Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-571-02 3 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოდ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: მემკვიდრედ ცნობა სადავო საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილზე (სარჩელში); სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ავ. და ნ. ფ-ძეები ძმები არიან. ავ. ფ-ძე ცხოვრობს წყალტუბოს რაიონის სოფ... მათი მამა – ა. ფ-ძე გარდაიცვალა 1995 წელს, დედა – ბ. ძ-ძე-ფ-ძე 1997წ. აპრილში. ა. ფ-ძემ 2000 წლის ნოემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. ფ-ძის მიმართ და მოითხოვა წყალტუბოს რაიონის სოფ. ... მდებარე სამკვიდრო საცხოვრებელი სახლის ნაწილის მიკუთვნება.

ნ. ფ-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა ავ. ფ-ძის და წყალტუბოს ტექბიუროს მიმართ მოითხოვა წყალტუბოს რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობა, რადგან იგი მის მიერ არის აშენებული და სამკვიდრო ქონებას არ წარმოადგენს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ავ. ფ-ძის სარჩელი: იგი ცნობილ იქნა წყალტუბოს რაიონის სოფ. ... მდებარე, აწ გარდაცვლილი ბ. ფ-ძის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ½ ნაწილის მემკვიდრედ.

ნ. ფ-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-ძემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 7 თებერვლის განჩინებით არ დააკმაყოფილა ნ. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დატოვა მოცემულ საქმეზე წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სამკვიდრო გაიხსნა ბ. ფ-ძის გარდაცვალების შემდეგ – 1997წ. 12 აპრილს. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი მშობლების სიცოცხლეში, 1978-1979 წლებში, აშენებულია ნ. ფ-ძის სახსრებით, მაგრამ წყალტუბოს ტექბიუროს მიერ გაცემული ცნობის მიხედვით სადავო საცხოვრებელი სახლი ირიცხება აწ გარდაცვლილი ბ. ფ-ძის სახელზე, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა. და ბ. ფ-ძეების ოჯახი საკომლო მეურნეობას წარმოადგენს. ბ. ფ-ძე კომლის უკანასკნელი წევრი იყო, ამიტომ სკ-ს 569-ე მუხლის თანახმად საკოლმეურნეო კომლში მემკვიდრეობა იხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალებისას. იმავე კოდექსის 544-ე მუხლის საფუძველზე კი სამკვიდროს დამტოვებლის შვილებს წარმოეშობათ სამკვიდრო ქონების მიღების უფლება. სკ-ს 556-ე მუხლის თანახმად კი სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ. ფ-ძის გარდაცვალების დღიდან მის დანაშთ ქონებას ფლობენ შვილები – ავ. და ნ. ფ-ძეები. ხოლო ბ. ფ-ძის შვილებს – კ., გ. და შ. ფ-ძეებს კი პრეტენზია სამკვიდრო ქონების მიმართ არ გააჩნიათ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ავ. და ნ. ფ-ძეები მშობლების სიცოცხლეში ჩაწერილები არ იყვნენ სოფ. ..., ისინი ძირითადად ქალაქში ცხოვრობდნენ და კომლის წევრებს არ წარმოადგენდნენ, არ გააჩნდათ რაიმე საკუთრება კომლის ქონებიდან, ამიტომ მათ მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სსკ-ს 123-ე მუხლი, რომლის თანახმად კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. ნ. ფ-ძეს მშობლების სიცოცხლეში სადავოდ არ გაუხდია თავისი საკუთრების უფლება საცხოვრებელ სახლზე იმის მიუხედავად, რომ ავ. ფ-ძეც ამ სახლში ცხოვრობდა. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ ნ. ფ-ძე დარღვეულად არ თვლიდა თავის უფლებას ორი ათეული წლის განმავლობაში. ტექაღრიცხვის ტერიტორიულმა სამსახურმა კანონის დარღვევით არ აღრიცხა სადავო საცხოვრებელი სახლი აწ გარდაცვლილ ბ. ფ-ძის სახელზე. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 16 მარტის ¹56 დადგენილებით ცვლილებები იქნა შეტანილი მინისტრთა საბჭოს 1983წ. 23 დეკემბრის ¹806 დადგენილებაში, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა თვითნებურად აშენებული საცხოვრებელი სახლების სამართლებრივი რეგისტრაცია. ამასთან უფლებრივი რეგისტრაცია საჭიროა იწარმოოს მენაშენეზე იმ შემთხვევაში, თუკი იგი გარდაიცვალა, მემკვიდრეებმა კი იგი უნდა გაიფორმონ დადგენილი წესით.

