¹3კ-588-02 21 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი.
დავის საგანი: არასაცხოვრებელი ფართის გათავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მესამე პირის რ. ა-ძის მიმართ და მოითხოვა საკონკურსო შედეგების ბათილად ცნობა და მოიჯარის უფლებების აღდგენა.
სარჩელში აღნიშნა, რომ მას საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე დაკავებული ჰქონდა 537კვ.მ, მდებარე ..... ქ. თბილისში. აღნიშნული ფართიდან 50 კვ.მ-ზე, მოპასუხე ორგანიზაციამ მისთვის შეუტყობინებლად, გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვა რ. ა-ძემ.
აღნიშნულის გამო მოარჩელე ორგანიზაციამ მოითხოვა კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა და სადავო ფართზე უფლების აღდგენა.
საქმე განხილული იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ განიხილა მესამე პირის _ რ. ა-ძის საზედამხედველო საჩივარი და 1999წ. 29 ოქტომბრის განჩინებით საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 20 აპრილის განჩინება. პალატის იმავე განჩინებით რ. ა-ძეს მიეცა დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის უფლება 1998წ. 16 ოქტომბრის საიჯარო ხელშეკრულებით მასზე იჯარით მიცემული არასაცხოვრებელი 50კვ.მ ფართობის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მასზე გადაცემის თაობაზე.
2000წ. 21 თებერვალს რ. ა-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ..... მისთვის გადაცემული 50 კვ.მ ფართის გათავისუფლება.
სარჩელში აღნიშნა, რომ 1998წ. 10 სექტემბერს გაიმარჯვა თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ ჩატარებულ კონკურსში და იჯარით გადაეცა ქ. თბილისში, ... მდებარე 50 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, ¹27, 28 და 29 ოთახები. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ოთხები დაკავებული აქვს მოპასუხე ორგანიზაციას, რის გამოც სარჩელით მოითხოვა სადავო ფართის გათავისუფლება და მისთვის გადაცემა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავო ფართი წარმოადგენდა მის მიერ იჯარით აღებულ ფართს, რაზედაც ჯერ კიდევ 1996 წელს გაფორმებული იქნა საიჯარო ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე, ქონების მართვის სამმართველოს იგი უხდიდა საიჯარო ქირას. მოპასუხე ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ სადავოდ გამხდარი ¹27, 28 და 29-ე ოთახები კონკურსის ჩატარების შესახებ საგაზეთო განცხადებაში, კონკურსის შედეგების დამტკიცების ბრძანებაში და მიღება-ჩაბარების აქტში მოხსენიებული არ იყო. მოპასუხის განმარტებით, სარჩელი აღძრული იყო არასათანადო მხარის მიმართ, ვინაიდან დავა ეხებოდა იჯარით გადაცემული ფართის გათავისუფლებას და ამ უფლების განხორციელება რატი აბაშიძეს უნდა მოეთხოვა ქონების მართვის სამმართველოსაგან. აღნიშნული გარემოებების გამო მოპასუხემ მოითხოვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ. თბილისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართიდან ოთახები ¹27, 28 და 29 მიეკუთვნა რ. ა-ძეს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ფართი მოსარჩელეს იჯარით გადაეცა 1998წ. 10 სექტემბერს ჩატარებული კონკურსის საფუძველზე. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია თბილისის ქონების მართვის სამმართველოს 1998წ. 11 დეკემბრის ბრძანება თბილისში ... მდებარე 50 კვ.მ-ის იჯარით გადაცემისათვის 1998წ. 16 ოქტომბერს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტში ცვლილებების შესახებ, რომლის პირველი პუნქტის თანახმად 1998წ. 16 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტში ... მდებარე 50 კვ.მ-ის იჯარით გაცემის შესახებ განსაზღვრული იქნეს ორგანიზაცია ,,თ-ის” მიერ ადრე დაკავებული ფართობი, რომელიც გადაეცემა რ. ა-ძეს. საქმის მასალებში წარმოდგენილია სს ,,თ-ის” წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შენობაში მას ეკავა პირველი სართულის გენგეგმაზე მითითებული ¹27, 28 და 29 ოთახები, რომლებიც ემთხვევა 1997წ. 1 ივლისის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან დადებულ ხელშეკრულებაში ფიქსირებულ ¹15, 18, 19 ოთახებს. ამდენად, მოსარჩელე რ. ა-ძეს უფლება ჰქონდა მოეთხოვა მოპასუხის მიერ დაკავებული სადავო ფართის გათავისუფლება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩვირა შპს “ც-მა”, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა. აპელანტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა კანონის დარღვევბით და არ შეესაბამებოდა საქმის მასალებს. კერძოდ, სადავო ოთახები არ იყო შეტანილი კონკურსის შესახებ საგაზეთო განცხადებაში, კონკურსის შედეგების დამტკიცების ბრძანებაში, მიღება-ჩაბარების აქტში და არც მოსარჩელესა და ქონების მართვის საქალაქო სამმართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს არ უნდა განეხილა რ. ა-ძის სარჩელი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” და “გ” პუნქტების თანახმად, საქმის წარმოება უნდა შეეწყვიტა, ვინაიდან ამ საქმეზე უკვე არსებობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომლითაც რ. ა-ძეს უარი ეთქვა სადავო ფართის მიკუთვნებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 28 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ სადავო ფართი მოსარჩელე რ. ა-ძეს გადაეცა კონკურსის საფუძველზე, ხოლო კონკურსის შედეგები სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნა კანონიერად. რაც შეეხება აპელანტის განცხადებას რაიონული სასამართლოს მიერ სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ” და “გ” პუნქტების დარღვევის შესახებ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საბურთალოს რაიონის სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებად მონაწილეობდნენ შსს “ც-ი” და თბილისის ქონების მართვის სამმართველო, ხოლო დავის საგანს წარმოადგენდა კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა. მოცემულ საქმეში მოსარჩელეა რ. ა-ძე და დავა ეხებოდა ფართიდან გამოსახლებას.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შსს შპს “ც-მა”. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ, ნაცვლად იმისა, რომ შეეწყვიტა საქმის წარმოება, განიხილა სადავო ურთიერთობა, რომელზეც უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამის საწინააღმდეგოდ კი სასამართლომ თავისი მოტივაცია დაასაბუთა იმით, რომ საბურთალოს რაიონის სასამართლოში აღძრულ დავაში მონაწილე მხარეები და დავის საგანი განსხვავდება განსახილველ საქმეში მონაწილე მხარეებისა და დავის საგნისაგან. კასატორის აზრით, ასეთი დასაბუთება უკანონოა. კასატორის მითითებით, აღნიშნული კონკურსი ჩატარდა კანონმდებლობის უხეში დარღვევით. კასატორი თვლის, რომ სადავო ოთახებზე არც მხარეები შეცვლილან, არც დავის საგანი და არც საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო კი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას და მოსარჩელისათვის ოთახების მიკუთვნების ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებთან ერთად შეამოწმა მისი საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას დაარღვია აღნიშნული მუხლის მოთხოვნა და უკანონოდ არ შეწყვიტა საქმის წარმოება. მითითებული ნორმის საფუძველზე წარმოების შეწყვეტას ექვემდებარება ისეთი საქმე, რომელშიც მხარეებად მონაწილეობენ იგივე პირები, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით და ამ საქმეზე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება. დადგენილია, რომ საბურთალოს რაიონის სასამართლოში სარჩელი აღძრა შსს საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცნიერო-კველვითმა ცენტრმა მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს და მესამე პირის _ რ. ა-ძის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა საკონკურსო შედეგების ბათილად ცნობა და მოიჯარის უფლებების აღდგენა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმეში მონაწილე მხარეები, ასევე დავის საგანი, განსხვავებულია. Mმოსარჩელე რ. ა-ძე მოითხოვს მისთვის იჯარით გადაცემული ფართიდან მოპასუხის გამოსახლებას. ამდენად, საოლქო სასამართლოს განჩინება, დავის აღნიშნულ ნაწილში სწორი და დასაბუთებულია.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის მითითება, რომ რ. ა-ძეს უზენაესი სასამართლოს 1999წ. 29 ოქტომბრის განჩინებით უარი ეთქვა სადავო ოთახების მიკუთვნებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 20 აპრილის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან სიტყვები ,,მიეცეს უფლება რ. ა-ძეს დაიკავოს ბრძანების თანახმად ადრე თ-ის მიერ დაკავებული ფართი ¹27,28 და 29 ოთახები” ამორიცხული იქნა იმ მოტივით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს არ შეესაბამებოდა დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოცემულ საქმეზე საზედამხედველო საჩივრის განხილვისას უზენაესი სასამართლოს პალატამ მიუთითა, რომ სადავო ფართის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში რ. ა-ძისათვის გადაცემის საკითხი სასამართლოს განხილვის საგანი არ ყოფილა, რის გამოც ა-ძეს აქვს ამის თაობაზე დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის უფლება. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული განჩინებით რ. ა-ძეს განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრით მოეთხოვა სადავო ოთახების გათავისუფლება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინებით, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 20 აპრილის განჩინება, კონკურსის შედეგები მიჩნეულ იქნა კანონიერად.
როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ოთახები, რომელიც რ. ა-ძეს იჯარით გადაეცა წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით არის ¹27, 28 და 29 ოთახები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ კასატორს მათი საწინააღმდეგო არგუმენტები, დამატებითი საკასაციო პრეტენზიის სახით არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული განჩინება სწორი და იურიდიულად დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შსს შპს “ც-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბისლისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 28 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.