გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-576-02 10 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (სარჩელში). ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
რ. კ-ინის საკუთრებას წარმოადგენს ქ. თბილისში, …... მდებარე საცხოვრებელი სახლი. მან 2001წ. მარტში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ი. და ხ. დ-უების მიმართ და მოითხოვა მათი უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი საცხოვრებელი ოთახის გამოთავისუფლება. ი. და ხ. დ-უებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე რ. კ-ინის მიმართ და მოითხოვეს მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ¹3 ოთახზე თანამესაკუთრედ ცნობა, რადგან მათ ბებიას, ე. მ-შვილს, ე.წ. დათმობის წესით ჰქონდა ნაყიდი ეს ოთახი. ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 ივნისის გადაწყვეტილებით რ. კ-ინის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს, ი. და ხ. დ-უებს, დაევალათ ქ.თბილისში ... მდებარე რ. კ-ინის ბინიდან, საცხოვრებელი სახლის ¹3 ოთახიდან აწ. გარდაცვლილი ე. მ-შვილის ნივთების გატანა და აღნიშნული ოთახის თავისუფალი სახით მოსარჩელისათვის ჩაბარება. მოპასუხეების შეგებებული სარჩელი ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ¹3 ოთახზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. და ხ. დ-უებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 16 იანვრის განჩინებით არ დააკმაყოფილა მოცემულ საქმეზე ი. და ხ. დ-უების სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე რ. კ-ინს, როგორც სადავო სახლის მესაკუთრეს, უფლება აქვს, უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს კუთვნილი ქონება. ხ. და ი. დ-უები არ შეიძლება ცნობილ იქნენ სადავო ¹3 საცხოვრებელი ოთახის მესაკუთრეებად, რადგან მათი ბებია _ ე. მ-შვილი _ არ წარმოადგენდა ამ ოთახის მესაკუთრეს; მას ეს ოთახი გადასცა ე. ს-ოვამ ე.წ. დათმობის წესით, ე. ს-ოვა კი არ წარმოადგენდა სადავო ბინის მესაკუთრეს.
ხ. და ი. დ-უებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვეს მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე პალატისათვის. საკასაციო საჩივრის მოტივებს წარმოადგენს შემდეგი:
რ. კ-ინის დედა _ ა. კ-ინი _ მცხოვრები ..., მობინადრეების მალულად მესაკუთრედ გატარდა საჯარო რეესტრში. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კასატორების ბებია _ ე. მ-შვილი 30 წელზე მეტია ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ ოთახში; სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გამოიყენა კანონი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით ირკვევა, რ. კ-ინის საკუთრებაში აღრიცხულია ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას იმის შესახებ, რომ მათ ბებიას, ე. მ-შვილს, ნაყიდი ჰქონდა სადავო ¹3 ოთახი და იგი წარმოადგენდა ამ ოთახის მესაკუთრეს, რადგან აღნიშნული საქმის მასალებით და თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვისა და საჯარო სამსახურის ცნობით არ დასტურდება. სკ-ს 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო სახლთმფლობელობა საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე რ. კ-ინის სახელზე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ე. მ-შვილსა და ე. ს-ოვას შორის საცხოვრებელი სახლით სარგებლობის დათმობის ხელშეკრულების არსებობა. პალატამ იქვე მიუთითა, რომ აპელანტებს ასეთი წერილობითი გარიგება რომც წარმოედგინათ, იგი ვერ გამოიწვევდა მათთვის ხელსაყრელ შედეგს, რადგან ე. ს-ოვა არ წარმოადგენდა სადავო ბინის მესაკუთრეს. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ხ. და ი. დ-უებს არ წარმოუდგენიათ ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა მიჩნეული, რომ ქ.თბილისში ... მდებარე სახლის მესაკუთრე რ. კ-ინია. კასატორებს ხ. და ი. დ-უებს სადავო ¹3 საცხოვრებელი ოთახი ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აქვთ დაკავებული, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 172-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად კასატორებმა როგორც არაკეთილსინდისიერმა მფლობელებმა, მესაკუთრეს უნდა გამოუთავისუფლონ (დაუბრუნონ) სადავო ოთახი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. და ხ. დ-უების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 იანვრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.