გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-580-02 10 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის დაბრუნება; 2. თანხის დაკისრება; 3. მიუღებელი შემოსავლის დაკისრება, დანგრეული კედლის აღდგენა ან მისი აღდგენისთვის საჭირო თანხის გადახდა; 4. თანხის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. მ-ძემ, გ. მ-შვილმა, დ. პ-შვილმა, მ. ბ-შვილმა და ც. ხ-იანმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის მიმართ და მოითხოვეს ხელშეკრულების დარღვევის შედეგად გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურება იმ მოტივით, რომ მათ წარმომადგენელ ლ. მ-ძესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა მუხრანის სავაჭრო ცენტრის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველი ვალდებული იყო, შენობა ხელშეკრულების დადებისთანავე გადაეცა მყიდველთათვის, მაგრამ მოპასუხემ გამოთავისუფლებული შენობა მოსარჩელეებს მხოლოდ 5 თვის შემდეგ გადასცა. ამ პერიოდში სავაჭრო ცენტრის ორი სექციით რაისამომხმარებლო კოოპერატივის მოიჯარეები სარგებლობდნენ, და თვეში ქირის სახით იხდიდნენ 195 ლარსა და 120 აშშ დოლარს. მოსარჩელეებმა, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოითხოვეს მოპასუხეთა ბრალით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის (5 თვის საიჯარო ქირა) 975 ლარისა და 600 აშშ დოლარის გადახდა, აგრეთვე, თითოეული სექციიდან 5 თვის მანძილზე მიუღებელი ყოველთვიური 5 ლარის _ ორივე სექციიდან თვეში 300 ლარის _ სულ _ 5 თვეში 1500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
მოსარჩელეებმა ასევე განმარტეს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა კიდევ იმით გამოიხატა, რომ გამყიდველმა მათთვის შესასყიდად გადასაცემი სავაჭრო ცენტრში არსებული ძირითადი საშუალებები სხვას მიჰყიდა.
საქმის განხილვის პერიოდში მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივმა შეგებებული სარჩელი აღძრა და მიუთითა, რომ ნ. მ-ძესთან 2000წ. 21 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად მუხრანის სავაჭრო ცენტრის ღირებულება მყიდველებს უნდა გადაეხადათ განვადებით. წინასწარ გადასახდელი თანხა, ღირებულების 60%-36 000 ლარი, გადაიხადეს ჯეროვნად. დანარჩენი 40% უნდა დაეფარათ 90 დღეში: 20 სექტემბრამდე _ 8 300 ლარი, 20 ოქტომბრამდე _ 8 300 ლარი, ხოლო 20 ნოემბრამდე _ 8 400 ლარი. თანხების ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა გათვალისწინებული იყო გადასახდელი თანხის 10%-ით. 10 დღის ვადაში დამატებითი გადასახდელის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმის სახით უნდა გადაეხადათ 0,2%. შეგებებული სარჩელი მოითხოვდა 2500 ლარს, ხოლო ვადაგადაცილებულ დღეზე – 2143,80 ლარს, სულ _ 4643 ლარს. ამასთან, კოოპერატივმა მოითხოვა შენობისა და მათ მიერ აგვისტო-დეკემბერში გადახდილი მიწის გადასახადის – 1114 ლარის _ მოპასუხეებისათვის დაკისრება. მთლიან გადასახდელ თანხას, 5757 ლარს, გამგეობამ გამოაკლო მათ მიერ ნ. ჯ-შვილისა და ვ. ტ-შვილისაგან მიღებული საიჯარო ქირა – 1950 ლარი (5 თვის განმავლობაში), მყიდველთა მიერ სარჩელში მითითებული სავარაუდო მიუღებელი შემოსავალი – 1500 ლარი და საბოლოოდ, რაისამომხმარებლო კოოპერატივმა შეგებებული სარჩელით მოითხოვა 2307 ლარის ანაზღაურება.
ლ. მ-ძემ, გ. მ-შვილმა, ც. ხ-იანმა, მ. ბ-შვილმა და დ. პ-შვილმა ნ. ჯ-შვილის მიმართ აღძრულ სარჩელში მიუთითეს, რომ სავაჭრო ცენტრის მათ მფლობელობაში გადაცემის შემდეგ ნ. ჯ-შვილმა დაანგრია ორ სექციას შორის არსებული კედელი, რის გამოც ვერ მიიღეს სექციის შესაძლო გაქირავებით მისაღები თანხა – თვეში 400 ლარი. მოსარჩელეებმა მოითხოვეს კედლის დანგრევით გამოწვეული მატერიალური ზიანის _ 1600 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის; მის მიერ დანგრეული კედლის აღდგენა ან ფულადი კომპენსაცია კედლის აშენებისათვის, აგრეთვე, კედლის აღდგენამდე ან თანხის გადახდამდე თვეში 400 ლარის გადახდა.
