გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-568-02 17 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 21 აგვისტოს დაახლოებით 14 საათსა და 30 წუთზე თბილისში ... სახლთან ახლოს, მაშინ როდესაც ამ სახლის აივანზე ბურთს თამაშობდნენ მცირეწლოვანი გუ. და გე. რ-ები, გაწყდა ამ ქუჩაზე გამავალი საჰაერო ელექტრო-გადამცემი ხაზი “ი.-...”. აღნიშნული ხაზის ექსპლოატაციაში შესვლის (1997წ.) შემდეგ კაპიტალური შეკეთება არ მომხდარა ხაზის გაწყვეტამ და აფეთქებამ გამოიწვია აალება, რის შედეგადაც გე. რ-მა მიიღო სხეულის უნივერსალური დამწვრობა. იგი სასწრაფოდ გადაყვანილ იქნა დამწვრობის რესპუბლიკურ ცენტრში, ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება, მაგრამ მიღებული დაზიანების შედეგად იგი მეორე დღეს გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტზე 2000წ. 28 იანვარს თბილისის ნაძალადევის რაიონის პროკურატურაში აღძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებამ გე. რ-ის გარდაცვალება უბედურ შემთხვევად მიიჩნია, ხოლო საქმე წარმოებით შეწყდა.
ნ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოს სს “ე.-ი.-ე. თ.” წინააღმდეგ და მოითხოვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი და მცირეწლოვანი შვილი მომხდარი ტრაგედიის შედეგად იმყოფებიან მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, რადგან დაავადებულია მარჯვენა სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომით და აღენიშნება ნერვული სისტემის მოშლილობა. მძიმე მდგომარეობაშია აგრეთვე გარდაცვლილის მცირეწლოვანი ძმა, რომელიც ტრაგედიის თვითმხილველი გახდა, რამაც მისი ფიზიკური და სულიერი ტრავმა გამოიწვია.
მოსარჩელემ, აგრეთვე მიუთითა, რომ იგი არის ქვრივი, აქვს 14 ლარი პენსია, არის უკიდურესად გაჭირვებული. შვილის მკურნალობისათვის და შემდეგ დაკოძალვისათვის ისესხა თანხები, რომელიც დღემდე ვერ გაისტუმრა. მოვალეები აწუხებენ, რაც მის სულიერ ტანჯვას აძლიერებს. ვალი შეადგენს 10000 აშშ დოლარს.
მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა მორალური და მატერიალური ზიანის საკომპენსაციოდ 500000 ლარის გადახდა.
მოპრასუხემ შეპასუხებით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს სკ-ს 413-ე მუხლზე, ამ მუხლის I ნაწილის მოთხოვნა იყო არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სასამართლო ანაზღაურების სახით, ანუ ეს მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ ფულადი ანაზღაურება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში უნდა იქნეს მოთხოვნილი. ამ ნორმის მეორე ნაწილში აღნიშნულია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაუება არაქონებრივი ზიანისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში კი ადგილი ჰქონდა მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალებას და არა სხეულის დაზიანებას ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებას, როგორც ამას 413-ე მუხლი ითვალისწინებს.
შესაგებელში აგრეთვე აღნიშნულია, რომ კანონი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების უფლებას ცალსახად ანიჭებს მხოლოდ დაზარალებულს, ხოლო ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული გარდაცვლილია, მოსარჩელის 413-ე მუხლზე მითითება უსაფუძვლოა. მოპასუხემ მიუთითა, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემებით გ. რატიაშვილის გარდაცვალება არ არის გამოწვეული იმ მიზეზით, რასაც მოსარჩელე მიუთითებს.
მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ სკ-ს 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. კონკრეტულ შემთხვევაში გამოძიებამ ვერ დაადგინა “ე.-ი.-ე. თ.” ბრალი მომხდარ შემთხვევაში და საქმე წარმოებით შეწყდა.
მთავარ სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა. იგი სხდომაზე მოწვეული იყო კანონით დადგენილი წესით.
მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 28 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სს “ე.-ი.-ე.ს თ.” მოსარჩელეს სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის 10000 აშშ დოლარის და მორალური ზიანის 500000 ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 2500 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხის წარმომადგენელმა ი.ადეიშვილმა გაასაჩივრა და განმარტა, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მისი თვალის სნეულებათა დისპანსერში მკურნალობით 2001წ. 22 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე, რის გამოც ითხოვა საქმის წარმოების განახლება.
სასამართლომ 2002წ. 15 თებერვლის განჩინებით არ დააკმაყოფილა მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლის საჩივარი და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს მთავარი სხდომის შესახებ გაეგზავნა დეპეშა სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით იგი გაფრთხილებული იყო გამოუცხადებლობის შედეგებზე. 2001წ. 25 დეკემბერს 11 საათზე მთავარ სხდომაზე მოწვევის შესახებ დეპეშა სს “ე.-ი.-ე. თ.” ჩაბარდა 2001წ. 7 დეკემბერს. 20 დეკემბერს წარმოდგენილ ი. ა-ისათვის ცნობილი გახდა მთავარი სხდომის დღის შესახებ. მიუხედავად ამისა მან არ გააფრთხილა სასამართლო გამოუცხადებლობის შესახებ და არ ითხოვა სხდომის გადადება. სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ ი.ადეიშვილმა მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არ მიუთითა საცხოვრებელი ადგილი. კერძოდ რწმუნებულებაში მითითებულია მხოლოდ მარწმუნებლის იურიდიული მისამართი. მოპასუხემ არ გამოიყენა შესაძლებლობა მთავარ სხდომაზე გამოცხადებულიყო “ე.-ი.-ე. თ.” დირექტორი ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭებინა სხვა პირისთვის.
სს “ე.-ი.-ე. თ.” საკასაიცო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 241-ე მუხლი. აგრეთვე განმარტავს, რომ ი.ადეიშვილის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, რის გამოც ვერ შეძლო ვერც სასამართლოს გაფრთხილება და ვერც მარწმუნებლის, რათა იგი სხვა წარმომადგენელით შეეცვალა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას იმ საფუძვლით, რომ მაღალი ძაბვის კაბელის აფეთქებით გამოწვეული აალებით ჯერ დაიწვა და შემდეგ გარდაიცვალა მისი მცირეწლოვანი შვილი გ. რ-ი. უდავოა, რომ მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე.
სსკ-ს 230-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. პალატა მიუთითებს, რომ მხოლოდ მოპასუხის გამოუცხადებლობა არაა საკმარისი იმისათვის, რომ სასამართლომ სხვა გარემოებების შეუმოწმებლად მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. კერძოდ, მუხლის მე-2 ნაწილით სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასამართლო მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ნორმის ეს მოთხოვნა არ შეასრულა.
პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეიძლება სასამართლომ არ იმსჯელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნაზე (თუმცა სასურველია აღნიშნულ გარემოებაზე სასამართლომ მიუთითოს), მაგარმ იგულისხმება, რომ სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. საჩივრის განხილვისას სასამართლმო უნდა შეამოწმოს როგორც დაუსწრებლობის მიზეზები, ასევე ის გარემოება, რომ შეესაბამება თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მითითებული ნორმის მოთხოვნას. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ არ შეამოწმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ მიმართებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული განჩინება (როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა) უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად აამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, სკ-ს 1000-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. მოცემულ შემთზვევაში ზიანი დადგა მოსარჩელის მცირეწლოვანი შვილის მკურნალობის და დაკრძალვის ხარჯების სახით. აღნიშნულ გარემოებაზე სარჩელში მითითებულია და იგი იურიდიულად საფუძვლიანია. რაც შეეხება ზიანის ოდენობას იგი ფაქტობრივი გარემოებაა და 230-ე მუხლის პირველი ნაწილით დამტკიცებულად ითვლება.
პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლომ არ შეამოწმა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეესაბამება თუ არა სსკ-ს 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას, რის გამოც განჩინება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს. საქმის ხელახლა განხილვის დროს სასამართლომ უნდა განიხილოს სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 15 თებერვლის განჩინება ამავე სასამართლოს 2001წ. 25 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მორალური ზიანისათვის თანხის დაკისრების თაობაზე უცვლელად დატოვების ნაწილში გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის კოლეგიას. დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.