გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-589-02 13 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და
გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინიდან რეალური წილის გამოყოფა.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე ვ. გ-ის მამამ, გ. ყ-მა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, 1999წ. 5 თებერვალს, გააფორმა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად ქ.ახალციხეში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მთლიანი ფართი აჩუქა შვილს _ ნ. ყ-ს.
ვ. გ-მა 1999წ. 5 ნოემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, სადავო ბინიდან 1/2½წილის რეალურად გამოყოფა და სახლზე მის მიერ მიშენებულ ორ ოთახზე მესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელის აზრით, ჩუქების ხელშეკრულება ყალბია, ვინაიდან გ. ყ-ი იმ პერიოდში მძიმედ იყო ავად და ვერ შეძლებდა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებას; საკუთარი მოქმედებისადმი კონტროლის გაწევის შემთხვევაში იგი სხვა მემკვიდრეებს არ დატოვებდა წილის გარეშე.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ. ყ-ი გარდაიცვალა 1999წ. 17 მარტს. გარდაცვალებამდე მან თავის შვილს, ნ. ყ-ა-გ-ს, ნებაყოფლობით აჩუქა მთლიანი სახლი მინაშენებისა და დამხმარე სათავსების ჩათვლით. მესამე პირის, ლ. მ-ის, განმარტებით, გ. ყ-ი საღი გონებით გამოცხადდა სანოტარო ბიუროში, გამოთქვა თავის შვილ ნ.ყ-ა-გ-ზე ბინის გაჩუქების სურვილი, რის საფუძველზეც მან კანონით დადგენილი წესით მოახდინა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 თებერვლის განჩინებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივრით ვ. გ-ი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში მის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულება, კერძოდ, ახალციხის რაიონის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 1986წ. 8 სექტემბრის განჩინება ¹2/188 საქმეზე, რომლითაც მას და მამამისს, გ. ყ-ს, შორის მორიგების საფუძველზე განაწილდა აღნიშნული საცხოვრებელი ბინა. მას ტექნიკური ბიუროს ნახაზის მიხედვით მიეკუთვნა ¹4 ოთახი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თავად ვ. გ-ის შუამდგომლობის საფუძველზე გ. ყ-ის ხელმოწერის შემოწმების მიზნით დაინიშნა სასამართლო გრაფიკული ექსპერტიზა. საქართველოს იუსტიციის სმინისტროს ექსპერტიზისა და სოციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2001წ. 13 ივლისის დასკვნის თანახმად 1999წ. 5 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შესრულებულია გ. ყ-ის მიერ; მისი სიყალბე არ დადასტურდა.
სააპელაციო პალატის მიერ ასევე დადგენილია, რომ ახალციხის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობების თანახმად სადავო ბინა თავისი მიშენებებითა და დამხმარე სათავსებით საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო გ. ყ-ზე და უძრავი ქონება ამ ფორმითვე იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. პალატას მიაჩნია, რომ კასატორს ასეთი შინაარსის პრეტენზია არ წამოუყენებია.
ვ. გ-ის მიერ წარმოდგენილი ახალციხის რაიონის 1986წ. 8 სექტემბრის განჩინება, მოსარჩელე ვ. ყ-სა და მოპასუხე გ. ყ-ს შორის, მოსარჩელისათვის ¹4 ოთახის გამოყოფის შესახებ მორიგების დამტკიცების თაობაზე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ვ. გ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად, ვინაიდან დადგენილია, რომ 1999წ. 5 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას სადავო სახლი კანონით დადგენილი წესით ირიცხებოდა გ. ყ-ზე.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სკ-ს 170-ე მუხლის შესაბამისად გ. ყ-ს, როგორც სადავო სახლის მესაკუთრეს, უფლება ჰქონდა, განეკარგა მის საკუთრებაში არსებული ქონება. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
ამდენად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.