტოსერვისის კომპლექტის მოსაწყობად დამატებით მიეცა 6680 კვ.მ მიწის ნაკვეთის დროებითი სარგებლობის უფლება.
საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1996წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997წ. 6 მარტის ¹06.17.283 დადგენილების მეორე პუნქტი, რომელმაც გააუქმა თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1996წ. 25 ივლისის ¹12.23.769 დადგენილება.
1997წ. 21 აგვისტოს თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურომ შპს “დ."-ზე გასცა ტექნიკური პასპორტი და ნახაზი. 1997წ. 1 დეკემბერს შპს “მ-ს" მოთხოვნით ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურომ იმავე ნაკვეთზე ახალი ტექნიკური პასპორტი გასცა, რომლის მიხედვითაც 1,6 ჰა მიმაგრებული იყო შპს “დ."-ზე (საფუძველი _ თბილისის მერიის 1993წ. 6 დეკემბრის 104.10.105 დადგენილება), ხოლო 2,3 ჰა აღირიცხა შპს “მ-ს" სახელზე (საფუძველი _ თბილისის მერიის 1997წ. 7 აგვისტოს ¹1827 მიმართვა).
შპს “ა-ის" დამფუძნებლებმა (ო-ი, ნ-ი, ბ-ი, გ-ი, მ-ი, გ-ა) შპს “მ-ს" წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს. მოსარჩელეებმა მოითხოვეს შპს “მ-ს" სამეწარმეო რეგისტრაციის გაუქმება და ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998წ. 21 მა-ის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა შპს “მ-ს" სამეწარმეო რეგისტრაცია და შპს “დ.”-ს გადაეცა თბილისში, დიდი დიღმის, გლდანის მაგისტრალისა და ...ის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობა, რაც ძალაში იქნა დატოვებული 1997წ. 5 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ 1991წ. 3 ივლისს კ-ას სახელობის საქართველოს საადგილმამულო მოსახლეობის განსახლებისა და დახმარების ფონდმა დააფუძნა ასოციაცია “ა-ი" ასოციაცია “ა-ის" სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარებამდე, 1991წ. 25 ივნისს, შედგა დამფუძნებელთა კრება, რომელმაც დაადგინა ასოციაციის დაფუძნება, მისი დამფუძნებელები იყვნენ: ო-ი, ნ-ი, ბ-ი, მ-ი, გ-ი, გ-ა, მ-ე. პრეზიდენტად იმავე კრების დადგენილებით არჩეულ იქნა დ. მ-ე დ. მ-ემ ასოციაციის დამფუნებლების გვერდის ავლით 1995წ. 7 მაისს ჩაატრა ასოციაციის წევრთა კრება. კრების მიერ მიღებულ იქნა დადგენილება ასოციაცია “ა-ის" შპს “მ-დ" გარდაქმის შესახებ. 1995წ. 10 ივლისის ე.წ. პარტნიორითა კრების გადაწყვეტილებით დაფუძნდა შპს “მ.". მის საწესდებო კაპიტალში ჩადებული იქნა ასოციაცია “ა-ის" კუთვნილი ადმინისტრაციული შენობა, (რომელიც, მართალია, ირიცხებოიდა “ბ-ის" სამართალმემკვიდრის “დ.-ის" ბალანსზე, მაგრამ, ფაქტობრივად, მას ფლობდა ასოციაცია “ა-ი", ვინაიდან მის სახელზე ამ შენობის გადაფორმება ვერ მოხერხდა). ხოლო 1995წ. 5 ოქტომბერს ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა შპს “მ.", როგორც ასოციაცია “ა-ის" სამართალმემკვიდრე. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ასოციაცია “ა-ის" რეორგანიზაცია მოხდა “ა-ის" წესდების 3.1, 3.3, 3.4 პუნქტების დარღვევით, კერძოდ, ასოციაციის სადამფუძნებლო კრებას არ ესწრებოდა ასოციაციის წევრთა უბრალო უმრავლესობა და მისი ლიკვიდაციისათვის ხმა არ მიუცია ასოციაციის წევრთა 2/3-ს.
მითითებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
1999წ. 24 სექტემბერს შპს “მ-ს" წარმომადენელმა განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბის რაიონის პროკურორს და 1997წ. 21 აგვისტოს ყალბი დოკუმენტების საფუძველზე ტექნიკური პასპორტისა და ნახაზის გაცემის ფაქტთან დაკავშირებით მოითხოვა თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს თანამშრომელზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. 1999წ. 15 ოქტომბრის დადგენილებით უარი ეთქვა “მ-ს" სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე ტექინვენტარიზაციის ბიუროს თანამშრომლების ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
1999წ. 25 ოქტომბერს შპს “მ-ს" რწმუნებულმა მოპასუხე ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს “მ-ს" სასამართლო დავა ჰქოდა მოპასუხესთან გლდანის შემაერთებელ მაგისტრალსა და ...ის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის კუთვნილებასთან დაკავშირებით. 3,9 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზეც მდებარებს ადმინისტრაციული შენობა, თავდაპირველად გამოეყო ასოციოაცია “ა-ს". თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1993წ. 6 დეკემბრის დადგენილებით მითითებული მიწის ნაწილი _ 2,3 ჰა დარჩა ისევ ასოციაცია “ა-ს" (იგივე შპს “მ-ს", რომელიც გახდა ასოციაცია “ა-ის" უფლებამონაცვლე).
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1997წ. 21 აგვისტოს შპს “დ.”-ზე გაცემული პასპორტი და ნახაზი არ შეესაბემება სინამდვილეს. აღნიშნული გარემოების დამადასტურებლად მიიჩნევდა ქ. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1997წ. 1 დეკემბერს მის სახელზე გაცემულ ტექნიკურ პასპორტსა და ნახაზს.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ამ დავის გადაწყვეტის დროს სასამართლო ისე დაეყრდნო არასწორ მონაცემებს, რომ მის მიერ წარდგენილი საწინააღდეგო მოსაზრებები და დოკუმენეტები არ განუხილავს.
მოსარჩელე მოითხოვდა სსკ-ს 180-ე მუხლის შესაბამისად აღიარებული ყოფილიყო 1997წ. 1 დეკემბრის ქ. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ შპს “მ-ს" სახელზე გაცემული პასპორტისა და ნახაზის ნამდვილობა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს 1999წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ცნობილ იქნა ნამდვილად ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1997წ. 1 დეკემბრით დათარიღებული შპს “დ.”-სა და შპს “მ-ზე" გაცემული ტექნიკური პასპორტი და ნახაზი.
მითითებული გადაწყვეტილება, რომლითაც ნამდვილად იქნა მიჩნეული 1997წ. 1 დეკემებერს გაცემული ტექპასპორტი და ნახაზი, შპს “მ-ს” წარმომადგენელმა ჩათვალა, რომ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას და მოითხოვა 1998წ. 21 მაისს ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს და ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998წ. 15 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის განმარტებით, მათთვის ცნობილი გახდა ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლის არსებობაც საქმის განხილვისას მათთვის უცნობი იყო.
მოწინააღმდეგე მხარემ მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია და მიუთითა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული დოკუმენტი საფუძვლად არ დადებია 1998წ. 21 მაისის გადაწყვეტილებას შპს “მ-ს" რეგისტრაციის გაუქმებისა და ქონების გამოთხოვის შესახებ. ამასთან მოპასუხემ წარმოადგინა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, რიომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე შპს “დ.”-ის სარჩელი და თბილისის ტექბიუროს მიერ შპს “დ.-ზე" 1997წ. 21 გვისტოს გაცემული ტექპასპორტი და ნახაზი ნამდვილად იქნა ცნობილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 იანვრის განჩინებით შპს “მ-ს" ყოფილი პარტნიორის და დირექტორის თ. მ-ის რწმუნებულ რ. მ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაიწლის “ვ" პუნქტზე. განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დაკმაყოფილდა შპს “მ-ს"' ყოფილი პარტნიორის და დირექტორის სარჩელი თბილისის ტექბიუროს 1997წ. 1 დეკემბერს გაცემული ტექპასპორტისა და ნახაზის ნამდვილად ცნობის შესახებ, მაგრამ სასამართლოს 1998წ. 21 მაისის გადაწყვეტილებას, რომლის გაუქმებასაც მოითხოვდა განმცხადებელი, საფუძვლად არ ედო შპს “დ.”-ზე ან შპს “მ-ზე" გაცემული ტექნიკური პასპორტისა და ნახაზის სიყალბე.
