¹3კ-590-02 12 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 8 აგვისტოს თ. ა-ძემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ს/ს “ც-ას” წინააღმდეგ და მოითხოვა მარჩენალის გარდაცვალების გამო მოპასუხისათვის დაეკისრებინათ ყოველთვიური სარჩო 80,74 ლარი; სარჩოს მიუღებელი სხვაობა _ ყოველთვიურად, დღიდან დანიშვნისა 41,42 ლარი; ერთჯერადი დახმარება გარდაცვლილის 10 წლის სამსახურეობრივი სარგოს ოდენობით _ 8688,80 ლარი; საქმის მომზადებისა და სასამართლოში წარმართვის ხარჯები _ 500 ლარი.
მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2000წ. 13 აპრილს უბედური შემთხვევის დროს ს/ს “ც-ში” მუშაობისას დაიღუპა მისი მეუღლე მ. ნ-ძე, რის გამოც, თანახმად “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესებისა” 2000წ. 13 ივნისის ¹11 ბრძანებით მოსარჩელეს დაენიშნა ყოველთვიური სარჩო 39,32 ლარის ოდენობით, აგრეთვე, ერთჯერადი დახმარება გარდაცვლილის 10 წლის სამსახურეობრივი სარგოს ოდენობით _ 5608,80 ლარი, რომელიც ს/ს “ც-ამ” დაუქვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. 2001წ. 8 აგვისტოს სარჩელით თ. ა-ძემ მოითხოვა ზემოხსენებული პენსიისა და ერთჯერადი დახმარების ხელახლა გადაანგარიშება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნები უსაფუძვლოდ მიიჩნია.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თ. ა-ძის აწ გარდაცვლილი მეუღლე ს/ს “ც-აში” მუშაობდა მტვირთავად და მისი ხელფასი შეადგენდა 46,74 ლარს, ასევე, იგი შეთავსებით მუშაობდა გუშაგად იგივე საწარმოში. გუშაგის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 34 ლარს. ორივე სამუშაო ადგილის მიხედვით მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი იყო 78,64 ლარი. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების IV თავის 36-ე პუნქტის მიხედვით საშუალო ხელფასი იყოფა ორზე (მარჩენალზე და სარჩენზე) და რადგან მ. ნ-ძეს სარჩენი ჰყავდა მხოლოდ მეუღლე, ამიტომ მოსარჩელეს ყოველთვიური პენსიის სახით დაენიშნა 39.32 ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ამავე ბრძანებულების IV თავის 39-ე პუნქტის მიხედვით დაზარალებულს მარჩენალის დაკარგვასთან დაკავშირებით უნდა მიეცეს ერთჯერადი დახმარება მარჩენალის 10 წლის სამსახურეობრივი სარგოს ოდენობით. სასამართლომ აღნიშნული თანხის გაანგარიშებისას გაითვალისწინა მხოლოდ მტვირთავად მუშაობის ხელფასი (46,74 ლარი), რაც შეადგენდა 5608,80 ლარს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ორგანიზაციის ¹11 ბრძანების შესაბამისად სწორად მოხდა აღნიშნული თანხის (5608,80 ლარი) დაბეგვრა და ასევე, მოსარჩელისათვის დაანგარიშებული, ყოველთვიურად გასაცემი პენსია _ 39,32 ლარი, შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ძემ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი და მე-2 მუხლის მესამე ნაწილი. ასევე, არასწორად განმარტა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის “გ” პუნქტი და მიიჩნია, რომ საშემოსავლო გადასახადით გათავისუფლებას ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფო დახმარება და არა დახმარება ორსულობისა და მშობიარობის დროს.
აპელანტმა თავისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა “შრომითი მოვალების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” მე-14 მუხლი, 36-ე მუხლის პირველი ნაწილი და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 5 თებერვლის განჩინებით თ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.
საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ძემ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და თავისი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 408-ე მუხლი. არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი. ასევე არასწორად იანგარიშა თანხები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად არის მიჩნეული, რომ კასატორის მეუღლე მუშაობდა ს/ს “ც-აში” მტვირთავად და მისი ხელფასი შეადგენდა 46,74 ლარს, აგრეთვე, ამავე ორგანიზაციაში შეთავსებით მუშაობდა გუშაგად, რისთვისაც იღებდა _ 34 ლარს. სულ 80,74 ლარს. დადგენილია ასევე, რომ მ. ნ-ძეს სარჩენი ჰყავდა მხოლოდ მეუღლე (მოსარჩელე).
საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 36-ე პუნქტის თანახმად “მარჩენალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურების უფლების მქონე პირებს ზიანი უნაზღაურდებათ ყოველთვიური სარჩოს გადახდით, გარდაცვლილის იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან.
