გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-604-02 12 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, თ. კობახიძე
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 15 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000წ. 18 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ბ-ეს რ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1257 აშშ დოლარის გადახდა.
2001წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და იგი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებულ იქნა წარმოებაში. რ. ნ-მა 15.06.01წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინაზე ვ. ბ-ის წილის განსაზღვრა და ამ წილზე გადახდევინების მიქცევა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ნ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, აღნიშნულ მისამართზე მდებარე ოთხოთახიანი იზოლირებული ბინა ცნობილ იქნა ნ. ბ-ის და ვ. ბ-ის თანასაკუთრების ბინად თანაბარ წილში და გადახდევინება მიექცა ბინის ნახევარზე, რომელიც ეკუთვნის ბარბაქაძეს.
რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 5 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამასთან შეჩერდა გადაწყვეტილების აღსრულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 12 თებერვლის განჩინებით ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ის, რომ ბინა პრივატიზებული იქნა 1994წ. 30 იანვარს ვ. ბ-ის და მისი მეუღლის ნ. ბ-ის სახელზე. ამ დროისათვის ბინაში ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა 4 სული ცოლ-ქმარი და ორი არასრულწლოვანი შვილი.
სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა სასამართლოს მითითება საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებაზე, რომლის თანახმად ბინის პრივატიზების უფლება ჰქონდა პრივატიზების დროისათვის მასში მცხოვრებ ყველა სრულწლოვან წევრს. ამდენად, სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საკუთრების უფლება აქვთ მის შვილებს, რომლებიც დღეისათვის სრულწლოვნები არიან, ვინაიდან პრივატიზაცების დროს ისინი იყვნენ არასრულწლოვნები.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-ემ. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მას ჰყავს ორი სრულწლოვანი შვილი _ ქალ-ვაჟი 22 და 21წ., რომლებიც არიან მისი ოჯახის სრულუფლებიანი წევრები და ისევე სარგებლობენ ბინაზე საკუთრების უფლებით, როგორც იგი და მისი მეუღლე. აქედან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ იგი სინამდვილეში ფლობს ბინის მეოთხედს და არა ნახევარს, რომელზეც უნდა მოხდეს აღსრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ვალის გადასახდელად მიქცეული იქნება ბინის მეოთხედი წილი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სადავო ბინა აღრიცხულია ვ. ბ-ის მეუღლის სახელზე და მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზების შესახებ” 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით ბინის პრივატიზებაში მონაწილეობდა პრივატიზების დროისათვის მასში მცხოვრები ყველა სრულწლოვანი პირი.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სადაო ბინის პრივატიზება მოხდა 1994წ. 30 იანვარს ბარბაქაძის მეუღლის ნ. ბ-ის სახელზე. პრივატიზების დროისათვის ბინაში ვ. ბ-ისა და ნ. ბ-ის გარდა ცხოვრობდა მათი ორი არასრულწლოვანი შვილი. ამდენად, პრივატიზების დროისათვის ვ. ბ-ის შვილები არასრულწლოვნები იყვნენ და ის ფაქტი, რომ ამჟამად ისინი სრულწლოვნები არიან, ვერ გამოიწვევს ბინის წილის მათზე აღრიცხვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება მიღებულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 12 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.