2002წ. 12 მარტს შპს “მ-ს" ყოფილი პარტნიორი და დირექტორი თ. მ-ის წარმომადგენელმა რ. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება, 1998წ. 21 მაისს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოებით განახლება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებათა საწინააღმდეგოდ, მიაჩნია, რომ სასამართლოს 1998წ. 21 მაისის სადავო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს 1997წ. 21 აგვისტოსა და 1998წ. 1 დეკემბერს გაცემული ტექპასპორტები და ნახაზები. მართლია, მითითებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო პირდაპირ არ მიუთითებს აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობაზე, მაგრამ როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილებით სადავო შენობა მხოლოდ “დ."-ს მიაკუთვნა, იგულისხმებოდა, რომ სასამართლომ შპს “მ-ს" რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად გამოიყენა 1997წ. 21 აგვისტოს ტექდოკუმენტები, სადაც მესაკუთრედ მხოლოდ “დ." იყო მითითებული.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება დაუსაბუთებულია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ" პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულბები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
სადავო გადაწყვეტილების მიღებას, ანუ შპს “მ-ს" რეგისტრაციის გაუქმებასა და ქონების გამოთხოვას სასამართლომ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ასოციაცია “ა-ის" წევრთა კრება, რომელზეც მოხდა ამ საზოგადოების გარდაქმნა შპს “მ-დ" და მის საწესდებო კაპიტალში შპს “დ.”-ის კუთვნილი ქონების შეტანა, ჩატარებული იყო წესდებისა და კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ. კერძოდ, 1995წ. 10 ივლისს ასოციაცია “ა-ის" წევრთა კრებას, სადაც გადაწყდა ასოციაცია “ა-ის” შპს “მ-დ" რეორგანიზაცია, არ ესწრებოდა “ა-ის" დამფუძნებლები და გადაწყვეტილება არ მიღებულა წესდების 3.1, 3.3, 3.4 მუხლების დაცვით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული 1999წ. 1 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნამდვილად იქნა ცნობილი 1997წ. 1 დეკემბერს გაცემული ტექპასპორტი და ნახაზი, ვერ გახდება 1998წ. 21 მაისს მიღებული, კანონიერ ძალაში შესული, გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან 1997წ. 1 დეკემბერს გაცემული ტექპასპორტისა და ნახაზის ნამდვილობა ან სიყალბე არ დადებია საფუძვლად 1998წ. 21 მაისის გადაწყვეტილებას. მითუმეტეს, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ასევე ნამდვილადაა ცნობილი შპს “დ.”-თვის ტექბიუროს მიერ 1997წ. 21 აგვსიტოს გაცემული ტექპასპორტი და ნახაზი. 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით 1997წ. 21 აგვისტოს გაცემული ტექპასპორტი და ნახაზი ნამდვილად რომ არ ყოფილიყო ცნობილი იგი მაინც ვერ გახდებოდა 1998წ. 21 მაისს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან მითითებული დოკუმენტების (1997წ. 21 აგვისტოს და იმავეწ. 1 დეკემბრის ცნობები და ნახაზებით) არც სიყალბე არც ნამდვილობა არ დადებია საფუძვლად შპს “მ-ს"'სამეწარმეო რეესტრში შპს “მ-ს" რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “მ-ს" ყოფილი პარტნიორისა და დირექტორის თ. მ-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 30 იანვრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.