გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-595-02 7 მაისი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 15 ივნისს ლ. კ-შვილმა სს “.. ..-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას მოპასუხის მიმართ აღძრული ჰქონდა სარჩელი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე. მითითებული სარჩელის განხილვა გაჭიანურდა 6 წლის განმავლობაში. ამ საქმის განხილვის პროცესში გაიღო მგზავრობის ხარჯები, ავტოავარიის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა მორალური ზიანი, რის გამოც მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 12000 ლარის ოდენობით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
რაიონული სასამართლოს 2001 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მიმოსვლის ხარჯები ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა სარჩელის მოთხოვნა მიყენებული ზიანის (მატერიალური, მორალური) ანაზღაურების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ზიანი განიცადა მოპასუხის განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 25 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მის მიერ გაწეული ხარჯების ფაქტის დამტკიცება. ასევე, ვერ დაადასტურა, თუ რა მატერიალური ზიანი განიცადა სასამართლოში საქმის ხანგრძლივი დროით წარმოების გამო, ხოლო აპელანტის მიერ წარმოდგენილი სამგზავრო ბილეთები არ იძლეოდა იმის გარკვევის საშუალებას, თუ რა ხარჯები გასწია მან.
2002 წლის 22 მარტს ლ. კ-შვილმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით ქუთაისის საოლქო სასამართლოსათვის დაქვემდებარება შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე 2002 წლის 21 მარტისთვის ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) შემდეგ საქმეში არცერთი ფურცელი ჩაკერებული და გადანომრილი არ არის; სხდომის ოქმს ხელს არ აწერს სასამართლოს თავმჯდომარე; იგი განცხადებით და დეპეშით ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოსათვის საქმის განსახილველად დაქვემდებარებას, მაგრამ განცხადება და დეპეშა სასამართლოს არ განუხილავს და არც საქმეშია ჩაკერებული. ასევე მას არ მიეცა სხდომის ოქმის გაცნობის საშუალება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს გადაწყვეტილებას.
ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში, ან საქმის მასალებში, ხოლო ამ მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს დამტკიცებულად აქვს მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სამუშაოზე აღდგენის შესახებ სარჩელის განხილვის პროცესში მოპასუხის განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მოსარჩელეს რაიმე ზიანი არ მიყენებია და ამის დასადასტურებლად აპელანტს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ხოლო მის მიერ წარმოდგენილი ბილეთებით დადასტურება იმისა, რომ მას მიადგა სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობის ზიანი, შეუძლებელი იყო.
აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს მას განცხადება და დეპეშა ჰქონდა შეტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის ქვემდებარეობით განსახილველად გადაცემის შესახებ, არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, ამიტომ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. მითუმეტეს, ასეთი განცხადება და დეპეშა საქმეს არ ერთვის და მისი რაობის შესახებ საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს.
არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების შემდეგ საქმეში არცერთი ფურცელი არ არის ჩაკერებული და საქმე დანომრილი არ არის.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღო 2002 წლის 25 თებერვალს.
მითითებული განჩინების ასლი 2002 წლის 21 მარტს ჩაბარდა კასატორს. აქედან გამომდინარე, 2002 წლის 25 თებერვლიდან 2002 წლის 21 მარტამდე, ანუ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების მიღებიდან ამ განჩინების ასლის მხარისთვის ჩაბარებამდე საქმეში არ შეიძლება სხვა რამ დოკუმენტი ჩაკრულიყო და ცხადია, არარსებული დოკუმენტების გადანომვრა არ განხორციელდებოდა.
ასევე არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს სხდომის ოქმს არ აწერს ხელს თავმჯდომარე (კონკრეტულად მითითებული არ არის ოქმის თარიღი). საქმეში არსებული ყველა ოქმი ხელმოწერილია სხდომის თავმჯდომარის მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მართალია, სხდომის ოქმს ხელს აწერს მოსამართლე და მდივანი, ხოლო თუ საქმეს კოლეგიური სასამართლო იხილავდა, ამ სასამართლოს თავმჯდომარე, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარეში იგულისხმება სხდომის თავმჯდომარე (იმ შემთხვევაში, როცა საქმეს იხილავს კოლეგიური შემადგენლობა სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და არა სასამართლოს თავმჯდომარე).
უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებაც, რომ თითქოს მას არ მიეცა საშუალება გასცნობოდა სხდომის ოქმს.
საქმეში ჩაკრულია 2002 წლის 25 თებერვლის სხდომის ოქმი, რომლის გაცნობის შესაძლებლობა კასატორს ჰქონდა როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით დადგენილ ვადაში, ისე მის შემდეგაც.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 25 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.