Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-597-02 1 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

პ. ლ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს ¹9 ინდკერვის ატელიესა და მისი დირექტორის ლ. ფ-ს მიმართ. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1995წ. 9 მარტის თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის გადაწყვეტილებით პირდაპირი წესით ობიექტის შესყიდვის უფლება მიეცა ¹... ინდკერვის ატელიეს შრომითი კოლექტივის მიერ ჩამოყალიბებულ დროებით ამხანაგობას, სადაც მოწვეულ პირებად გაერთიანებული იყო 3 კაცი. ატელიეს არასაცხოვრებელი ფართისა და ძირითადი საშუალებების ღირებულება შეადგენდა 15115 აშშ დოლარს, რომელიც მთლიანად გადახდილ იქნა მოსარჩელის მიერ.

1995წ. 27 ივლისს დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ხოლო პირველ აგვისტოს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარმა სამმართველომ ატელიეს თანამშრომლების საჩივრების საფუძველზე შეამოწმა ატელიეს პრივატიზების კანონიერება და მიიჩნია, რომ პრივატიზების პროცესში დარღვეული იყო მოქმედი წესები და მიიღო გადაწყვეტილება ატელიეს შრომით კოლექტივზე პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოწვეული პირების მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოწვეულ პირთა სარჩელი.

1997წ. 8 აგვისტოს ქ. თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლომ განმარტა ამავე სასამართლოს 1996წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ატელიეს ხელახალი პრივატიზება უნდა ჩატარდეს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994წ. 20 მაისის ¹178 ბრძანებულების შესაბამისად.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შრომითი კოლექტივის წარმომადგენელმა ლ. ფ-მ მოახდინა ობიექტის ხელახალი პრივატიზაცია, სადაც მოწვეული პირები საერთოდ არ გაითვალისწინა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ატელიეს პირვანდელი პრივატიზების დროს მათ მიერ გადახდილი პრივატიზებისათვის საჭირო თანხა უკან არავის დაუბრუნებია და ჩათვლილ იქნა ატელიეს ხელმეორედ პრივატიზებისას.

მოსარჩელის მითითებით, ობიექტის საპრივატიზებო სრული თანხა, რომელიც შეადგენდა 15115 აშშ დოლარს, ამ ობიექტის კომუნალური და სხვა დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შეადგენდა 5000 აშშ დოლარს და ამ საწარმოს დირექტორის წილის ღირებულების ნახევარი _ 5000 აშშ დოლარი _ მის მიერ იქნა გადახდილი.

მოსარჩელემ მოითხოვა შპს “მ-სათვის” 73411 აშშ დოლარის, ხოლო მისი დირექტორისათვის 18248 აშშ დოლარის დაკისრება.

ლ. ფ-მ მიუთითა, რომ პირადად მის მიმართ 5000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნას არ ცნობს, რადგან თვლის, რომ ამ თანხას არანაირი კავშირი არა აქვს მოცემულ დავასთან. ეს თანხა 1995წ. აგვისტში ქ. მოსკოვში პ. ლ-ას მამასთან შეთანხმებით დროებით ასესხა მას მოსარჩელე ზ. მ-მა, რომელიც შემდგომ დაუბრუნა ზ. მ-ს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. პირველი აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პ. ლ-ას და თანამოსარჩელეებს ¹... ატელიეს პრივატიზების დროს საიჯარო ქირის და კომუნალური დავალიანების 5000 აშშ დოლარის გადახდისა და აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე ჩამოყალიბებული საპროცენტო განაკვეთის, 40%-ის, შესაბამისად თანხის გადახდის ნაწილში ეთქვა უარი. მოსარჩელის და თანამოსარჩელეთა სასარგებლოდ შპს “მ-ს” დაეკისრა 55163 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში გადახდა.

შპს “მ-ს” დირექტორს ლ. ფ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 18248 აშშ დოლარი.

სასამართლომ მიუთითა, რომ ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხე შპს “მ-ს” დირექტორის ლ. ფ-ს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს მოსარჩელეებს მისთვის 5000 აშშ დოლარი არ მიუციათ, რადგან არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, განჩინებები და კერძო განჩინება, სასამართლო ოქმები, სადაც ლ. ფ-ს აღიარებული აქვს ამ თანხის მიღების ფაქტი, რასაც ამჟამადაც არ უარყოფს, მაგრამ აღნიშნავს, რომ უკან დააბრუნა, რაც ასევე ვერ იქნა დადასტურებული.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “მ-მ” და ლალი ფ-მ. იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, გაასაჩივრა პ. ლ-ამ.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შპს “მ-ს” დირექტორმა გ. გ-მა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე, სააპელაციო საჩივარზე უარი თქვა პ. ლ-ამაც.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარემო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 აგვისტოს გადაწყვეტილება ლ. ფ-სთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 18248 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

პალატა მიუთითებდა, რომ მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მან სესხის სახით 5000 აშშ დოლარი მიიღო ზ. მ-ისაგან და არა _ პ. ლ-ასგან. ზ. მ-ს სესხის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნა არ დაუყენებია.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ლ-ამ. კასატორი მიუთითებს, რომ არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომელიც ეხება ზ. მ-ის მიერ 5000 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნის დაუყენებლობის საკითხს, რადგან ზ. მ-ი არის თანამოსარჩელე, რომელმაც თავისი საქმის წარმოება მიანდო პ. ლ-ას. მოცემული შემთხვევა კი გათვალისწინებულია სსკ-ს 87-ე მუხლის მეორე ნაწილით _ თანამონაწილეებს შეუძლიათ საქმის წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ. ზ. მ-მა, როგორც თანამოსარჩელემ, საქმის წარმოება მიანდო ერთ-ერთ თანამოსარჩელეს, რომელმაც შემდეგში სხვა მოთხოვნებთან ერთად 5000 აშშ დოლარის უკან დაბრუნებაც მოითხოვა.

პ. ლ-ა მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის შესაბამისად შეიძლება იყოს საკასაციო საჩივრის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

იმ მოტივით, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენდა საერთო უფლება, საქმის განხილვისას, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ისე _ სააპელაციო სასამართლოში პ. ლ-ა, თ. Dდ-ე და ზ. მ-ი განიხილებოდნენ, როგორც თანამოსარჩელეები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 87-ე მუხლის მეორე ნაწილით თანამონაწილეებს შეუძლიათ საქმის წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ. საქმეში წარმოდგენილია ზ. მ-ის მიერ პ. ლ-აზე გაცემული რწმუნებულება, რომლის ვადა 2004წ. 27 ივნისამდეა.

აღნიშნულ გარემოებათა გამო საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ზ. მ-ს მოთხოვნა სესხის დაბრუნების თაობაზე არ დაუყენებია. Mმან, როგორც თანამოსარჩელემ, მოთხოვნა დააყენა იმ საპროცესო თანამონაწილის მეშვეობით, რომელსაც თანამონაწილეებმა საქმის წარმოება მიანდეს.

სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლითა და გამოკვლევით უნდა დაადგინოს არსებობს თუ არა სასესხო ურთიერთობა მ-სა და მოპასუხეს შორის, არის თუ არა სასესხო ურთიერთობით მიღებული თანხა გადახდილი და შესაბამისად გადაწყვიტოს მოცემული დავა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება ლ. ფ-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.