Facebook Twitter

საქმე # 820100123007313973

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №695აპ-24 ქ. თბილისი

ქ–ე მ., 695აპ-24 17 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 აპრილის განაჩენზე ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სამადაშვილის და მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ბ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. რ. ღ–ს – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

1.2. მ. მ–ს – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

1.3. მ. ქ–ს – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:

2023 წლის 4 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბ–ში, თ–ს დასახლების №..-ის მიმდებარედ, რ. ღ–ე, მ. ქ–ე და მ. მ–ე ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, აშკარად დაეუფლნენ მ. ლ–ს და ა. ს–ს კუთვნილ 5150 ლარის საერთო ღირებულების ელექტროსიგარეტის „აიქოსის“ მოწყობილობას, „iPhone 11“ მოდელის მობილურ ტელეფონს, „iPhone 11-pro max“ მოდელის მობილურ ტელეფონს, 200 აშშ დოლარსა და სხვა ნივთებს, რამაც მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 ივლისის განაჩენით:

3.1. რ. ღ–ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ'' ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

3.2. რ. ღ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. რ. ღ–ს, სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 6 მარტიდან;

3.4. მ. მ–ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ'' ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

3.5. მ. მ–ეე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. მ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 6 მარტიდან;

3.7. მ. ქ–ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ'' ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

3.8. მ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.9. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განაჩენით მ. ქ–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი;

3.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ქ–ს განესაზღვრა – 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.11. მ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 6 მარტიდან.

4. სასამართლომ დაადგინა:

რ. ღ–მ, მ. მ–მ და მ. ქ–მ, 2023 წლის 4 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბ–ში, თ–ს დასახლების №...-ის მიმდებარედ, ერთად, ჯგუფურად, მ.ლ–სა და ა. ს–ს უკანონოდ შეუზღუდეს ქმედების თავისუფლება. როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქიკურად აიძულებდენ კუთვნილი ტელეფონიდან წაეშალათ ფოტოსურათები და აღარასდროს დაბრუნებულიყვენ თ–ს დასახლებაში, ანუ აიძულებდენ ისეთ ქმედებას, რომლის შესრულება, ან შესრულებისაგან თავის შეკავება, მ. ლ–სისა და ა. ს–ს უფლება იყო.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ხელვაჩაურის რაიონული პროკურორის მოადგილემ რამაზ შავაძემ მოითხოვა ცვლილება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში და მ. ქ–ს, მ. მ–სა და რ. ღ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 აპრილის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენში შევიდა ცვლილება:

6.1. რ. ღ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

6.2. რ. ღ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6.3. რ. ღ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 6 მარტიდან;

6.4. მ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

6.5. მ. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6.6. მ. მ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან - 2023 წლის 6 მარტიდან;

6.7. მ. ქ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამევე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

6.8. მ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 18 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6.9. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ივნისის განაჩენით მ. ქ–ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი;

6.10. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ქ–ს განესაზღვრა – 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა;

6.11. მ. ქ–ს სასჯელის მოხდის ვადა უნდა აეთვალოს ამ განაჩენის საფუძველზე დაკავების მომენტიდან. მასვე, სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2023 წლის 6 მარტიდან 2023 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით.

7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

7.1. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვახტანგ სამადაშვილი ითხოვს მსჯავრდებულების – მ. ქ–ს, მ. მ–ს და რ. ღ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

7.2. მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი პ. ბ–სე ითხოვს მ. ქ–სათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის ნაწილი და საბოლოოდ დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაეთვალოს პირობითად საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ: ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულების – მ. ქ–ს, მ. მ–ს და რ. ღ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი პ. ბ–ე მსჯავრდებულ მ. ქ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება რ. ღ–ს, მ. მ–ეისა და მ. ქ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც რ. ღ–ს, მ. მ–სა და მ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულებმა მ. ლ–ს და ა. ს–მ მოწმის სახით ჩვენების მიცემისას მიუთითეს, რომ მსჯავრდებულები მათ სთხოვდნენ ტელეფონიდან წაეშალათ დაფიქსირებული ლოკაციები, ასევე მათთვის გადაეცათ ნარკოტიკული საშუალებები. მ. ქ–მ, მ. მ–მ და რ. ღ–მ ორივე დაზარალებულს ჩამოართვეს მობილური ტელეფონები, „აიქოსის“ მოწყობილობა, კატა გალიით და 200 აშშ დოლარი. გარდა ამისა, ისინი დაზარალებულებისგან ითხოვდნენ, რომ თ-ს უბანში მეტჯერ აღარ მისულიყვნენ. მათივე ჩვენებებით, ტელეფონები, „აიქოსის“ მოწყობილობა, კატა გალიით მალევე დაუბრუნეს.

