გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-600-02 31 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ტ-შვილმა 1982წ. 14 სექტემბერს მიიღო საწარმოო ტრავმა. 1983წ. 14 იანვრის საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებით ა. ტ-შვილი ცნობილ იქნა მეორე ჯგუფის ინვალიდად, 60% პროფესიული შრომის უნარის დაკარგვით. 1984წ. დაუდგინდა ინვალიდობის მესამე ჯგუფი 55% შრომის უნარის დაკარგვით, ხოლო 1985 წელს შრომითი ექსპერტიზით ა. ტ-შვილს დაუდგინდა ინვალიდობის მე-3 ჯგუფი შრომის უნარის მუდმივი 50% დაკარგვით და დაენიშნა პენსია. პენსიის ოდენობა განისაზღვრა საშუალო ხელფასის - 793 მანეთის მიხედვით. ა. ტ-შვილმა მიიჩნია, რომ მისი საშუალო ხელფასი 1983 წელს შეადგენდა 903 მანეთს და სარჩელით მოითხოვა სხვაობის ანაზღაურება 1983წ. 19 იანვრიდან 1993წ. 1 მარტამდე, ხოლო 1993წ. მარტიდან 2000წ. 19 ივნისამდე აუნაზღაურებელი სარგოს გადახდა სულ, 14649 ლარი. ა. ტ-შვილმა სარჩელით, ასევე, მოითხოვა 2000წ. ივნისიდან ყოველთვიური სარგოს ანაზღაურება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ტ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სს “ლ-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 122 ლარისა და 91 თეთრის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 1 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ა. ტ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სს “ლ-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1323 ლარის, ხოლო 2000წ. ივნისიდან ყოველთვიურად 49 ლარის გადახდა. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლი, რომლითაც დაზარალებულ ა. ტ-შვილს ზიანი უნდა აუნაზღაურდეს იმავე ან იმავე თანრიგის ნებისმიერი სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან იმ ოდენობით, რამდენი პროცენტითაც აქვს დაკარგული შრომის უნარის ხარისხი. სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ტ-შვილს დასახიჩრების პენსია მიღებული აქვს 1998წ. მარტის თვის ჩათვლით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ტ-შვილის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება უნდა მოხდეს 1998წ. აპრილიდან 2000წ. ივნისის ჩათვლით. დადგენილ იქნა იმავე თანრიგის _ მხერხავის 3 თვის საშუალო ხელფასის ოდენობა _ 98 ლარი.
ა. ტ-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რითაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. კასატორმა მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებეზე, რასაც სასამართლომ, მისი აზრით, არასწორი შეფასება მისცა. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1998წ. ჩათვლით აპელანტს მიღებული აქვს დასახიჩრების პენსია, ისე, რომ არ მიუთითა, თუ რა მტკიცებულებით დაადგინა აღნიშნული გარემოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 1 მაისის გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ა. ტ-შვილს 1998წ. მარტამდე მიღებული აქვს დასახიჩრების პენსია. სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითებს, თუ რა მტკიცებულების საფუძველზე მიიჩნია აღნიშნული გარემოება დადგენილად. სასამართლო საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე (აპელანტი) მოითხოვდა 1993წ. 1 მარტიდან 2000წ. 19 ივნისამდე აუნაზღაურებელი სარგოს გადახდას, სასამართლომ ისე მიიჩნია, რომ 1998წ. მარტამდე აპელანტს მიღებული ჰქონდა სადავო თანხის ნაწილი, არ დაადგინა, თუ რა ოდენობით ჰქონდა იგი მიღებული და ეს ოდენობა შეესაბამებოდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრაძანებულებით დადგენილ ოდენობას (მე-12 მუხლი).
თბილისი საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 ნოემბრის გადაწყვეტილება და ა. ტ-შვილს უარი ეთქვა 1983წ. იანვრიდან 1998წ. მარტის ჩათვლით ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზიანის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო არა 790 არამედ 903 მანეთიდან, ვინაიდან აპელანტმა ამის თაობაზე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ზიანის ასანაზღაურებელ თანხას არ უნდა გამოკლებოდა პენსიის თანხა, რადგან ანაზღაურების თანხის განსაზღვრაში რამდენიმეჯერ შევიდა ცვლილება, კერძოდ, 1992წ. 17 აპრილის ¹41 დადგენილების მე-13 პუნქტის მიხედვით თანხის ოდენობა გაორმაგდა, ხოლო 1993წ. 28 ივნისის ¹502 დადგენილების მიხედვით ზიანის ასანაზღაურებელ თანხას აკლდებოდა პენსიის ოდენობა. Aმასთან, ს.ს. ,,ლ-ს” მიერ წარმოდგენილი უწყისებით დგინდება, რომ ა. ტ-შვილს მიღებული აქვს დასახიჩრების გამო პენსია 1998წ. მარტის თვის ჩათვლით.
ა. ტ-შვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო კოლეგიამ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მისთვის ზიანის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო საშუალო ხელფასიდან, რომელიც შეადგენს 903 მანეთს და არა 790 მანეთს.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 8 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მეორე მუხლით ზიანი აუნაზღაურდება ნებისმიერი სპეციალობის მუშაკს, ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა საქმის მასალების შესწავლითა და მხარეთა განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატამ ს.ს. ,,ლ-ს” მიერ წარმოდგენილი უწყისების საფუძველზე დაადინა, რომ ა. ტ-შვილს მიღებული აქვს დასახიჩრების გამო პენსია 1998წ. მარტის თვის ჩათვლით. ა. ტ-შვილის განცხადებას, რომ ის პენსიას არ იღებდა სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოში მის მიერ წარდგენილი არ ყოფილა და არც დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წარმოუდგენია.
შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 8 თებერვლის ბრძანებულების 51-ე პუნქტის შესაბამისად, თუ განცხადება ზიანის ანაზღაურების შესახებ დამქირავებელთან შეტანილია შრომის უნარის დაკარგვიდან ან მარჩენალის გარდაცვალებიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, ზიანის ანაზღაურება ხდება განცხადების შეტანის დღიდან. Gგანცხადების შეტანის დღედ ითვლება მისი ორგანიზაციაში მიღებისDდღე.
პალატის აზრით, აღნიშნული ნორმის მოთხოვნა უნდა გავრცელდეს ზიანის არასრულად ანზღაურების პრეტენზიაზეც და თანხის სრულად გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ განცხადების შეტანის დღიდან.
ვინაიდან ა. ტ-შვილმა პრეტენზიები მოპასუხეს წაუყენა და სასამართლოს მიმართა 1999 წელს მის მიერ დაყენებული მოთხოვნა 1983 წლიდან მიღებული ანაზღაურების გაზრდაზე და გადაანგარიშებაზე უსაფუძვლოა. A
ა. ტ-შვილის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაზე საფუძვლიანია იმ ნაწილში, რომელიც ეხებაAგანცხადების შეტანის შემდეგ მისთვის ასანაზღაურებელ თანხას. ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 1 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1998წ. აპრილიდან 2000წ. ივნისის ჩათვლით მიუღებელი პენსიის ოდენობის ანაზღაურება 1323 ლარის ოდენობით და 2000წ. ივნისიდან ყოველთვიურად 49 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ტ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.