გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-577-02 26 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 26 თებერვალს რ. ა-მა სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ა. და ე. ი-ების წინააღმდეგ და მოითხოვა იჯარის ხელშეკრულებით მისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის მოპასუხეთა მფლობელობიდან გამოთხოვა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. ა-ის სარჩელი და მოპასუხეებს დაეკისრათ სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელისათვის დაბრუნება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. და ე. ი-ებმა და მოითხოვეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტებმა მიუთითეს, რომ მათ აღნიშნული ფართობი იჯარით აიღეს თ. კ-ისაგან, რომელიც წარმოადგენდა ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და აქედან გამომდინარე ისინი არ იყვნენ უკანონო მფლობელები, ხოლო სასამართლომ კი აღნიშნული გარემოება არ შეაფასა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. და ე. ი-ების სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ფართობი მოპასუხეებმა იჯარის ხელშეკრულებით აიღეს ვინმე თ. კ-ისაგან, ხოლო რაიონის გამგეობის განმარტებით კი დგინდება, რომ აღნიშნული ფართობი არის სახელმწიფო საკუთრება და 1997წ. 25 მარტის აუქციონის საფუძველზე თ. კ-ეს მიმაგრებული ჰქონდა დროებით სარგებლობაში, აქედან გამომდინარე იგი არ იყო უფლებამოსილი იჯარით გაეცა სადავო მიწის ნაკვეთი.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. და ე. ი-ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინებისა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოებით შეწყვეტა.
კასატორებმა მიუთითეს, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის შეტანის აბსოლუტური საფუძვლები განჩინების იურიდიულად დაუსაბუთებლობის გამო. კასატორები აღნიშნავენ, რომ ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო რა რ. ახმადოვის სარჩელი, არ გაარკვია, იყვნენ თუ არა ა. და ე. ი-ები სათანადო მოპასუხეები. ბოლნისის რაიონის გამგეობის 2001წ. 20 მარტის ¹18 დადგენილების მე-6 პუნქტით მიწის ნაკვეთი, რაზეც დაიდო იჯარის ხელშეკრულება, უნდა ყოფილიყო 1,6 ჰა, რომელიც არ შედგებოდა ა. და ე. ი-ების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთისაგან. კასატორების აზრით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობამ 2001წ. 19 ივნისის ¹64 დადგენილებით ი-ებს გადასცა 0,3 ჰა მიწის ფართი, რითაც დადასტურდა კასატორების მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის კანონიერი სარგებლობა. კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და გამგეობის გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა იმ მოტივით, რომ გამგეობის გადაწყვეტილება მიღებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ა. და ე. ი-ების აზრით, ვინაიდან მიწის იჯარით გაცემა რაიონის გამგეობის უფლებამოსილებას წარმოადგენს, ამიტომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული დავა უწყებრივად ამავე ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინება არ არის იურიდიულად დასაბუთებული:
სააპელაციო პალატის განჩინების მიხედვით, დასტურდება, რომ რ. ა-ზე გადაცემულ მიწის ნაკვეთში შედის ამჟამად ი-ების მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი. Aამასთან, პალატა არ მიუთითებს, თუ რით დასტურდება აღნიშნული გარემოებები.
საქმეში წარმოდგენილია სოფლის საკრებულოს 2001წ. 1 თებერვლის აქტი, სადაც მითითებულია, რომ ფერმის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად შეადგენს 1,9 ჰ-ს, აქედან 1,6 ფლობს რ. ა-ი, ხოლო დარჩენილი 0,3 ჰ-ს ფლობენ ი-ები.
საქმეში ასევე წარმოდგენილია 2001წ. 6 დეკემბრის აქტი, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული ტერიტორიის ფართი შეადგენს 2200 კვ.მ-ს.
აპელანტები სააპელაციო საჩივარში მიუთითებენ, რომ რასიმ ა-ს გამგეობის დადგენილებით გამოყოფილი ფართი 1,6 ჰ. მიღებული აქვს.
სასამართლოს აღნიშნული სადაო საკითხები არ გაურკვევია. როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლო, იმის დასადასტურებლად, რომ ხელშეკრულებით მიწის მიზომვის დროს 1,9 ჰაში შევიდა იმავე სოფელში მცხოვრები ზ. გ-ის 0,23 ჰა, მიუთითებენ ,,საქმეზე დართულ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹53-ე აქტზე”, რომელიც საქმეში არ მოიპოვება. აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998წ. 20 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცებულია სახელმწიფო საკუთერებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის ხელშეკრულების ტიპიური ფორმა. Aაღნიშნული ფორმით არის დადებული ბოლნისის რაიონის გამგეობასა და რ. ა-ს შორის არსებული მიწის იჯარის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად მოიჯარე იჯარით იღებს მიწის ნაკვეთს გეგმის, ექსპლიკაციისა და იჯარის ობიექტის აღწერილობის ოქმის შესაბამისად. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად იჯარის ობიექტი მოიჯარეს გადაეცემა ხელშეკრულების რეგისტრაციიდან 10 დღის განმავლობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 595-ე მუხლის თანახმად მეიჯარემ საიჯარო ქონება მოიჯარეს უნდა გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის ვარგის მდგომარეობაში.
აღნიშნული ნორმების თანახმად მეიჯარე ვალდებულია გადასცეს მიწა მოიჯარეს.
მოცემულ შემთვევაში გამგეობა ვალდებული იყო გადაეცა ა-ისათვის იჯარით გაცემული მიწა.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ დავაზე მოპასუხედ ჩართული უნდა იყოს ბოლნისის რაიონოს გამგეობა და მან უნდა აგოს პასუხი სარჩელზე, რომ მოპასუხეს გადაეცეს იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონება. რაიონის გამგეობაა პასუხისმგებელი, რომ მოიჯარეს გადაეცეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ნივთი და აღიკვეთოს ამ ნივთზე სხვა პირთა უკანონო ზემოქმედება, თუ ასეთს ადგილი აქვს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 27 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.