გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-613-02 3 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, თ. კობახიძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998წ. 15 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. კ-იას სარჩელი და მოპასუხე ნ. დ-უას დაეკისრა, მის სასარგებლოდ ბინის ქირის გადახდა 100 ლარის ოდენობით.
ნ. დ-უას საკასაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 1998წ. 20 ნოემბრის განჩინებით შეცვალა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება და ნ. დ-უას ნ. კ-იას სასარგებლოდ 220 ლარი დააკისრა, ამავე სასამართლოს პრეზიდიუმის 1995წ. 25 მარტის დადგენილებით გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1998წ. 20 ნოემბრის განჩინება და უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998წ. 15 მაისის გადაწყვეტილება.
საქმის მასალების მიხედვით ნ. კ-იამ საზედამხედველო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საიდანაც 1998წ. 12 მაისის წერილით ეცნობა, რომ მისი საჩივარი უსაფუძვლოა და საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს;
2000წ. 15 მარტს ნ. კ-იამ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999წ. 25 მარტის დადგენილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 21 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული განცხადება დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო იმ მოტივით, რომ ის გარემოება, რომელსაც ნ. კ-ია ასახელებდა ახლად აღმოჩენილად, მისთვის ადრევე იყო ცნობილი. ის ფაქტი, რომ საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმს დაუმალეს მისი განცხადება ამავე სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე, ცნობილი გახდა მისთვის 1999წ. 25 მარტს, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადება შეტანილია სასამართლოში 1999წ. 15 ნოემბერს, ანუ საქართველოს სსკ-ს 426-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით. აღნიშნული განჩინება უზენაესი სასამართლოს მიერ დატოვებულ იქნა უცვლელად.
2001წ. 23 მაისს თბილისის საოლქო სასამართლოს კვლავ მიმართა ნ. კ-იამ განცხადებით საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ განმცხადებელმა მოიპოვა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999წ. 25 მარტის დადგენილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების შესახებ შეტანილია საქართველოს უზენაეს სასამართლოში არა 1999წ. 15 ნოემბერს, არამედ უფრო ადრე, რაც დასტურდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის 1999წ. 12 მაისის წერილით, რომლის მიხედვით განცხადება უზენაეს სასამართლოში შეტანილია 1999წ. 14 აპრილს, ანუ კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დაცვით; განმცხადებლის განმარტებით, მას არა აქვს გაშვებული კანონით დადგენილი ვადა, ხოლო ამის მტკიცებულება მოპოვებული აქვს ამჟამად და წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 21 დეკემბრის განჩინების გასაუქმებლად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 იანვრის განჩინებით ნ. კ-იას განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 21 დეკემბრის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. კ-იამ 1999წ. 14 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა საზედამხედველო საჩივრით და არა განცხადებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ; აღნიშნული განცხადება მან საპროცესო ვადის დარღვევით _ 1999წ. 15 ნოემბერს შეიტანა.
ნ. კ-იამ საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაშვება განსახილველად იმ საფუძვლით, რომ მას არ გაუშვია განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო განცხადებას, საქმის მასალებს და თვლის, რომ იგი დაუშვებელია განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 21 დეკემბრის განჩინებით ნ. კ-იას განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2001წ. 23 მაისს თბილისის საოლქო სასამართლოს კვლავ მიმართა ნ. კ-იამ ახალი განცხადებით და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2000წ. 21 დეკემბრის განჩინების გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1999წ. 25 მარტის დადგენილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილია არა 1999წ. 15 ნოემბერს, არამედ უფრო ადრე _ 1999წ. 14 აპრილს, ე.ი. კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დაცვით;
საქართველოს სსკ-ს 426-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში ნ. კ-იამ განცხადება 1999წ. 25 მარტის დადგენილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შეიტანა 1999წ. 15 ნოემბერს, ე.ი. 8 თვის შემდეგ.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ 1999წ. 14 აპრილს ნ. კ-იას მიერ შეტანილია საზედამხედველო საჩივარი და არა განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მისი განცხადება დაუშვებელია და უნდა იქნეს დატოვებული განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. კ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 იანვრის განჩინება.
განჩინება საბოლოო და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.