¹ 3კ/617-01 25 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: ბინის მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1998 წლის 6 აპრილს ზ. მ-ძემ ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა “...-ის” და შპს “ბ.-ის” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1992 წლის 11 სექტემბერს ფირმა “ბა. 2000”-სა და ... მცხოვრებ მობინადრეებს შორის დაიდო ხელშეკრულება საცხოვრებელ სახლზე ლოჯიებისა და ერთი სართულის მანსარდით დაშენების შესახებ. მობინადრეთა სახელით ხელშეკრულებას ხელს აწერდა მოსარჩელე ზ. მ-ძე.
საბურთალოს რაიონის გამგეობის 1992 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა ამხანაგობა “...” თ. ნ-შვილის, ს-შვილისა და ზ. მ-ძის შემადგენლობით. ამხანაგობის თავმჯდომარედ დაინიშნა თ. ნ-შვილი.
ამ დროს მან ფირმა “ბა.-2000”-გან მიიღო შემოთავაზება, დაშენებულ ფართზე ერთი ბინა მანსარდით გამოყოფოდა მას, თუ კი იგი შესაბამის თანხებს შეიტანდა ფირმაში “ბა.-2000”.
ვინაიდან მას თანხა არ გააჩნდა მოელაპარაკა “ბალავერი-2000”-ის ხემძღვანელობას და შეთანხმდნენ, რომ თანხის ნაცვლად იგი ფირმას “ბა.-2000” მიაწვდიდა სამშენებლო მასალებს.
1992 წლის 22 სექტემბერს შეთანხმების შესაბამისად მან ფირმას მიაწოდა 12000 აშშ დოლარად ღირებული სამშენებლო მასალები.
გარდა ამისა 1992 წლის 7 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მ-ძე დაშენებულ სართულზე მიიღებდა ერთ ოთხოთახიან ბინას მანსარდით, თუ კი იგი იმავე კორპუსში მის საკუთრებაში არსებულ ბინას გადასცემდა ფირმას. ამ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ზ. მ-ძე გადაიხდიდა კუთვნილი ბინის საფასურს აშენებულის (მიშენებულის) საფასურის გათვალისწინებით.
1993 წლის შემდეგ ფირმა “ბა.-2000”-მა შეწყვიტა სამუშაოები. 1997 წლამდე მითითებულ ფირმას სამშენებლო სამუშაოები არ უწარმოებია, ამიტომ ფირმასა და მას შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ სარჩელით მიმართა სასამართლოს.
1997 წლის 25 აპრილს საბურთალოს რაიონის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მას და ფირმა “ბა.-2000”-ს შორის 1992 წლის 11 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.
აღნიშნულის შემდეგ იგი შეუთანხმდა თ. ნ-შვილს სხვა საამშენებლო ორგანიზაციის მეშვეობით მშენებლობის დასრულების და მისი სახელით ხელშეკრულების გაფორმების შესახებ იმ პირობით, თუ კი ახალი სამშენებლო ორგანიზაცია მას გამოუყოფდა ერთ ოთხოთახიან ბინას მანსარდით, რომლის სანაცვლოდაც გადასცემდა არა ამავე ბინაში არსებულ მის სახელზე რიცხულ ბინას, არამედ მისი მამის კუთვნილ ბინას, ხოლო დანარჩენი პირობები დარჩებოდა იგივე, რაც მას და ფირმა “ბალავერი-2000”-ს შორის იყო გათვალისწინებული.
ერთი თვის შემდეგ თ. ნ-შვილმა მას აცნობა, რომ სამშენებლო ორგანიზაცია შერჩეული ჰყავდა და ყველა პირობა შეთანხმებისამებრ დაცული იქნებოდა.
მიუხედავად აღნიშნულისა, 1997 წლის ივლისში თ. ნ-შვილმა მას განუცხადა, რომ იგი ამხანაგობის წევრი არ იყო და მშენებარე კორპუსში იგი ვერანაირ ბინას ვერ მიიღებდა.
ამჟამად მითითებული კორპუსის მშენებლობას ამხანაგობა “...”-ის დაკვეთით აწარმოებს შპს “ბ.-ი”.
მოსარჩელემ მოითხოვა ქ.თბილისში, ... ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მესამე სადარბაზოში, მე-5 სართულზე მდებარე ერთი ბინა მანსარდით ცნობილი იქნეს მის საკუთრებად.
ინდივიდუალურ ბინათმშენებლობა ამხანაგობა “...”-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ზ. მ-ძეს მითითებულ ამხანაგობასთან არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონდა გაფორმებული, აქედან გამომდინარე, არც რაიმე ვალდებულება გააჩნია მის მიმართ. რაც შეეხება ზ. მ-ძის მითითებას იმის შესახებ, რომ მან თითქოს ხელშეკრულება გააფორმა “... 2000”-თან და სამშენებლო მასალები გადასცა ამ ფირმის წარმომადგენელს, თუმცა სარწმუნოდ არ მიაჩნია, მაგრამ თუნდაც მართლაც ყოფილიყო ზ. მ-ძესა და “ბა.-2000”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებას ამხანაგობა “...”-თან არანაირი შეხება არ ექნებოდა.
