გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-225-215(კ-06) 21 ივნისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ვაჩაძე (მომხსენებელი)
ნ. სხირტლაძე‚
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: სანივთე ქონების კომპენსაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 5 აპრილს ლ. ა-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს მიმართ და ანაზღაურების 941,58 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, იგი თავდაცვის სამინისტროსი მუშაობდა 1995 წლიდან 2005წ. 19 თებერვლამდე, ხოლო შეიარაღებული ძალების რიგებიდან გათავისუფლდა «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. თავდაცვის სამინისტროს გააჩნდა მოსარჩელის დავალიანება, კერძოდ: სანივთე ქონების კომპენსაცია _ 731,38 ლარი და 2005წ. კუთვნილი შვებულების ხელფასი _ 210,2 ლარი, სულ _ 941,58 ლარი, რაც მისთვის უნდა აენაზღაურებინა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წ. 14 აპრილის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაება ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს (თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს უფლებამონაცვლე) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ა-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სანივთე ქონების კომპენსაციის სახით 731,38 ლარის გადახდა; ლ. ა-ს უარი ეთქვა მოპასუხისათვის საშვებულებო თანხის _ 210,2 ლარის გადახდის დაკისრებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სანივთე ქონების კომპენსაციის გადახდის დაკისრების ნაწილში და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე მოსარჩელისთვის უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 6 მარტის განჩინებით თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005წ. 19 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში იყო თავდაცვის სამინისტროს 06320 სამხედრო ნაწილის 2005წ. 11 მარტის ¹15 ცნობა, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე ლ. ა-ს მიუღებელი ჰქონდა 2002-2003-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია 731,38 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში არ იყო ხანდაზმული, რადგან სკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა 2005წ. 11 მარტის ¹15 ცნობის გაცემით, რითაც აღიარებულ იქნა სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების _ 731,38 ლარის არსებობა, ხოლო შესაბამისი ბიუჯეტის დაუფინანსებლობა არ წარმოადგენდა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 6 მარტის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, ვინაიდან «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მე-12 მუხლის დათქმა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე და მას საქართველოს კანომდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ეხება მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს და არა რეზერვისტს, ან გადამდგარ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც აღარ ესაჭიროება სამხედრო ფორმის ტანსაცმელი.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული 2005წ. 11 მარტის ¹15 ცნობა სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების თაობაზე, საინფორმაციო ხასიათისაა და ვალის აღიარებად არ შეიძლება ჩაითვალოს, ამასთან, ლ. ა-ს არ წარუდგენია სასამართლოსთვის სანივთე ქონების შეძენისა და გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 18 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006წ. 18 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006წ. 31 მაისამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ლ. ა-ა თავდაცვის სამინისტროსი მუშაობდა 1995 წლიდან 2005წ. 19 თებერვლამდე, ხოლო შეიარაღებული ძალების რიგებიდან გათავისუფლდა «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო. 2005წ. 11 მარტს თავდაცვის სამინისტროს 06320 სამხედრო ნაწილმა მოსარჩელეზე გასცა ¹15 ცნობა, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე ლ. ა-ს მისაღები დარჩა 2002-2003-2004 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია 731,38 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, მართალია, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორი განჩინება მიიღო მოცემულ საქმეზე და მართებულად უთხრა უარი თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, მაგრამ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნულ საჩივარზე უარის თქმის საფუძველს, ანუ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, ვინაიდან აღნიშნული დასაბუთება ფაქტობრივად არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას მოცემული კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილებების დასაბუთებასთან მიმართებაში.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის არახანდაზმულობისა და საფუძვლიანობის დასაბუთებას სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების _ 731,38 ლარის არსებობის აღიარების თაობაზე 2005წ. 11 მარტის ¹15 ცნობის გაცემის შედეგად, სკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტაზე მითითებით.
სკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა და ვალდებულ პირს _ თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირის _ ლ. ა-ს წინაშე არც პროცენტის ან ავანსის გადახდით, არც გარანტიის გაცემით არ უღიარებია 2002-2003-2004 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება, თუმცა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მოცემული საქმისათვის.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული 2005წ. 11 მარტის ¹15 ცნობა სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების თაობაზე საინფორმაციო ხასიათისაა და ვალის აღიარებად არ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ კასატორის ეს მოსაზრება მოცემულ შემთხვევაში ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ამ საქმის გადაწყვეტაზე და ვერ დააფუძნებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, ვინაიდან «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მე-12 მუხლის დათქმა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე და მას საქართველოს კანომდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ეხება მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს და არა რეზერვისტს, ან გადამდგარ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც აღარ ესაჭიროება სამხედრო ფორმის ტანსაცმელი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს და კასატორის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ ლ. ა-ა მოითხოვს 2002-2003-2004 წლების სანივთე ქონების კომპენსაციას, რაც სამართლებრივად პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს, მის მიერ სარჩელი კი აღძრულია 2005 წელს, ანუ სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის ფარგლებში. ამიტომ, ლ. ა-ს სარჩელის საფუძვლიანობის მატერიალური დეტერმინირება და შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინების დასაბუთება უნდა მოხდეს მოსარჩელის მიერ სკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დაცვის და არა მოპასუხის მიერ ვალის აღიარებით ხსენებული ვადის შეწყვეტის მოტივით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სარჩელის დაკმაყოფილების სულ სხვა საფუძველზე და არა იმაზე, რომელზეც უნდა დაემყარებინა თავისი მოტივაცია და მოცემულ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ სკ-ის 137-ე მუხლის გამოყენების საჭიროება, თუმცა მისი გამოყენება ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს საკმარის სამართლებრივ საფუძველს საპროცესო სკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლის არსებობისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე არსებითად (საქმის შედეგის მიხედვით) სწორი განჩინების მიღების გამო.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საპროცესო სკ-ის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 6 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.