პალატამ ჩათვალა, რომ ვინაიდან საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ძველი საცხოვრებელი სახლი, რომლის სანაცვლოდაც აიგო ახალი საცხოვრებელი სახლი, ირიცხებოდა ა. და ბ. ფ-ძეების კომლის სახელზე, ამიტომ სწორად აღირიცხა სადავო საცხოვრებელი სახლი კომლის უკანასკნელი წევრის ბ. ფ-ძის, სახელზე. სასამართლომ არ გაიზიარა ნ. ფ-ძის მითითება იმის შესახებ, რომ სკ-ს მე-11 მუხლის თანახმად პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი უფლებაუნარიანობა წყდება და არ შეიძლებოდა სახლის გარდაცვლილზე აღრიცხვა 2000წ. 25 აგვისტოსათვის.

ნ. ფ-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სადავო საცხოვრებელ სახლზე მესაკუთრედ ცნობა.

საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ კომლის ბოლო წევრის – ბ. ფ-ძის გარდაცვალების დროისათვის არც საკომლო წიგნში და არც წყალტუბოს რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის აღრიცხვის ბიუროში სადავო საცხოვრებელი სახლი მის სახელზე არ ირიცხებოდა. სადავო საცხოვრებელი სახლი იმ დროისათვის უნებართვოდ აგებულ ნაგებობას წარმოადგენდა, იგი მხოლოდ 2000წ. 25 აგვისტოს აღირიცხა ბ. ფ-ძის საკუთრებაში. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლი და არ გამოიყენა “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 54-ე და 56-ე მუხლები. 2000წ. 25 აგვისტოსათვის უკვე მოქმედებდა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 1999წ. 20 ივნისის ¹47 ბრძანება ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ. ამ დებულების მეორე თავის მე-5 ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად სახლის საკუთრებად რეგისტრაციისათვის სავალდებულო იყო, ა. ფ-ძეს წარედგინა დოკუმენტაცია მესაკუთრეთა ვინაობის შესახებ, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა აღნიშნული დებულება, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სადავო საცხოვრებელი სახლის, მიწის, ელექტროენერგიის და ყველა სახის გადასახადი გადახდილია არა ბ. ფ-ძის, არამედ ნ. ფ-ძის მიერ. სადავო საცხოვრებელი სახლი კომლის საკუთრებას არ წარმოადგენდა.

სამოტივაციო ნაწილი: M

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ა. და ბ. ფ-ძეები ცხოვრობდნენ წყალტუბოს რაიონის სოფ. ... მათ სიცოცხლეში 1978-79 წლებში შვილმა – ნ. ფ-ძემ საკუთარი სახსრებით ააშენა მშობლების სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე ახალი, სადავო საცხოვრებელი სახლი, რომელიც კასატორის სახელზე არ აღრიცხულა. საქმეში წარმოდგენილია რაიონის თემის საკრებულოს ცნობა იმის შესახებ, რომ ა. ფ-ძე იყო სოფ. ... ძირითადი კომლის უფროსი, კომლი ფლობდა ხის საცხოვრებელ სახლს, მიწის ნაკვეთს და პირუტყვს. 1978 წლიდან კომლის ქონებად აღირიცხა ახალი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, რომელიც საკრებულოს ტერიტორიაზე პასპორტიზაციის ჩაუტარებლობის გამო არ იყო დაკანონებული.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ნ. ფ-ძის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ვინაიდან სადავო საცხოვრებელი სახლი ბ. ფ-ძის გარდაცვალების დროისათვის – 1997წ. აპრილში – არ ირიცხებოდა მის საკუთრებაში ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, ამიტომ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამკვიდრო ქონებად. რადგან ზემოაღნიშნული ცნობის თანახმად სადავო საცხოვრებელი სახლი 1978 წლიდან კომლის ქონებად იყო აღრიცხული. გარდა ამისა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით სოფლად მდებარე შენობა-ნაგებობები აღირიცხებოდა სოფლის საკრებულოში (სასოფლო საბჭოს აღმასკომში) და არა ტექინვენტარიზაციის ბიუროში.

სკ-ს 150-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და ნ. ფ-ძის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ფ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 თებერვლის განჩინება.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.