საქმე N180100122006165927
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №821აპ-24 18 სექტემბერი, 2024 წელი
გ–ი დ., №821აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების შ. მ–სა და ნ. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. გ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ყ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს–ში, მ. გ–ს საცხოვრებელ სახლთან დ. გ–მა შელაპარაკების ნიადაგზე მ. ბ–ს ფეხი დაარტყა მუცლის არეში, რის შედეგადაც მ. ბ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის განაჩენით დ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელოს სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარი.
2.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.
2.3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, შ. მ–მ და ნ. ბ–მა, რომელებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. გ–ს წარდგენილი ბრალდებით უდანაშაულოდ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის განაჩენით ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის განაჩენი.
3.2. 2024 წლის 14 ივნისს, მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა შ. მ–მ და ნ. ბ–მა, საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობა.
3.3. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორების პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი უკანონოა, ვინაიდან იგი არ ემყარება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენი ეყრდნობა დაზარალებულ მ. ბ–ს და მ. გ–ს ჩვენებებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან. სასამართლომ არ გაიზიარა გ. გ–ს და ნ. მ–ს ჩვენებები. ამასთან, დაზარალებულისა და მ. გ–ს ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თუკი მსჯავრდებულმა წიხლი ჩაარტყა მის შვილებს და ფიზიკურად იძალადა მათზე, მაშინ რატომ დაიწყო „112“-ის ოპერატორთან მ. გ–მა საუბარი ქონებაზე და რატომ თქვა უარი სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე. ფაქტია, რომ მ. ი. დაინტერესებული პირია, რასაც ადასტურებს მასსა და მსჯავრდებულს შორის არსებული სამოქალაქო დავა. კასატორებს მიაჩნიათ, რომ დ. გ–ს მიმართ ადგილი აქვს ფაქტების, მოვლენების და გარემოებების აშკარა შეთხზვა-ფაბრიკაციას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების პოზიციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.
5.3. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, დ. გ–ს მიმართ ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციის სამართლებრივი ელემენტები და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედება შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე, ასევე დაცვის მხარის განმარტებას დაზარალებულისა და მოწმე მ. გ–ს პირად დაინტერესებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ნათლად და ერთმნიშვნელოვნად უპასუხეს დაცვის მხარეს, სასამართლოებმა გადაწყვეტილებებში მიუთითეს იმ ძირითად არგუმენტებზე, რის გამოც არ გაიზიარეს დაცვის მხარის მტკიცებულებები და პოზიცია მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან მიმართებით.
5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ მ. ბ–სა და მოწმე მ. გ–ს ჩვენებებზე, რომლითაც დადგენილია დ. გ–ს მიერ მ. ბ–ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. გ-სა და მ. ბ–ს ჩვენებები არის თანმიმდევრული და მათ ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ იკვეთება. მათ დეტალურად და თანმიმდევრულად მიუთითეს შემთხვევის ადგილზე მოვლენების განვითარების შესახებ, მათ შორის სამზარეულოში დაწყებულ კამათზე და შემდგომში კარის ზღურბლთან დ. გ–ს მიერ მ. ბ–სათვის მუცელში ფეხის ჩარტყმის თაობაზე. ნიშანდობლივია, რომ მხარეებს შორის კონფლიქტი ვერ უარყვეს მოწმეებმა გ. გ–მა და ნ. მ–მ, თუმცა უშუალოდ დარტყმის ფაქტი არ განუმარტავთ და ნეიტრალური პასუხების გაცემით შემოიფარგლნენ. მ. გ–მა და მ. ბ–მა ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს დ. გ–ზე, როგორც მ. ბ–სათვის მუცელში დარტყმის მიმყენებელ პირზე. დაზარალებულისა და დაზარალებულის დედის მიერ განმარტებულ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებებს, მათ შორის მუცელში ფეხის ჩარტყმის ფაქტს სრულად ადასტურებს მ. გ–ს მიერ საზოგადოებრივი მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების აუდიოჩანაწერი, სადაც ანალოგიურ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს, რაც სასამართლოში განმარტა. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. გ–ი და ნ. მ–ე თავის ჩვენებებში უთითებენ არამხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე, არამედ კონფლიქტში მონაწილე მხარეების მხრიდან ერთმანეთისკენ გაწევის თაობაზე და იმ გარემოებაზე, რომ ისინი შუაში მათი გაშველების მიზნით იდგნენ. მ. გ–სა და მ. ბ–ს ჩვენებები სრულად თანხვდება საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს, შესაბამისად, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ანალიზის შედეგად ცხადია, რომ მ. ბ–ს მუცლის მიდამოში დაარტყა დ. გ–მა.
5.5. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე, რაც გამორიცხავს დ. გ–ს დამნაშავეობას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კუმულაციურად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, როგორიცაა: მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შეთანხმებულ, ურთიერთთავსებად უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ყველა ის არგუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე გამორიცხავს დ. გ–ს ბრალეულობას, გონივრულ ეჭვს მიღმა გაქარწყლებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად.
5.6. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ცალკე აღებული რომელიმე მტკიცებულება შესაძლოა საკმარისი არ იყოს გამამატყუნებელი განაჩენის გამოსატანად მტკიცებულებითი სტანდარტით, თუმცა დაზარალებულის ჩვენება და პირდაპირი მოწმის ჩვენებასთან ერთად არსებული შეტყობინება სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას შეაფასოს მათში ასახული ინფორმაციის თავსებადობა.
5.7. ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას რომ მ. გ–ი და მ. ბ–ი არიან დაინტერესებულნი, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ დაზარალებულის დედამ „112“-ის ოპერატორთან საუბარი დაიწყო ქონებაზე, ასევე ის, რომ არ მოითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ხოლო მ. ბ–ს არ აღენიშნებოდა დაზიანება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ მ. გ–მა „112“-ის ოპერატორთან საუბარი დაიწყო საერთო ქონებაზე და არ მოითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ვინაიდან როგორც საქმის მასალებით დასტურდება და-ძმას (მაია და დ. გ–ებს) შორის არსებული კონფლიქტი სწორედ ქონებრივი დავის გარშემო გაღვივდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ განსახილველი დანაშაული არ მოითხოვს რაიმე სახის დაზიანების არსებობას, მთავარია, დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, რაც მოცემულ შემთხვევაში დადგენილია თავად დაზარალებულ მ. ბ–ს ჩვენებით, ხოლო ხილული დაზიანების არარსებობა არ გამორიცხავს ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტს, ვინაიდან დაზიანებების განვითარება დამოკიდებულია რიგ ფაქტობრივ გარემოებებზე. ამდენად, სხეულზე დაზიანებების არარსებობა მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი ვერ გახდება.
5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების შ. მ–სა და ნ. ბ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე