Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-609-02 3 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: სარჩელში უკანონო მფლობელობიდან ბინის გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. გ-იანმა 1997წ. თებერვალში იყიდა ზ. კ-ძისაგან ქ. რუსთავში, ... მდებარე ერთოთახიანი ბინა. მხარეთა შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა სანოტარო წესით და იგი რეგისტრირებულ იქნა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. შემდეგ, 2001წ. აგვისტოში, დ. გ-იანმა ეს ბინა მიჰყიდა ო. მ-იას სანოტარო ფორმით დადასტურებული ხელშეკრულებით.

დ. გ-იანმა 2000წ. სექტემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ფ. კ-ძის მიმართ და მოითხოვა მისი გამოსახლება ქ.რუსთავში, ... მდებარე კუთვნილი ბინიდან. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დააფუძნა იმაზე, რომ ფ. კ-ძე, როგორც მეგობრის დედა, დროებით შეუშვა თავის ბინაში, იგი კი აღარ ათავისუფლებს ბინას.

ფ. კ-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა დ. გ-იანის მიმართ, მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის დაკისრება, რადგან მოპასუხემ იძულებით, მუქარით გააცვლევინა ფ. კ-ძეს და მის შვილს კუთვნილი ბინა. დაჰპირდა, რომ ბინების გაცვლის შედეგად დარჩენილი თანხიდან 2000 აშშ დოლარს გადაუხდიდა ფ. კ-ძეს, მაგრამ ამ ფულით მან თვითონ იყიდა ბინა, გაიფორმა თავის სახელზე, ხოლო იგი დროებით შეუშვა სადავო ბინაში, სანამ დათქმულ თანხას არ გადაუხდიდა ან ამ ბინას არ გადაუფორმებდა. ამიტომ, ფ. კ-ძემ მოითხოვა, რომ სასამართლოს დადებულად ეცნო გარიგება ფ. კ-ძესა და დ. გ-იანს შორის სადავო ბინის თაობაზე, თუ დ. გ-იანი 2000 აშშ დოლარს არ გადაუხდიდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. გ-იანის სარჩელი და ფ. კ-ძე გამოსახლდა ქ.რუსთავში, ... მდებარე ბინიდან; არ დაკმაყოფილდა ფ. კ-ძის შეგებებული სარჩელი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილებით შეცვალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილება ფ. კ-ძის გამოსახლების ნაწილში და ფ. კ-ძე გამოასახლა ო. მ-იას კუთვნილი ბინიდან. დანარჩენ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ სადავო ბინის მესაკუთრეს ამჟამად წარმოადგენს არა დ. გ-იანი, არამედ ო. მ-ია. ამიტომ დ. გ-იანი არასათანადო მხარეა ფ. კ-ძის სადავო ბინიდან გამოსახლების ნაწილში, ამიტომ იგი შეიცვალა სათანადო მოსარჩელით _ ო. მ-იათი; ფ. კ-ძე სადავო ბინიდან სწორად იქნა გამოსახლებული სკ-ს 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია ფ. კ-ძის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, რადგან მან სასამართლოს ვერ წარუდგინა სსკ-ს 102-ე მუხლის შესაბამისად იმის მტკიცებულება, რომ დ. გ-იანს მისთვის უნდა გადაეხადა 2000 აშშ დოლარი.

ფ. კ-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. მისი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სადავო ბინაში იგი ჩასახლდა დ. გ-იანის ნებით; დ. გ-იანსა და კასატორის შვილს, დ. კ-ძეს, შორის არსებობდა შეთანხმება ბინების გაცვლის თაობაზე;K ბინის გაცვლის განცხადებაზე მას ხელი არ მოუწერია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ფ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დ. გ-იანმა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ.რუსთავში.

დ. გ-იანმა 2000წ. სექტემბერში სარჩელი აღძრა სასამართლროში მოპასუხე ფ. კ-ძის მიმართ და მოითხოვა მისი გამოსახლება ქ.რუსთავში, ... მდებარე კუთვნილი ბინიდან. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დააფუძნა იმაზე, რომ ფ. კ-ძე, როგორც მეგობრის დედა, დროებით შეუშვა თავის ბინაში, იგი კი აღარ ათავისუფლებს ბინას.

ფ. კ-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრა დ. გ-იანის მიმართ, მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის დაკისრება, რადგან მოპასუხემ იძულებით, მუქარით გააცვლევინა ფ. კ-ძეს და მის შვილს კუთვნილი ბინა. დაჰპირდა, რომ ბინების გაცვლის შედეგად დარჩენილი თანხიდან 2000 აშშ დოლარს გადაუხდიდა ფ. კ-ძეს, მაგრამ ამ ფულით მან თვითონ იყიდა ბინა, გაიფორმა თავის სახელზე, ხოლო იგი დროებით შეუშვა სადავო ბინაში, სანამ დათქმულ თანხას არ გადაუხდიდა ან ამ ბინას არ გადაუფორმებდა. ამიტომ, ფ. კ-ძემ მოითხოვა, რომ სასამართლოს დადებულად ეცნო გარიგება ფ. კ-ძესა და დ. გ-იანს შორის სადავო ბინის თაობაზე, თუ დ. გ-იანი 2000 აშშ დოლარს არ გადაუხდიდა.

მოცემული დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას გაირკვა, რომ დ. გ-იანმა სადავო ბინა მიჰყიდა ო. მ-იას 2001წ. 29 აგვისტოს და ბინის მესაკუთრედ რეგისტრირებულ იქნა ო. მ-ია.

სააპელაციო პალატის 2001წ. 14 დეკემბრის სხდომაზე დ. გ-იანმა თანხმობა განაცხადა შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით, ე.ი. ო. მ-იათი; სააპელაციო პალატის 2002წ. 1 თებერვლის სხდმაზე კი ო. მ-იას წარმომადგენელმა ბაზალმა მოითხოვა ფ. კ-ძის ბინიდან გამოსახლება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სარჩელის დაკმაყოფილებისას სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ფ. კ-ძეს არ ჰქონდა სადავო ბინის კანონიერი ფლობის უფლება. მან ვერ შეძლო სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაემტკიცებინა ის გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავისი შეგებებული სარჩელის მოთხოვნებს.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ფ. კ-ძეს ასეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი, რის გამოც ფ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ფ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 თებერვლის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.