Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-572-02 13 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. თ-ე-დ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შ. ხ-ის გამოსახლება ქ. ქუთაისში, ... მდებარე ბინიდან შემდეგი საფუძვლით: აღნიშნული ბინა საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ი. თ-ეზე, რომელიც გარდაიცვალა 1955 წელს. მისმა მემკვიდრემ თ. თ-ე-ტ-მა აღიდგინა მემკვიდრეობა 1999წ. 16 მარტს და ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად თავისი წილი მიჰყიდა მოსარჩელეს. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხე აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს ყოველგვარი იურიდიული საფუძვლის გარეშე.

ნ. ხ-ე-ფ-ემ შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში და განაცხადა, რომ მას გააჩნია სახლის ¼1/4-ზე სარგებლობის უფლება და შ. ხ-ეს, როგორც თავის ბიძაშვილს, მისმა მეუღლემ გ. ფ-ემ ნებართვა მისცა, დაეკავებინა სადავო ფართი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. თ-ე-დ-ის სარჩელი შ. ხ-ის გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა ნ. ხ-ე-ფ-ის შეგებებული სარჩელი. 1954წ. 13 აგვისტოს და 14 სექტემბერს შ. თ-ესა და ა. მ-ეს შორის სახლის ნასყიდობის გარიგება ცნობილ იქნა დადებულად ქ. ქუთაისში, ... მდებარე სახლის ¼1/4 ნაწილზე, გაუქმდა ქუთაისის სანოტარო ბიუროს მიერ 1999წ. 19 მარტს თ. ტ-ის სახელზე გაცემული სამემკვიდრეო მოწმობა და ქუთაისის სანოტარო ბიუროს მიერ 1999წ. 22 მარტს დადასტურებული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო თ. ტ-სა და დ. ტ-ს შორის ქ. თბილისში, ... მდებარე სახლის 1/4 ნაწილის თაობაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები შეიტანეს დ. თ-ე-დ-ემ და თ. ტ-მა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. თ-ე-დ-ისა და თ. ტ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილება. შ. ხ-ე მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდნენ ქ. ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი ოთახებიდან, 21,27 კვ.მ., დამხმარე სათავსებიდან და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა დ. თ-ე-დ-ეს. ნ. ხ-ე-ფ-ის შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ხ-ის მფლობელობა სადავო სახლის ნაწილზე ხორციელდებოდა არამართლზომიერად მის განკარგვაზე არაუფლებამოსილი პირის ნებართვით. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია დ. თ-ე-დ-ისა და თ. ტ-ის სააპელაციო მოთხოვნის სამართლიანობა, იურიდიულად დაუსაბუთებლად მიიჩნია 1999წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ნ. ხ-ე-ფ-ემ და შ. ხ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 1954წ. 13 აგვისტოსა და 14 სექტემბრის ნასყიდობის გარიგების დადებულად ცნობა, დ. თ-ე-დ-ის სარჩელზე შ. ხ-ის სადავო ბინიდან გამოსახლების თაობაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 18 მაისის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს 2000წ. 9 თებერვლის განჩინება უცვლელი დარჩა იმ ცვლილებით, რომ გარიგების დადებულად ცნობის საკითხზე მსჯელობისას გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან ამოირიცხა მითითება: “სამოქალაქო სამართლის კოდექსის 47-ე მუხლზე 1964წ. რედაქციით”.

ამის შემდეგ ნ. ხ-ე-ფ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. ნ. ხ-ე-ფ-ე ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარება ისეთ დოკუმენტს, რომლის სიყალბე დადგენილია საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ და რომელიც ნათელა ხ-ე-ფ-ეს ეცნობა 2001წ. 22 სექტემბერს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ე-ფ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს 2001წ. 4 სექტემბრის წერილი ქ. ქუთაისის უქიმერიონის მუნიციპალიტეტის 1999წ. 17 მარტის ¹420 ცნობის ყალბად ცნობის შესახებ არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი. საოლქო სასამართლოს 1999წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ ეყრდნობა მხოლოდ ოქიმერონის მუნიციპალიტეტის 1999წ. 24 სექტემბრის ¹126 ცნობას. თ. ტ-ის მიერ სამკვიდროს ფლობის ფაქტი დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებითაც.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ხ-ე-ფ-ემ,M რომლითაც მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლის მიერ, რომელიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდა, კერძოდ, მოსამართლე ი. შ-ე თავმჯდომარეობდა 2000წ. 9 თებერვალს ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის შემადგენლობას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოუყენებია სსკ-ს 279-ე მუხლის “დ” პუნქტი, რომლის შესაბამისად სასამართლოს უნდა შეეჩერებინა საქმის წარმოება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: განმცხადებელი თავის განცხადებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო ყალბ დოკუმენტებს, კერძოდ, ქ. ქუთაისის უქიმერიონის მუნიციპალიტეტის მიერ 1999წ. 17 მარტის ¹420 და ¹126 ცნობას. ცნობის სიყალბე დადასტურებულია საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ.

სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად “ა” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით.

სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს 2001წ. 4 სექტემბრის წერილი არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან მოცემულ შემთხვევაში სსკ-ს 423-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს დოკუმენტის სიყალბის შესახებ კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით.

სსკ-ს 423-ე მუხლის “ვ” პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად, თუ საქმის განხილვის დროს მათი წარდგენის შემთხვევაში გამოვიდოდა განმცხადებლის ხელსაყრელი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში 1999წ. ¹420 ცნობის სიყალბე კანონით დადგენილი წესითაც რომ ყოფილიყო დადასტურებული, იგი მაინც ვერ გახდებოდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000 წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების საფუძველი, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეყრდნობა მხოლოდ უქიმერიონის მუნიციპალიტეტის 1999წ. ¹420 ცნობას. თ. ტ-ის მიერ სამკვიდროს ფლობის ფაქტი დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებითაც.

პალატა ვერ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უკანონოდ უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან მოსამართლე შ-ე თავმჯდომარეობდა 2000წ. 9 თებერვალს ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი განსაზღვრავს საქმის განხილვაში მოსამართლის განმეორებითი მონაწილეობის დაუშვებლობას. აღნიშნული მუხლით არ არის განსაზღვრული მოსამართლის მონაწილეობის დაუშვებლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვისას.

ამდენად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ხ-ე-ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.