ამავე პუნქტის მეორე ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურებისას თითოეული პირისათვის ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება ამ პუნქტით გათვალისწინებული სარჩოს გაყოფით გარდაცვლილის ჩათვლით ყველა იმ პირის რაოდენობაზე, ვისაც ეკუთვნის ზიანის ანაზღაურება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გარდაცვლილს სარჩენი ჰყავდა მხოლოდ მეუღლე, რის გამოც საშუალო ხელფასი (80,74 ლარი) იყოფა ორზე (მარჩენალზე და სარჩენზე). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას, რომ მოპასუხეს, ყოველთვიური სარჩოს სახით მისთვის უნდა დაენიშნა არა 39,32 ლარი, არამედ 80,74 ლარი.
საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კასატორს, რომ საოლქო სასამართლომ არ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეორე მუხლის მესამე ნაწილით და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 408-ე მუხლი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულის შრომითი უნარის დაკარგვის ან მისი შემცირების შემთხვევაში. მოცემული დავა მომდინარეობს მარჩენალის გარდაცვალებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული დავის გადასაწყვეტად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ბრძანებულება, როგორც სპეციალური ნორმატიული აქტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საშემოსავლო გადასახადებით არ იბეგრება ფიზიკურ პირთა შემოსავლები _ მიღებული გრანტის, სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო სტიპენდიის, სახელმწიფო დახმარების სახით, ასევე არ იბეგრება ბიუჯეტის ხარჯზე გაწეული მატერიალური დახმარება და ერთჯერადი გასაცემი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული ნორმა და დაბეგვრას დაექვემდებარა ერთჯერადი დახმარება. მითითებული მუხლი ეხება საჯარო სამსახურების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დახმარების სახით გაცემულ თანხებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ორგანიზაცია წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რის გამოც საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები მასზე ვერ გავრცელდება. ამასთან, ზემოთ მითითებული ¹48 ბრძანებულების მე-13 პუნქტის შესაბამისად, ზიანის ასანაზღაურებელი თანხა როგორც ხელფასი იბეგრება.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს 10 წლის სამსახურებრივი სარგოს თანხის გაანგარიშებისას უნდა გაეთვალისწინებინა მოპასუხესთან შეთავსებით მუშაობის გამო მიღებული ხელფასი.
“შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის” შესახებ 1999წ. 9 თებერვლის საქართველოს პრეზიდენტის ¹48-ე ბრძანებულების 13-ე პუნქტის მიხედვით, ხელფასში, საიდანაც ინგარიშება ზიანის ასანაზღაურებელი თანხის სიდიდე, შედის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება (ძირითადი ხელფასი, პრემია, დამატებითი ანაზღაურება იმავე ორგანიზაციაში, ზეგანაკვეთური სამუშაობეისათვის, შრომის მავნე და მძიმე პირობებისათვის, დანამატი ნამსახურეობისათვის, აგრეთვე სხვა დამქირავებელთან მუშაობისას მიღებული შრომის ანაზღაურება).
მითითებული ნორმის მიხედვით ხელფასში ჩაითვლება ერთობლივი შემოსავალი რომელიც მიღებულია, როგორც ერთიდაიგივე ორგანიზაციაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის შედეგად, აგრეთვე სხვა დამქირავებელთან მუშაობისას მიღებული ანაზღაურებაც.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მეუღლე მუშაობდა მოპასუხე საწარმოში მტვირთავად, აგრეთვე იმავე ორგანიაზაციაში ღამის საათებში გუშაგად და მისი ერთობლივი შემოსავალი შეადგენდა 80,74 ლარს, ხოლო 10 წლის სამსახურებრივი სარგო კი შეადგენს 9688 (80,74X120 თვეზე) ლარს, რომელიც ანაზღაურებისას დაიბეგრება.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ერთჯერადი დახმარების ნაწილში უნდა გაუქმდეს და, რადგან ფაქტობრივი გარემოებები საოლქო სასამართლოს პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 5 თებერვლის განჩინება ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ. ა-ძის სასარგებლოდ მარჩენალის დაკარგვის გამო სს “ც-ას” 2000წ. 13 ივნისის ¹11 ბრძანების მარჩენალის დაკარგვის გამო ერთდროული დახმარების სახით 5608,8 ლარის გაცემის თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. გაუქმდეს სს “ც-ას” დირექციის 2000წ. 13 ივნისის ¹11 ბრძანება და სს “ც-ას” თ. ა-ძის სასარგებლოდ მარჩენალის დაკარგვის გამო ერთდროულად დაეკისროს 9688,8 ლარი.
დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.