2000 წლის 28 თებერვალს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ზ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ სარჩელი აღძრული იყო არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც პასუხი უნდა ეგო სარჩელზე და ზ. მ-ძე წინააღმდეგი იყო ამ საქმეზე მოპასუხედ მოწვეულ ამხანაგობა “...”-ის ნაცვლად სათანადო მოპასუხით შეცვლისა.
ზ. მ-ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე 2000 წლის 17 აგვისტოს განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, რომელმაც თავისი განჩინებით უცვლელად დატოვა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი აღძრული იყო არა იმ პირის წინააღმდეგ, ვისაც პასუხი უნდა ეგო სარჩელზე. ზ. მ-ძის მიერ საქმეზე წარმოდგენილი ხელშეკრულებები დადებული იყო ორ დამოუკიდებელ პირს, ფიზიკურ პირ ზ. მ-ძესა და ფირმა “ბა.-2000”-ს შორის და აღნიშნული გარიგება მესამე პირის, ამხანაგობა “...”-ის, ვალდებულებას ვერ წარმოშობდა. “...”-ის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე კი აპელანტმა უარი განაცხადა.
ზემოთ მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-ძემ. კასატორმა მოითხოვა ამ საქმეზე საპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ამხანაგობა “...” არასათანადო მოპასუხედ, რადგან მისი უფლებები სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით დაარღვია ამხანაგობა “...”-მ და არა რომელიმე საამშენებლო ორგანიზაციამ. მისი მოსაზრებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის მის წინაშე პასუხისმგებელია ამხანაგობა. აღნიშნული გარემოებების გამო, მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია.
საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვის პროცესში მოპასუხე ორგანიზაციამ, “ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა “...-მ განიცადა ლიკვიდაცია და მის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა ლ. ნ-შვილი _ “...”-ის ყოფილი თავმჯდომარე, რომლებმაც არ ცნო სარჩელი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე კორპუსზე ლოჯიებისა და მეხუთე სართულის მანსარდით მშენებლობა აწარმოა ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა “...”-მ, ხოლო შემდეგ მისი დაკვეთით – ფირმა ბ.-მა. მითითებულ სახლზე ნაწარმოები მიშენება და დაშენება წარმოადგენდა ამხანაგობა “...”-ის საკუთრებას.
მოსარჩელეს მოპასუხეებად საქმეში ჩაბმული ჰყავდა ამხანაგობა “...” და შპს “ბ.-ი”. მოსარჩელის მოთხოვნა იყო ამხანაგობა “...”-ის საკუთრებაში არსებული კორპუსზე დაშენებული მეხუთე სართულზე მანსარდით ერთ ოთხოთახიანი ბინის მესაკთრედ ცნობა, რისი წინააღმდეგიც იყო ამხანაგობა “...”.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად მოპასუხეა პირი, რომელიც ჩაებმება საქმეში სარჩელის შესაბამისად და პასუხი უნდა აგოს მოსარჩელის წინაშე მის მიერ დარღვეული ან კანონით დაცული ინტერესების ხელყოფისათვის; მან პასუხი უნდა აგოს სარჩელზე და სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თუ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უშუალო გავლენას უნდა ახდენდეს მის უფლებებსა და ინტერესებზე.
მოცემულ შემთხვევაში სადავო ბინა წარმოადგენდა რა ამხანაგობა “...”-ის საკუთრებას, ამასთან სარჩელის მოთხოვნა იყო სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობა, ცხადია, ამ საქმეში მოპასუხედ შეიძლება მხოლოდ ბინის მესაკუთრე ამხანაგობა “...” უნდა ყოფილიყო, რადგან ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ მის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს შეეხებოდა.
აქედან გამომდინარე, სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში სარჩელის განხილვის დროს საქმეში ფირმა “ბალავერი 2000” ან სხვა პირი ვერ იქნებოდა ჩაბმული მოპასუხედ და სააპელაციო სასამართლოს მითითება ამ მიმართებით მცდარი იყო.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის გამოყენებით, იმ საფუძვლით, რომ საქმეში მოპასუხედ სათანადო პირი არ იყო ჩაბმული, უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც შედეგად მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბაისად ამ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად უნდა განიხილოს სარჩელი, გაარკვიოს, სასამართლომ სათანადო გადაწყვეტილების გარეშე საქმიდან რატომ ამორიცხა მოპასუხედ ცნობილი შპს “ბ.-ი”, დადგენილი წესით თანამოპასუხედ მოიწვიოს სადავო ბინის ამჟამინდელი მესაკუთრე და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 17 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.