Facebook Twitter

3კ-617-02 13 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე

კასატორის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით კასატორის აღიარება პოლიტიკურ რეპრესიის მსხვერპლად.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ქ.-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მან განცხადებაში მიუთითა, რომ 1944 წელს იგი თავის მშობლებთან ერთად, ყოველგვარი ბრალის წაყენების გარეშე წყალტუბოს რაიონის სოფ. ...-დან გადასახლებულ იქნა ადიგენის რაიონში. მ. ქ.-მ მოითხოვა მისი ცნობა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად საქართველოს პარლამენტის 1997წ. 12 დეკემბრის კანონის “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” I მუხლის მე-2 ნაწილის, I და III მუხლების, IV მუხლის მე-3 ნაწილის და VI მუხლის საფუძველზე.

სოცუზრუნველყოფის ქუთაისის საქალაქო განყოფილების წარმომა­დგე­ნელმა სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ქ.-ს განცხადება არ დაკმაყოფილდა. მ. ქ.-მ გაასაჩივრა იგი სააპელაციო წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 26 თებერვლის განჩინებით მ. ქ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ კანონის მე-2 მუხლის მიხედვით პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა _ სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა, საცხოვრებლად გამწესება სპეციალური დასახლების ადგილებში, საცხოვრებელი შენობიდან გამოსახლება, აგრეთვე კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლების სხვადასხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ქ.-ა არ იყო ადიგენის რაიონში გადასახლებული პოლიტიკური მოტივით, ამიტომ იგი არ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

მ. ქ.-მ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ გამოიყენა “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორი მოითხოვს მის გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით მის ცნობას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტარციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოცემულ საქმეზე მოპასუხე ქუთაისის სოცუზრუნველყოფის ფონდი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რის გამოც დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად.

“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ დავებს საოლქო სასამართლოებში იხილავენ ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატები.

ადმინისტრაციულ დავათა განხილვის წესი არსებითად განსხვავდება სამოქალაქო დავათა განხილვის პროცედურისაგან. დავის ადმინისტრაციული ხასიათი, საჯარო ინტერესები განაპირობებს მხარის ნების პრიმატის და დისპოზიციურობის შეზღუდვას.

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებათა წარმოსადგენად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით მტკიცებულებებს სასამართლოს წარმოუდგენენ მხარეები. სასამართლო თავისი ინიციატივით არ იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოდგენის შესახებ.

როდესაც ადმინისტრაციულ დავას იხილავს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა სამოქალაქო საპროცესო ნორმების საფუძველზე ირღვევა კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციულ დავათა განხილვის უმთავრესი პრინციპი და დავა წყდება იმ აუცილებელი ნორმების გამოყენებისა და გათვალისწინების გარეშე რაც ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო წარმოებას სამოქალაქო საქმეთა წარმოებისაგან განასხვავებს.

პალატა თვლის, რომ საპროცესო ნორმების ამგვარი დარღვევა წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომელსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყენებს იმ საპროცესო ნორმებს, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების კანონიერების და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 თებერვლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.