3კ-605-02 16 სექტემბერი, 2002წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე
დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 30 ნოემბერს ჯ. გ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს კ. ფ.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მორალური და მატერიალური ზიანის მიყენებისათვის მისთვის 12000 ლარის დაკისრება.
სარჩელში აღნიშნა, რომ 1998წ. 26 აპრილს, მცხეთის რაიონის სოფ. ...-ში, კ. ფ.-ის მართვის ქვეშ მყოფი ტრაქტორით მიიღო სხეულის დაზიანება. აღნიშნული ქმედებისათვის, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 11 მაისის განაჩენით, მოპასუხის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. ამავე განაჩენით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჯ. გ.-ის სამოქალაქო სარჩელი და კ. ფ.-ს დაეკისრა 530 ლარის გადახდა. აღნიშნული განაჩენი, თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 19 ივლისის განჩინებით გაუქმდა სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ჯ. გ.-ის უფლება მიეცა აღნიშნულზე სარჩელით მიემართა სასამართლოსათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. გ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 1200 ლარის გადახდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ფ.-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო მოსარჩელეს მიადგა ფიზიკური და მატერიალური ზიანი. აღნიშნული შემთხვევის გამო ის გადიოდა სტაციონალურ და ამბულატორიულ მკურნალობას, რაშიც დაეხარჯა 327 ლარი და, ასევე, არაოფიციალურად შეძენილ მედიკამენტებში _ 660 ლარი.
სასამართლომ, ასევე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, მკურნალობის პერიოდში, დასამუშავებელი დარჩა მიწის ნაკვეთი, საიდანაც იგ იღებდა გარკვეულ შემოსავალს.
სასამართლო გადაწყვეტილება სამართლებრივად დაეფუძნა სკ-ს 408-412-ე მუხლებს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. გ.-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტმა მიუთითა, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მისთვის ფიზიკური და მატერიალური ზიანის მიყენება, მაგრამ სასარჩელო მოთხოვნა სრულად არ დააკმაყოფილა და მოპასუხეს დააკისრა სიმბოლური თანხა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 9 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საოლქო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი კვალიფიკაცია სკ-ს 408-412-ე მუხლებით.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. გ.-მა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ საოლქო სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უკანონოდ უთხრა უარი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებთან ერთად შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 394-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები წინააღმდეგობრივია და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სკ-ს 413-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, მაგრამ რადგან მოსარჩელე ითხოვს ისეთ თანხას, რაც გონივრულ ფარგლებს სცილდება, მას უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული დასკვნა წინააღმდეგობრივია და დაუსაბუთებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ეკუთვნის ზიანის ანაზღაურება, მაგრამ უარს ეუბნება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მითითებული დასკვნა ამავე დროს დაუსაბუთებელია. სასამართლო ყოველგვარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და დასაბუთების გარეშე ადგენს, რომ მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს არაქონებრივი ზიანი. სასამართლომ პირველ რიგში უნდა გამოიკვლიოს მიადგა თუ არა ქონებრივი ზიანი მოსარჩელეს და თუ მიადგა ზიანი, რაში გამოიხატა იგი. მხოლოდ, მითითებული გარემოების დადგენის შემდეგ შეუძლია სასამართლოს იმსჯელოს ანაზღაურების ოდენობაზე. სააპელაციო პალატამ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ არაქონებრივი ზიანის დადგენის შემთხვევაში, არაგონივრული ანაზღაურების მოთხოვნა არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, არამედ იგი შეიძლება გახდეს მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
დაუსაბუთებელია ასევე გასაჩივრებული განჩინება მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დანაშაულებრივი შედეგი რომ არ დამდგარიყო მოსარჩელე მიწის ნაკვეთის დამუშავებით მიიღებდა შემოსავალს, მაგრამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება იმისა თუ რა შემოსავლის მიღება შეეძლო მას. ამასთან, სასამართლომ მკურნალობის ხარჯები განსაზღვრა 987,40 (327 ლარი + 660,40 ლარი) ლარის ოდენობით, ხოლო საბოლოოდ მოპასუხეს დააკისრა 1200 ლარის გადახდა. გასაჩივრებული განჩინებით არ ირკკვევა რისთვის დააკისრა სასამართლომ 213 (1200 – 987,40) ლარი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს თანხა არის ზიანი მიუღებელი შემოსავლისათვის.
ამდენად, სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოპასუხეს დააკისრა 213 ლარი და არ გამოიკვლია რაში გამოიხატება 213 ლარის ოდენობით დამდგარი ზიანი.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ამ მიზნით სსკ-ს 222-ე მუხლის შესაბამისად, კოლეგიური სასამართლოს თავმჯდომარესა და მის ნებისმიერ წევრს უფლება აქვთ მხარეებს მისცენ შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას. ამ გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენასა და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 9 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.