¹ 3კ-601-02 16 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე
დავის საგანი: სასაზღვრო მიჯნის აღდგენა, ზემოქმედების თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 27 ივლისს ბ. მ.-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების _ ბ. ს.-ისა და ჰ. ს.-ას წინააღმდეგ და მოითხოვა მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის ხელშემშლელი მოქმედების აღკვეთა.
სარჩელში აღნიშნა, რომ ცხოვრობს გარდაბნის რაიონის სოფ. ..., ამავე რაიონის საბჭოს აღმასკომის 1968წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე. მოპასუხეებმა, რომლებიც ცხოვრობენ მის მეზობლად, დაიწყეს უკანონო მშენებლობა, დაარღვიეს სასაზღვრო მიჯნა და მის ნაკვეთში შეიჭრნენ 60სმX15მმ-ით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეების არაერთგზისი გაფრთხილებისა, ისინი მაინც არღვევდნენ მის უფლებებს. აღნიშნული გარემოებების მითითებით მ.-მა სარჩელით მოითხოვა, სკ-ს 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 179-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 181-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეების მიერ წარმოებული უკანონო მშენებლობის აკრძალვა და დაზიანებული სასაზღვრო მიჯნის აღდგენა.
მოპასუხე ჰ. ს.-ამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული კართაკლიის საბჭოს საარქივო ცნობის თანახმად, ს.-ების მიწის ნაკვეთი შეადგენდა 0,24 ჰა-ს. მოპასუხემ მიუთითა, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოებით არ დაურღვევია სასაზღვრო მიჯნა და მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე არ შეჭრილა.
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვის დროს, მ.-მა გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მესაკუთრის მიერ ზემოქმედების თმენის ვალდებულებისათვის მოითხოვა მოპასუხეებისათვის კომპენსაციის დაკისრება 10000 ლარის ოდენობით.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს დაეკისრათ 5000 ლარის გადახდა მის სასარგებლოდ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეების მიერ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოებით დარღვეული იყო მოსარჩელის უფლებები, რაც გამოიხატა სასაზღვრო მიჯნის დარღვევასა და მის ნაკვეთზე შეჭრაში. აღნიშნული ქმედებისათვის, ს.-ებს, თანახმად სკ-ს 179-ე მუხლისა უნდა დაკისრებოდათ კომპენსაციის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე მ.-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება _ სასაზღვრო მიჯნის აღმართვის მოთხოვნის ნაწილში. აპელანტმა აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა უკანონოდ დაანგრიეს მიწის ნაკვეთებს შორის არსებული მიჯნა და 60სმX15მმ-ით შეიჭრნენ მის ნაკვეთში, რაც დადასტურებული იყო გარდაბნის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ცნობებით. აღნიშნული გარემოება დადგენილად ცნო სასამართლომაც, მაგრამ გადაწყვეტილების გამოტანისას არ იხელმძღვანელა სკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სასაზღვრო მიჯნის აღდგენის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 26 ოქტომბრის განჩინებით მ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეულ იქნა მიწის ნაკვეთებს შორის არსებული სასაზღვრო მიჯნა, რისთვისაც მათ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრათ კომპენსაციის გადახდა. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა, რომ გარდაბნის რაიონულ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მესაკუთრე თმენის ვალდებულებისათვის მიიღებდა კომპენსაციას, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობდა მიჯნის აღდგენის მოთხოვნის საფუძველი.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ბაკირ კ. ს.-მ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოსარჩელემ გაზარდა სარჩელის საგანი, რაზედაც არ ყოფილა მისი თანხმობა. საოლქო სასამართლოში მ.-მა განაცხადა, რომ მას არ სურდა მოპასუხეების მიერ კომპენსაციის გადახდა და უნდოდა სასაზღვრო მიჯნის აღდგენა, საოლქო სასამართლომ კი უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კომპენსაციის დაკისრების ნაწილში.
სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს 379-ე მუხლის მოთხოვნა და უკანონოდ უთხრა უარი შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიღებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებთან ერთად შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 379-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ნათქვამი უარი სააპელაციო საჩივარზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარმოადგენს ჩვეულებრივ სააპელაციო საჩივარს და მას წარედგინება იგივე მოთხოვნები, რაც სააპელაციო საჩივარს.
სსკ-ს 367-ე მუხლის თანახმად, წერილობითი ფორმით შედგენილი სააპელაციო საჩივარი, შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მართალია მხარეს უფლება აქვს შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანოს საოლქო სასამართლოში საქმის მომზადების სტადიაზე, მაგრამ ის ნებისმიერ შემთხვევაში წარდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. მასზე ვრცელდება დასაშვებობის ყველა ის პირობები, რაც გათვალისწინებულია დამოუკიდებელი სააპელაციო საჩივრისათვის, გარდა სსკ-ს 369-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გასაჩივრების ერთთვიანი ვადისა.
საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ თვლის კასატორის მითითებას, რომ საოლქო სასამართლომ მის წარმომადგენელს უკანონოდ უთხრა უარი შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიღებაზე. საქმეში არ მოიპოვება წერილობითი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ მხარემ სასამართლოში წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი. საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებასაც, რომ საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ს.-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვინაიდან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ, მათ აღარ გაასაჩივრეს და თავიანთი მოთხოვნის დაყენებას აპირებდნენ საქმის განხილვის დროს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ გაასაჩივრებდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაშინ იგი შევიდოდა კანონიერ ძალაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ს.-ი დაეთანხმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, მისთვის 5000 ლარის დაკისრების შესახებ, ხოლო თუ მას გააჩნდა გადაწყვეტილების საწინააღმდეგო არგუმენტები, შეეძლო გაესაჩივრებინა სააპელაციო საჩივრით ან საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს წარედგინა კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მითითება, რომ საქმეზე ჩატარებული ადგილზე დათვალიერებით და ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადგინდა სასაზღვრო მიჯნის დარღვევა, რის გამოც მისთვის კომპენსაციის დაკისრება, ზემოქმედების თმენის ვალდებულებისათვის, იყო უსაფუძვლო.
სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ ს.-ებმა დაარღვიეს მოსარჩელის ნაკვეთთან არსებული სასაზღვრო მიჯნა, რის გამოც სკ-ს 179-ე მუხლის თანახმად მათ დაეკისრათ კომპენსაციის გადახდა.
მხარეთა შორის არსებული მიჯნის დარღვევა დადგენილია, ასევე, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 2000წ. 7 დეკემბრის დასკვნით, სადაც აღნიშნულია, რომ ს.-ებმა ყოველგვარი ნებართვისა და პროექტის გარეშე ააშენეს საცხოვრებელი სახლი, რითაც შეიჭრნენ მოსარჩელის საეზოვე მიწის ნაკვეთში.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებას სამართლებრივი თვალსაზრისით. ამ მიზნით, სსკ-ს 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მისი მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს მხარის მხოლოდ ის ახსნა-განმარტებები, რომლებიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.
საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს კასატორის პრეტენზიაზე, რომ მოსარჩელემ, რაიონულ სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დროს, მისი თანხმობის გარეშე გაზარდა სარჩელის საგანი, ვინაიდან აღნიშნული საკითხი სააპელაციო პალატის განხილვის საგანი არ ყოფილა. კასატორს შეეძლო ასეთი მოთხოვნა სააპელაციო ან შეგებებული სააპელაციო საჩივრის სახით დაეყენებინა საოლქო სასამართლოში, რაც მან არ გააკეთა. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელეს არ გაუზრდია სარჩელის საგანი, არამედ მოსარჩელემ დააყენა ალტერნატიული მოთხოვნა. კერძოდ მოითხოვა სასაზღვრო მიჯნის აღდგენა ან კომპენსაციის გადახდა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მას სწორად დაეკისრა კომპენსაციის _ 5000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, რაც, ასევე სწორად იქნა ძალაში დატოვებული საოლქო სასამართლოს მიერ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული განჩინება სწორი და სამართლებრივად დასაბუთებულია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 26 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.