13. შემთხვევის თვითმხილველ მოწმეთა: თ. ი–ს, თ. ა–ს, ა. ჩ–ს, მ. ნ–ს, ქ. ნ–ს და კ. მ–ს ჩვენებებით დგინდება, რომ მ. ქ–მ, მ. მ–მ და რ. ღ–მ დაზარალებულებს წაართვეს მობილური ტელეფონები, წააშლევინეს გადაღებული ფოტოები და შენახული ლოკაციები, შემდეგ კი დაუბრუნეს, ასევე გააფრთხილეს, რომ თ-ს უბანში სხვა დროს აღარ მისულიყვნენ.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს დაზარალებულთა ჩვენების გარდა, სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათთვის ფულის ან/და რაიმე სხვა ნივთის წართმევის ფაქტს, არ წარმოუდგენია. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს თ. ი–ს, თ. ა–ს, კ. მ–ს და ა. ჩ–ს ჩვენებების იმ ნაწილს, რომლითაც ცალსახად დგინდება, რომ დაზარალებულები ითხოვდნენ ტელეფონების დაბრუნებას და მათ ფულის და სხვა ნივთების წართმევაზე არაფერი უთქვამთ.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ. ქ–ს, მ. მ–ს და რ. ღ–ს ქმედებებში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის – ძარცვის, ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი – სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას.

16. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს მიზნით დაფუძნებული პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ქმედებისთვის, როდესაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი (ზემოქმედება დაზარალებულის ნების თავისუფლებაზე) და სურს დაზარალებულის ნებაზე ზემოქმედებით მისთვის სასურველი შედეგის მიღწევა. შესაბამისად, ძალადობა უკავშირდება და მიმართულია დაზარალებულის იძულებისაკენ განახორციელოს/უარი თქვას თავისი უფლების რეალიზებაზე. ამდენად, ქმედების საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის, ძალადობა მიზნად უნდა ისახავდეს და მიმართული იყოს დაზარალებულის ქმედების და ნების თავისუფლების შეზღუდვისკენ და მისი იძულებისკენ განახორციელოს/თავი შეიკავოს თავისი უფლების რეალიზებისგან. შესაბამისად, ქმედების საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია ძალადობის მიზნის მკაფიოდ განსაზღვრა.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თავად დაზარალებულების ჩვენებით მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულები მათგან მოითხოვდნენ ტელეფონიდან წაეშალათ ფოტოები და დაფიქსირებული ლოკაციები, ასევე მათთვის გადაეცათ ნარკოტიკული საშუალებები. თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ მ. ქ–მ, მ. მ–მ და რ. ღ–მ დაზარალებულებს წაართვეს მობილური ტელეფონები, წააშლევინეს გადაღებული ფოტოები და შენახული ლოკაციები, შემდეგ კი დაუბრუნეს ტელეფონები, ასევე გააფრთხილეს, რომ თ-ს უბანში სხვა დროს აღარ მისულიყვნენ. შესაბამისად, როგორც თავად მსჯავრდებულთა, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ მსჯავრდებულთა მიერ დაზარალებულთათვის ტელეფონების წართმევა მიზნად ისახავდა აღნიშნული ქმედების (მასში არსებული ინფორმაციის წაშლას) იძულებას.

18. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას მ. ქ–ს, მ. მ–ს და რ. ღ–ს ქმედებების საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციის შესახებ, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ რ. ღ–მ, მ. მ–მ და მ. ქ–მ, 2023 წლის 4 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ბ–ში, თ–ს დასახლების №..-ის მიმდებარედ, ერთად, ჯგუფურად, მ. ლ–სა და ა. ს–ს უკანონოდ შეუზღუდეს ქმედების თავისუფლება. როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქიკურად აიძულეს კუთვნილი ტელეფონიდან წაეშალათ ფოტოსურათები, მოსთხოვეს არასდროს დაბრუნებულიყვნენ თ-ს დასახლებაში.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

20. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, რის გამოც ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

21. იმავდროულად, მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. ბ–ს საკასაციო საჩივართან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

21.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 44-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ადვოკატს უფლება არა აქვს ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი.

21.2. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე მათ შორის მ. ქ–ის მიმართ განიხილა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა (საქართველოს სსკ-ის მე-17 და 58-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით დაუნიშნა უფრო მკაცრი სასჯელი) მსჯავრდებულის მონაწილოების გარეშე (იხ.: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 აპრილის სხდომის ოქმი – ტ. 6, ს.ფ. 29-32). იმავდროულად, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის თანხმობას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საკასაციო წესით ადვოკატის მიერ გასაჩივრებაზე, ასევე – სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მოთხოვნა, საკასაციო საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვის თაობაზე.

22. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ადვოკატისათვის საკასაციო საჩივრის დამოუკიდებლად შეტანის უფლების მინიჭება, ასევე - მსჯავრდებულის მოთხოვნა, საკასაციო საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს/განიხილოს ადვოკატ პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024წლის 24 აპრილის განჩინება საქმეზე N 414აპ-24).

22.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ აღნიშნული დაცვის მხარე კასატორს არ ართმევს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024წლის 23 აპრილის გასაჩივრების შესაძლებლობას საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების დადგომისას - მ. ქ–ს დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში.

23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300, 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ სამადაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. მსჯავრდებულ მ. ქ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – პ. ბ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი