Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-608-02 10 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბეს დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ნ-ემ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა. ს-ის მიმართ და მოითხოვა ბეს სახით მიცემული 500 აშშ დოლარის ორმაგი ოდენობით დაბრუნება. მოსარჩელის განმარტებით, მან გადაწყვიტა ქ. თბილისში,... მდებარე ბინის შეძენა ა. ს-ისაგან 8500 აშშ დოლარად, რომელსაც ბეს სახით გადასცა 500 აშშ დოლარი. დანარჩენ თანხას კი შეთანხმებისამებრ მას შემდეგ გადაიხდიდა, როცა იგი გაყიდდა თავის საკუთარ ბინას. მოგვიანებით, როცა მ. ნ-ეს მიეცა რეალური შესაძლებლობა, გაეყიდა თავისი ბინა და ა. ს-ისათვის გადაეცა დარჩენილი თანხის ნაწილი, ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა ბინის გაყიდვაზე.

მოპასუხე ა. ს-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა მ. ნ-ისაგან დამატებით 500 აშშ დოლარის გადახდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს რამდენიმეჯერ გაუგრძელა თანხის გადახდის ვადა, რა პერიოდშიც დაეცა ბინის ფასი, რამაც მიაყენა მატერიალური ზიანი.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალედევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ნ-ისა და ა. ს-ის შეგებებული სარჩელები არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მხარეებს შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფად მ. ნ-ემ ბეს სახით გადასცა 500 აშშ დოლარი ა. ს-ს. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულება მაშინ იქნებოდა სისრულეში მოყვანილი, როცა მ. ნ-ე გაყიდდა თავის ბინას დათქმულ ვადაში. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შესრულების ვადა რამდენჯერმე იქნა გაგრძელებული საბოლოოდ _ 2000წ. დეკემბრამდე, მაგრამ ვერც ამ პერიოდში იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება. ა. ს-მა თავისი კუთვნილი ბინა 2001წ. აპრილში გაყიდა, როცა ამოიწურა ხელშეკრულების შესრულების ვადა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა მოხდა მ. ნ-ის ბრალით. სკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, როცა ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, ბე რჩება მის მიმღებს.

მ. ნ-ემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. ს-ს დაეკისრა 500 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში მ. ნ-ის სასარგებლოდ. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო შემდეგ მოტივებს: მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება ზეპირი ფორმით. სკ-ს 323-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად კი ბათილია კანონით დადგენილი აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. რაც შეეხება მ. ნ-ის მიერ ვალდებულების შესასრულებლად ა. ს-ისათვის გადაცემულ 500 აშშ დოლარს, ეს თანხა, თანახმად სკ-ს 976-ე მუხლისა, გარიგების ბათილობის გამო, უნდა დაუბრუნდეს მ. ნ-ეს.

ა. ს-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რადგან დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს სანოტარო ფორმის დაცვას იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს მხარეებს შორის ისეთ ვალდებულებას, როგორიცაა ბეს ხელშეკრულება. მ. ნ-ემ ბრალეულად დაარღვია მასზე დაკისრებული ვალდებულება, ამავე კოდექსის თანახმად, თუ ხელშეკრულების ბრალეულად დარღვევას ზიანიც მოჰყვება, ბე უნდა ჩაითვალოს ზიანის ანაზღაურების ანგარიშში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2000 წელს მ. ნ-ემ ა. ს-ს ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის შესყიდვის მიზნით ბეს სახით გადაუხადა 500 დოლარი; მხარეთა მიერ თანხის გადაცემაზე წერილობითი დოკუმენტი არ გაფორმებულა.

სკ-ს 421-ე მუხლის მიხედვით ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ბე ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილია, მისი გადაცემით დასტურდება მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და ამიტომ იგი გაფორმებული უნდა იყოს ისეთივე ფორმით, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულება. პალატა თვლის, რომ ბეს გადაცემა გარიგებაა _ წინარე ხელშეკრულებაა, რომელიც წინ უსწრებს ძირითად ნასყიდობის ხელშეკრულებას. სკ-ს 327-ე მუხლის III ნაწილის მიხედვით ხელშეკრულებისთვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც. აღნიშნულიდან გამომდინარე ძირითადი ხელშეკრულებისათვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვა სავალდებულოა წინარე ხელშეკრულების, მოცემულ შემთხვევაში “ბეს” გაცემის გაფორმებისას. სკ-ს 323-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით ბათილია კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება ბათილად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან მათ შორის ბეს გადაცემის ფაქტი სანოტარო წესით არ გაფორმებულა. ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია, რომ მოცემული ბე სკ-ს 423-ე მუხლის შესაბამისად ბინის ანაზღაურების ანგარიშში უნდა ჩაითვალოს.

სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 976-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტი. ამ პუნქტის შესაბამისად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის გამო, არ არსებობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხე ა. ს-ს დაეკისრა სადავო თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნება, კანონიერია და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.