გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-581-02 11 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: საკომლო ქონებიდან წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ჯ-ე 1997წ. მაისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ. გ-ესთან. ოჯახური უსიამოვნების გამო ნ. ჯ-ემ დატოვა ოჯახი. მან 1999 წელს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ. გ-ის მიმართ და მოითხოვა კომლის კუთვნილი საცხოვრებელ სახლიდან და საბაღე მიწის ნაკვეთიდან წილის გამოყოფა, ასევე თავისი შრომით მოწეული მოსავლიდან კუთვნილი წილი და გაწეული ხარჯების ანაზღაურება, სულ – 3367 ლარი.
გორის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნ. ჯ-ის სარჩელი ქონებიდან წილის მიკუთვნების შესახებ: მოპასუხე დ.გ-ეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 1999წ. მოსავლიდან 1122 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ნ.ჯ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა დ.გ-ემაც.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001წ. 25 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი. გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება ნ.ჯ-ის სარჩელის ბინისა და ნაკვეთის საკუთრების უფლებით გამოყოფის უარყოფის ნაწილში დარჩა უცვლელი. სასამართლო გადაწყვეტილება გაუქმდა დ.გ-ისათვის ნ.ჯ-ის სასარგებლოდ 1122 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონის სასამართლოს. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ნ.ჯ-ე დ.გ-ის კომლში რეგისტრირებულია 1997წ. 5 მაისიდან. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტების თანახმად დ. გ-ის კომლი წარმოადგენდა საკომლო მეურნეობას და მასში შემავალი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები წარმოადგენდა მის, როგორც ფიზიკური პირის, საკუთრებას. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ნ.ჯ-ის რეგისტრაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკომლო მეურნეობის, საერთო საკუთრების წარმოშობის საფუძვლად და ამიტომ მისი მოთხოვნა, საკუთრების უფლებით წილის გამოყოფის შესახებ, უსაფუძვლოდ მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ არ დაასაბუთა ნ.ჯ-ის სასარგებლოდ დ.გ-ისათვის 1122 ლარის დაკისრება.
ნ.ჯ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სადავო კომლში აღრიცხულები არიან მხოლოდ კასატორი და დ. გ-ე. იგი მეუღლესთან ერთად ახორციელებდა ფერმერულ საქმიანობას, ამიტომ მას აქვს უფლება, მოითხოვოს თავისი წილი. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია სადავო ქონება დ.გ-ის ინდივიდუალურ საკუთრებად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დ.გ-ე და ნ.ჯ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1997წ. მაისიდან. დ.გ-ე გორის რაიონის სოფ. ... 1982წ. სექტემბრიდანაა ჩაწერილია გორის რაიონის სოფ. ..., მისი ოჯახი მიეკუთვნება მოსამსახურის კატეგორიას და მის სახელზე ირიცხება სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ½1/2 0,6 ჰა მიწის ნაკვეთი. ნ.ჯ-ე 1997წ. მაისიდან აღრიცხულია დ.გ-ის კომლში. ოჯახური უსიამოვნების გამო ნ.ჯ-ემ დატოვა მეუღლის ოჯახი. მან სასარჩელო განცხადებით მოითხოვა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში მდებარე დ.გ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლიდან, მიწის ნაკვეთიდან წილის გამოყოფა, ასევე თავისი შრომით მოწეული მოსავლიდან კუთვნილი წილი და ხარჯების ანაზღაურება; საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად უთხრა უარი ნ.ჯ-ეს დ.გ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან საკუთრების უფლებით წილის გამოყოფაზე, რადგან როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დ.გ-ეს მამამ, ნ. გ-ემ უანდერძა 1981 წ. აგვისტოში სადავო საცხოვრებელი სახლი. ვინაიდან სადავო საცხოვრებელი სახლი მოპასუხეს ეკუთვნოდა ნ.ჯ-ესთან დაქორწინებამდე, ამიტომ იგი წარმოადგენს დ. გ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე.
გორის რაიონის ზეღდულეთის საკრებულოს გამგებლის ცნობით ირკვევა, რომ დ. გ-ე სოფ. ... ჩაეწერა 1982წ. 19 სექტემბერს, მისი ოჯახი ეკუთვნის მოსამსახურის კატეგორიას და მას მის სახელზე ირიცხება 0,68 ჰა მიწის ნაკვეთი. ამდენად, სადავო უძრავი ქონება დ.გ-ის სახელზე აღრიცხული იყო ჯერ კიდევ კასატორთან დაქორწინებამდე.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ.ჯ-ის სასარგებლოდ დ.გ-ისათვის 1999წ. მოსავლიდან 1122 ლარის დაკისრება იურიდიულად არ არის რაიონული სასამართლოს მიერ დასაბუთებული, ამიტომ ამ ნაწილში სწორად გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე და იგი ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
ამდენად, სააპელაციო პალატას მოცემული დავის განხილვისას კანონი არ დაურღვევია და ნ.ჯ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 25 დეკემბრის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.