Facebook Twitter

¹3კ-582-02 7 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე, მ. ცისკაძე

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2000წ. 21 აგვისტოს ბრძანებით ა. ა-შვილი დაინიშნა თბილისის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ...... განყოფილებაში მთავარი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ანუ განსაზღვრული ვადით – კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე. ამავე ინსპექციის უფროსის 2001წ. 9 აგვისტოს ბრძანებით ა. ა-შვილი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან იმავე წლის 6 აგვისტოდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 94-ე მუხლის შესაბამისად. ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2001წ. 15 ივნისის გადაწყვეტილება. ა. ა-შვილმა კონკურსში მონაწილეობისას დააგროვა 64,5 ქულა, მაგრამ კომისიამ ...... განყოფილების მთავარ საგადასახადო ინსპექტორად დანიშნა გ. ჯ-ია და ც. გ-შვილი.

ა-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შემოსავლების სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა 2001წ. 9 აგვისტოს იმ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც თანამდებობაზე დაინიშნენ მ. ჯ-ია და ე. გ-შვილი, აგრეთვე იმ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც იგი დათხოვნილ იქნა აღნიშნული თანამდებობიდან. ამასთან, მოითხოვა ხელფასის ანაზღაურება იძულებით გაცდენილი დროის განმავლობაში და კანონით დადგენილი ყველა დანამატის ანაზღაურება; ასევე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო ორგანოების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2001წ. 15 ივნისის ¹5 ოქმის ბათილად ცნობა.

ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მან შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა. უარი თქვა მესამე პირების თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობაზე, რის გამოც საქმის წარმოება ამ ნაწილში შეწყდა. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, გაუქმდა ა-შვილის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ 2001წ. 9 აგვისტოს ბრძანება და იგი აღდგენილ იქნა ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ....... განყოფილებაში მთავარი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებით საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

ა. ა-შვილის სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო არასათანადო მოსარჩელეა, ხოლო სათანადო მოსარჩელეს საოლქო საგადასახადო ინსპექცია წარმოადგენს, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საქართველოს საგადასახადო სამინისტროს საოლქო საგადასახადო ინსპექციის დებულების მე-8 მუხლის თანახმად, საოლქო საგადასახადო ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსი.

ა. ა-შვილმა უარი განაცხადა საქმეში მოპასუხედ საოლქო საგადასახადო ინსპექციის ჩართვაზე, რის გამოც უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე არასათანადო მოპასუხის მიმართ.

ა. ა-შვილმა საკასაციო საჩივარი შეიტანა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს: გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში არ არის დასაბუთებული, ხოლო სარჩელზე უარის თქმის ნაწილში სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

დავის საგანს წარმოადგენდა არა საოლქო ინსპექციის უფროსის მიერ გამოცემული ბრძანება, არამედ სამუშაოზე აღდგენა.

არცერთი მოქმედი ნორმატიული აქტი არ ანიჭებს საოლქო საგადასახადო ინსპექციას უფლებას შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისია, ჩაატაროს ვაკანტურ თანამდებობაზე მოხელეთა შესარჩევი კონკურსი და დანიშნოს მოხელეები ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შედეგების მიხედვით.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილებას გარკვეული თანამდებობის საკონკურსო წესით შევსების შესახებ ღებულობს სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, სადავო შემთხვევაში – საგადასახადო შემოსავლების მინისტრი. ამავე კანონის 33-ე მუხლის მიხედვით, კანდიდატთა შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან აფასებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატს წამოაყენებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. საკონკურსო-საატესტაციო კომისია შექმნილია საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანებით და მინისტრი თვითონვე ამ კომისიის თავმჯდომარეა. კონკურსის შედეგები შეაფასა და კანდიდატთა თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო ხსენებულმა კომისიამ.

საოლქო საგადასახადო ინსპექციის დებულების მე-8 მუხლის თანახმად, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საოლქო საგადასახადო ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს, კონკრეტულ შემთხვევაში ინსპექციის უფროსის კომპეტენციაში არ შედის კონკურსის წესით მოხელეთა დანიშვნა ვაკანტურ თანამდებობაზე. ასეთი კომპეტენცია საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აქვს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ა-შვილი გათავისუფლდა თბილისის ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ....... განყოფილების მთავარი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2001წ. 9 აგვისტოს ბრძანებით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 94-ე მუხლის შესაბამისად.

ა. ა-შვილმა სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ისანი-სამგორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2001წ. 9 აგვისტოს ¹011/14 ბრძანების ბათილად ცნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტისა და მეორე ნაწილის საფუძველზე, ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში და სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა.

პალატა იზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნებიდან გამომდინარე დავაში სათანადო მოპასუხე საქართველოს შემოსავლების სამინისტრო უნდა იყოს, ვინაიდან სასარჩელო განცხადებით ა. ა-შვილი სადავოდ ხდიდა არა მარტო მის დათხოვნას სამსახურიდან, არამედ ასაჩივრებდა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ქმედებას, რომლითაც შეილახა მისი კანონიერი უფლება კონკურსის შედეგების შესაბამისად წარდგენილი ყოფილიყო თანამდებობაზე დასანიშნად; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი ქმედების განხორციელების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციული აქტის გამოცემას.

მოსარჩელის მოთხოვნა და, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია სწორედ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ საოლქო ინსპექციის უფროსთან დასანიშნად მისი წარდგენაა; პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომლითაც შემოსავლების სამინისტრო არასათანადო მოპასუხედ იქნა მიჩნეული, არ გამომდინარეობს კანონიდან და საქმის მასალებიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ა-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.