Facebook Twitter
საქმე # 210100122005999145

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №858აპ-24 ქ. თბილისი
ბ ს. 858აპ-24 26 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის – მიხეილ კუპრაშვილის, მსჯავრდებულ ს. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ბ–სა და მსჯავრდებულ კ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. ხ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით:

1.1. ს. ბ–ს, – დაბადებულს ...წელს, – ბრალად ედებოდა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 276-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით;

1.2. კ. კ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ს. ბსა და კ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 15 სექტემბერს, საღამოს საათებში, ს–ს რაიონის სოფელ თ–ში, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით დაახლოებით 70კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი „მერსედესი“ (სახელმწიფო ნომრით: ….), რომელსაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა მძღოლი – ს. ბ–ი. იმავე დროს, მისგან საპირისპიროდ, დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი – „მერსედესი“ (სახელმწიფო ნომრით: ….), რომელსაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა მძღოლი – კ. კ–ი. მოძრაობისას ორივე მძღოლმა დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართვლოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ამავე კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, გადავიდნენ საპირისპირო სავალ ნაწილზე და ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც, ს. ბ–ს ავტომობილში მჯდომი ა. ა–ი გარდაიცვალა, ხოლო თ. კ–მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 ნოემბრის განაჩენით:

3.1. კ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით – 1 წლით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

3.1.1. კ. კ–ი დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 21 ნოემბრიდან;

3.2. ს. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით – 1 წლით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

3.2.1. ს. ბ–ი დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 21 ნოემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:

4.1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ კუპრაშვილმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრება;

4.2. მსჯავრდებულ ს. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ნ. გ–მა მოითხოვა ს. ბ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება;

4.3. მსჯავრდებულ კ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ვ. თ-მ და შ. ხ–მა – მოითხოვეს კ. კ–ს გამართლება;

4.4. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ს. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ–მა, რომელიც ითხოვს პროკურორის საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ხოლო, დაშვების შემთხვევაში – მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

4.5. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა კ. კ–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, განაცხადეს, რომ კ. კ–ი თავს სრულად ცნობდა დამნაშავედ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენაში და მოითხოვეს დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:

6.1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორი მიხეილ კუპრაშვილი ითხოვს მსჯავრდებულების მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას;

6.2. მსჯავრდებულ ს. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი – ნ. ბ–ს – ითხოვს ს. ბ–ს უდანაშუალოდ ცნობას მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენაში და მის დასჯას ავტომობილის ალკოჰოლის მსუბუქი ზემოქმედების ქვეშ მართვის გამო.

6.3. მსჯავრდებულ კ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი – შ. ხ–ი – ითხოვს კ. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, ნაცვლად მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებისა და დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელებას.

6.4. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ს. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. გ–მა.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ, ბრალდების მხარე ითხოვს შეფარდებული სასჯელების გამკაცრებას, ხოლო დაცვის მხარე მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენაში ს. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო კ. კ–ს მიმართ შერაცხილი მსჯავრის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე გადაკვალიფიცირებას და დანიშნულ სასჯელზე საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობების გავრცელებას.

9. დაუსაბუთებლბის გამო საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ს. ბ–სის ადვოკატის – ნ. ბ–ს მტკიცებას ს. ბ–ის უდანაშალობის შესახებ, ასევე მსჯავრდებულ კ. კ–ს ადვოკატის – შ. ხ–ს მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა თუ არა კ. კ–ი ავტომობილს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რის გამოც, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს –საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, ნაცვლად მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებისა. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ს. ბ–სა და კ. კ–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9.1. სასამართლო სსიპ ლ. სამხარაულის სახელმწიფო სასამართლო ბიუროს ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, ასევე ითვალისწინებს, მათ შორის, მოწმე ო. ს–ს ჩვენებას, ასევე იმ გარემოებას რომ კასატორის - შ. ხ–ს მიერ მითითებული ვერსია არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, რაც არ გულისხმობს მტკიცებულებათა მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №400აპ-21). შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

11. საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულ კ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ხ–ს მოთხოვნასთან – მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებასთან დაკავშირებით, მხედველობაში იღებს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობას (რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება): ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. მოცემულ შემთხვევაში, მათ შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას კ. კ–სი იყენებდა დუმილის უფლებას (13.09.2022; 16:04:43; ტ.N2; ს.ფ.246); კასატორი დაცვის მხარე ითხოვს, მათ შორის, კ. კ–ს მიმართ შერაცხილი მსჯავრის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებზე გადაკვალიფიცირებას. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.

12. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების მიმართ შეფარდებული სასჯელების გამკაცრების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

13. სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ მხარეებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დამძიმება ან შემსუბუქება.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორის – მიხეილ კუპრაშვილის, მსჯავრდებულ ს. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ბ–სა და მსჯავრდებულ კ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – შ. ხ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 3 ივნისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.





თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი




მოსამართლეები: შ. თადუმაძე




მ. გაბინაშვილი