ნ. ჯ-შვილმა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ლ. მ-ძისა და სხვათაგან კედლის დარჩენილი ნაწილის ღირებულების, ფართის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების (რკინის კარი, რკინის ცხაური), ადვოკატის მომსახურეობის ხარჯების, სულ _ 1703 ლარის დაკისრება იმ მოტივით, რომ მას სავაჭრო ცენტრში იჯარით ჰქონდა დაკავებული ფართი, რომელიც კეთილმოაწყო, ხოლო სადავო კედელი მან შეიძინა სხვა მოიჯარისგან და იგი მისი საკუთრებაა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. მ-ძის, გ. მ-შვილის, გ. ბ-შვილის, ც. ხ-იანის და დ. პ-შვილის სარჩელი მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 3517 ლარის გადახდა.
მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრათ 158 ლარის გადახდა. სარჩელს 2149 ლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა.
ლ. მ-ძისა და სხვათა სარჩელი ნ. ჯ-შვილის მიმართ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაევალა დანგრეული კედლის აღდგენა ან მისი აღდგენისათვის საჭირო თანხის _ 1493 ლარის, ანაზღაურება. აგრეთვე, მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 1600 ლარის გადახდა.
ნ. ჯ-შვილის შეგებებული სარჩელი მოპასუხეთათვის 1643 ლარის დაკისრების შესახებ უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სკ-ს 545-ე, 361(II)-ე, 401-ე, 411-ე, 394(I)-ე, 505-ე, 572-ე, 983-ე მუხლებით, აგრეთვე _ სსსკ-ს 133-ე მუხლით.
სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ლ. მ-ძესა და მცხეთის რაიკოოპერატივის შორის გაფორმდა სავაჭრო ცენტრის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მყიდველებს თავდაპირველად უნდა შეეტანათ ღირებულების 60%, ხოლო 40% ნაწილ-ნაწილ გადაეხადათ. 2000წ. 9 აგვისტოს მყიდველებმა თანხის 60% ჯეროვნად გადაიხადეს, მაგრამ გამყიდველმა ნივთი არ გადასცა. ხელშეკრულებით კი გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მისი გადაცემა. ნაყიდი ნივთის ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაუცემლობით მოსარჩელეებს მიადგათ მატერიალური ზიანი, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო აანაზღაურება მისი ბრალით გამოწვეული ზიანი.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეებს ორი სექციიდან 5 თვის მანძილზე სულ მცირე 1500 ლარის ოდენობის მოგება უნდა მიეღოთ, რადგან 2000წ. აგვისტოდან 2001წ. 1 იანვრამდე ნ. ჯ-შვილი ქირის სახით იხდიდა თვეში 120 აშშ დოლარს, ხოლო გ. ი-შვილი _ თვეში 195 ლარს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2001წ. 31 იანვარს ნ. ჯ-შვილმა დაანგრია სადავო კედელი, რომლის ღირებულებაც შეადგენს _ 1493 ლარს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ჯ-შვილმა, ასევე მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივმა და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მათი შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იქნა, რომ მყიდველთა მიერ ჯერ კიდევ ხელშეკრულების დადებამდე გადახდილ იქნა საერთო ღირებულების 60%, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა დაეფარათ 90 დღეში. ლ. მ-ძემ, მართალია, ერთი თვით დააგვიანა დარჩენილი თანხის გადახდა, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი მისი ბრალის გარეშე მოხდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია აგრეთვე ნ. ჯ-შვილის მიერ სექციებს შორის კედლის დანგრევაც. აღნიშნული ფაქტი აპელანტმა დაადასტურა, მაგრამ განმარტა, რომ მისი ქმედება მართლზომიერი იყო, რადგან მან სავაჭრო ცენტრში ჩაატარა იჯარით აღებული ფართის კეთილმოწყობისათვის სარემონტო სამუშაოები და ვინაიდან ნ. ჯ-შვილმა წინა მოიჯარეს გადაუხადა კედლის აშენებისათვის გარკვეული თანხა, იგი გახდა კედლის მესაკუთრე. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ნივთზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია.
სააპელაციო პალატამ, დადგენილად ცნო, რომ დ. მ-ძე და სხვები არიან ნივთის მესკუთრეები და სკ-ს 171-ე მუხლის თანახმად ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზეც. აქედან გამომდინარე, ნ. ჯ-შვილი არ იქნა მიჩნეული სადავო კედლის მესაკუთრედ და დაევალა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით (კედლის დანგრევით) გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 401-ე, 546-ე, 545-ე, 150-ე, 171-ე, 999-ე და სსკ-ს 102(I)-ე, 131-ე, 53(I)-ე მუხლებზე.
ნ. ჯ-შვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ მოტივით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 545-ე მუხლი, აგრეთვე, მიაჩნია, რომ სასამართლოს ანალოგიით უნდა გამოეყენებინა სკ-ს 546-ე მუხლის II ნაწილი და დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა კომპენსაციის მიღების შესახებ. კასატორს ასევე მიაჩნია, რომ განჩინება იურიდიულად არ არის სრულად დასაბუთებული სექციების შესაძლო გაქირავების შედეგად მოსარჩელეთა მიერ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში.
მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივი საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 401-ე მუხლი. კასატორს მიაჩნია, რომ მყიდველმა დაარღვია ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, რის გამოც მას უნდა დაკისრებოდა ჯარიმა და ყოველ გადაცილებულ დღეზე _ საურავი.
კასატორს მიაჩნია, რომ სკ-ს 572-ე მუხლის მიხედვით, მართალია, სავაჭრო ცენტრის შემძენებმა დაიკავეს გამქირავებლის ადგილი, მაგრამ ისინი 2001წ. იანვრამდე ვერ შეძლებდნენ ორი სექციის დაუფლებას, რადგან იჯარით იყო გაცემული. კასატორი თვლის, რომ მყიდველებს ჰქონდათ, საიჯარო ქირის მიღების უფლება, მაგრამ არ ეთანხმება სასამართლოს განჩინებას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამრათლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი. კასატორი ნ. ჯ-შვილის მოსაზრებით სასამრათლომ არასწორად განმარტა სკ-ს 545-ე მუხლი, რაც უსაფუძვლოა. აღნიშნული ნორმა, გამქირავებელი ვალდებულია დამქირავებელს აუნაზღაუროს ნივთზე ხარჯის გაღება, გულისხმობს არა ყოველგვარი ხარჯის გაღებას, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც აუცილებელია ნივთის სათანადო მდგომარეობაში მოსაყვანად (მაგ. ავტომანქანისათვის სავალი ნაწილების გამოცვლა, შეკეთება). დამქირავებელს თავის მხრივ, უფლება აქვს მოითხოვოს იმ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომელიც საქმის გარემოებებიდან გამომდინარე აუცილებლად იქნება მიჩნეული. დამქირავებელს უფლება არა აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ მის მიერ სამუშაოს შესრულება ეწინააღმდეგება გამქირავებლის ნებას ან არ შეესაბამება მის ინტერესს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად მიიჩნია, რომ ნ. ჯ-შვილის მიერ ნივთზე გაწეული ხარჯები (ოთახებს შორის ტიხრის მოწყობა, რკინის კარების და ცხაურის გაკეთება) წარმოადგენს არა ნივთისათვის (შენობისათვის) აუცილებელ, არამედ დამქირავებლისათვის მიზანშეწონილ და საჭირო ხარჯებს სავაჭრო ობიექტის მოწყობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ამასთან, ფართის გამქირავებელი იყო მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივი და არა ლ. მ-ძე და სხვები. აქედან გამომდინარე, ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება სკ-ს 546-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. ნ. ჯ-შვილს, როგორც დამქირავებელს სახელშეკრულებო ურთიერთობა ჰქონდა არა მოპასუხეებთან (ლ. მ-ძე და სხვ.), არამედ მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივთან. ე.ი. გამქირავებელს, რომელსაც უნდა მოსთხოვოს დამქირავებელმა ნივთის დაბრუნება ან მისი კომპენსაცია, წარმოადგენს მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივი და არა მოპასუხეები. ამდენად, ნ. ჯ-შვილის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 401-ე მუხლი. აღნიშნული ნორმით ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთი გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. ამ ნორმით მოვალე არ ჩაითვლება ვადის გადამცილებლად, როდესაც ბრალის გარეშე ვერ ასრულებს ვალდებულებებს საზოგადო ან მის პიროვნებასთან, ანდა კრედიტორის მოქმედებასთან დაკავშირებით.
დადგენილია, რომ: კრედიტორმა შესრულება არ მიიღო მანამდე, ვიდრე არ დასრულდა სასამართლო დავა ობიექტის გასხვისების კანონიერების თაობაზე; აღნიშნულ დავაზე 2000წ. 29 ნოემბერს გამოტანილ იქნა სასამართლოს გადაწყვეტილება, რის შემდეგაც _ იმავე წლის 13 დეკემბერს გადახდილი იქნა დანარჩენი თანხა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ჯ-შვილისა და მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ჯ-შვილისა და მცხეთის რაისამომხმარებლო კოოპერატივის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.