3კ-610-02 30 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,ქ. გაბელაია
დავის საგანი: ქორწინების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. მ.-ი 1990 წელს ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ვ. წ.-თან. ქორწინების შეწყვეტის გარეშე ნონა მ.-მა 1995წ. 25 ოქტომბერს მეორედ იქორწინა დ. ჟ.-თან, რომელთანაც ერთად ცხოვრების პერიოდში, 1996 წელს, შეეძინა შვილი _ ლ. ჟ.-ი.
ნ. მ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ჟ.-ის და ი. ხ.-ს მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, თანამესაკუთრედ ცნობისა და ბინიდან გამოსახლების შესახებ. დ. ჟ.-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ქორწინების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მასზე დაქორწინებისას ნ. მ.-ი უკვე იმყოფებოდა ქორწინების რეგისტრაციაში ვ. წ.-თან.
2000წ. განჩინებით დავა ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ გამოეყო ცალკე წარმოებად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ.-სა და ვ. წ.-ს შორის ქორწინება ცნობილი იქნა ბათილად. სასამართლომ დაადგინა, რომ ქორწინება ატარებდა ფიქტიურ ხასიათს _ ნ. მ.-ი ვ. წ.-ს ცოლად გაჰყვა თბილისში ჩაწერის მიზნით და მათ შორის არ ყოფილა ნამდვილი საქორწინო ურთიერთობა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ჟ.-ის სარჩელი, ნ. მ.-თან ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დატოვებულ იქნა უცვლელად.
ნ. მ.-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მისი ქორწინება ვ. წ.-თან; სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ეს ქორწინება ითვლება ბათილად მისი რეგისტრაციის მომენტიდან; სასამართლოს განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც წარმოადგენს მისი გაუქმების საფუძველს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ნ. მ.-ი 1990 წლიდან ქორწინების რეგისტრაციაში იმყოფებოდა ვ. წ.-თან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ქორწინება, როგორც ფიქტიური, ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. მ.-სა და ვ. წ.-ს შორის ფაქტობრივად არ ყოფილა საქორწინო ურთიერთობა. სკ-ს 1146-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას ნ. მ.-სა და ვ. წ.-ეს შორის ქორწინება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იყო ცნობილი. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ ყოფილა შეფასებული აღნიშნული მტკიცებულება, რითაც დარღვეულ იქნა სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნა.
სკ-ს 1143-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება ცნოს ნამდვილად ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნულ გარემოებაზე და მისი გათვალისწინებით არ დაუსაბუთებია თავისი გადაწყვეტილება ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ.
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
პალატა თვლის, რომ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას. საქმის განხილვისას სააპელაციო პალატამ უნდა იმსჯელოს იმის თაობაზე, პირველი ქორწინების ბათილად ცნობით ეცლება თუ არა საფუძველი დ. ჟ.-ის მოთხოვნას მისი ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ; სკ-ს 1143-ე მუხლის თანახმად ხომ არ არსებობს ქორწინების ნამდვილად ცნობის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 იანვრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.