გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-607-02 22 მაისი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. ჯ-ძე მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გადასახადის გადამხდელთა კონტროლის დეპარტამენტის არამატერიალური წარმოების სფეროს საწარმოთა კონტროლის სამმართველოს ...ად. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე და 108-ე მუხლების თანახმად, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე მ. ჩ-ის 2000წ. 19 ოქტომბრის ¹პ-958 ბრძანებით იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საგადასახადო დეპარტამენტის რეორგანიზაციასა და საშტატო ერთეულების შემცირებასთან დაკავშირებით.
2001წ. 21 მარტს ზ. ჯ-ძემ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროსა და საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის მიღების მოთხოვნით.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ზ. ჯ-ძის მიმართ გაუქმებულად იქნა ცნობილი 2000წ. 3 სექტემბერს ჩატარებული საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის საკვალიფიკაციო გამოცდების საბოლოო შედეგები “შრომის ნაყოფიერების” კრიტერიუმის ნაწილში და აღნიშნული კრიტერიუმი შეფასებულ იქნა 25 ქულით. საბოლოოდ, ზ. ჯ-ძის შეფასება განისაზღვრა 67 ქულით; გაუქმდა საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000წ. 19 ოქტომბრის ¹პ-958 ბრძანება ზ. ჯ-ძის სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე. ზ. ჯ-ძე აღდგენილ იქნა სამუშაოზე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში ...ის შესაბამის თანამდებობაზე. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დაევალა ზ. ჯ-ძისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2000წ. 19 ოქტომბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე.
მოცემული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ. ჯ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მოხელეს უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხზე გამოტანილი ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში ზ. ჯ-ძე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებულ იქნა 2000წ. 19 ოქტომბერს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹375-ე ბრძანების საფუძველზე, ხოლო სასამართლოს სარჩელით მიმართა 2001წ. 21 მარტს, ანუ გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით.
ზ. ჯ-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
საკასაციო საჩივარი ემყარება იმ საფუძველს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლი, რომლის თანახმადაც გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება ბრძანების ჩაბარების მომენტიდან და არა მისი გამოცემის მომენტიდან. კასატორმა საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000წ. 19 ოქტომბრის ¹პ-958 ბრძანება ჩაიბარა 2001წ. 26 თებერვალს, ხოლო სასამართლოს მიმართა 2001წ. 21 მარტს, რის გამოც მიაჩნია, რომ არ გაუშვია სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზ. ჯ-ძე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გადასახადის გადამხდელთა კონტროლის დეპარტამენტის არამატერიალური წარმოების სფეროს საწარმოთა კონტროლის სამმართველოს მთავარი საგადასახადო ინსპექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდა საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000წ. 19 ოქტომბრის ¹პ-958 ბრძანების საფუძველზე. მისი სამუშაოდან განთავისუფლების საფუძველია საგადასახადო დეპარტამენტის რეორგანიზაცია და საშტატო ერთეულების შემცირება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე და 108-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზ. ჯ-ძის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია მუშაკის მიერ სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. ამდენად, საჯარო მოხელის მიმართ შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისი მუხლები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, თუ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი კონკრეტულად არ არეგულირებს ამ საკითხს. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით კი განსაზღვრულია საჯარო მოსამსახურის მიერ სამუშაოდან დათხოვნის თაობაზე სასამართლოსათვის მიმართვის ვადა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელეს უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხზე გამოტანილი ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე - მოქმედება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ზ. ჯ-ძემ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000წ. 19 ოქტომბრის ბრძანების მიღების თაობაზე უკვე იცოდა 2000წ. ოქტომბერში, რადგან იგი დაკისრებულ მოვალეობებს აღარ ასრულებდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზ. ჯ-ძეს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა ზ. ჯ-ძის მოთხოვნა ხანდაზმულად, აქედან გამომდინარე, მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.