გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-620-02 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: სათავსებიდან გამოსახლება (ძირითადი სარჩელი); მფლბელად ცნობა (შეგებებული სარჩელი).
აღწერილობითი ნაწილი:
მხარეები: ნ. და თ. კ-ები ძმები არიან და ოჯახებით ცხოვრობენ ქუთაისში, ... მდებარე სახლში. წლების მანძილზე მათ შორის მიმდინარეობს დავა სახლისა და დამხმარე სათავსების გაყოფის შესახებ. 1997წ. მარტში თ. კ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის სასამართლოს, რითაც ითხოვდა დამხმარე სათავსებზე სარგებლობის უფლების დადგენას. საქმე საბოლოოდ აცილების წესით განიხილა ხონის რაიონულმა სასამართლომ და 1998წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დღეისათვის ხონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია. ამის შემდეგ, 1999წ. ივლისში, სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ. კ-მა და მოითხოვა სადავო დამხმარე სათავსებიდან თ. კ-ის გამოსახლება. სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა თ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა იგივე სათავსების მფლობელად ცნობა. წყალტუბოს რაიონის სასამართლოს 2000წ. 17 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: თ. კ-ი გამოსახლდა დამხმარე სათავსებიდან, ხოლო თ. კოღუაშვილს შეგებებულ სარჩელზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-მა მამის, ვ. კ-ის, სიცოცხლეში, მისივე დახმარებით, სახლს მიაშენა თავისთვის ახალი სახლი, რომელიც მამისეული სახლიდან ყრუ კედლით არის იზოლირებული, აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი და დამხმარე სათავსები. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-მა პროექტით გათვალისწინებული ერთი ოთახის ნაცვლად აწარმოა უნებართვო მშენებლობა და მიაშენა ექვსი საცხოვრებელი ოთახი დამხმარე სათავსებით. ამდენად, სადავო სათავსები მიიჩნია ნ. კ-ის აშენებულად და საკუთრებად. წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996წ. 29 მაისის გადაწყვეტილების (რომელიც კანონიერ ძალაშია) საფუძველზე აღნიშნული დადგენილად მიიჩნია და სსკ-ს 55-ე მუხლის გამოყენებით ჩათვალა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ხელახალ მტკიცებას არ საჭიროებს. წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ ხონის რაიონული სასამართლოს 1998წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი სარგებლობის უფლების დადგენის შესახებ), საფუძველზე არ დააკმაყოფილა თ. კ-ის შეგებებული სარჩელი მფლობელად ცნობის თაობაზე.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. კ-მა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებით თ. კოღუაშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. კ-ის სარჩელი თ. კ-ის დამხმარე სათავსებიდან გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა თ. კ-ის შეგებებული სარჩელი და იგი ცნობილ იქნა სადავო სათავსების მფლობელად. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-ი არცერთი დოკუმენტით არ არის აღიარებული სადავო სათავსების მესაკუთრედ და არც არასოდეს ფლობდა სადავო ფართს. უზენაესი სასამართლოს 1996წ. 29 ივნისის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ნ. კ-ს ნება დაერთო, მის საკუთრებაში მყოფ საცხოვრებელ ოთახს მიაშენოს ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს ერთი საცხოვრებელი ოთახი, ე.ი. ნ. კ-ზე გაცემულ პროექტში საუბარია მეორე სართულზე დამხმარე სათავსების აშენებაზე, რომელიც პროექტის დარღვევით ააგო კიდეც ნ. კ-მა და არა პირველ სართულზე განლაგებულ დამხმარე სათავსებზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებას არ მიანიჭა არსებითი მნიშვნელობა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ თ. კ-ი სადავო სათავსების მართლმზომიერი მფლობელია, ვინაიდან იგი მამის, სახლისა და სათავსების ამშენებლის და მესაკუთრის, ვ. კ-ის, სიცოცხლეში, მისივე თანხმობით ფლობს სათავსებს და აგრძელებს მის ფლობას მამის გარდაცვალების შემდეგაც.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. კ-მა, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით და ხონის რაიონული სასამართლოს 1998წ. 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომლებიც კანონიერ ძალაშია, სადავო სათავსებზე დავა დამთავრდა ჯერ კიდევ 1996წ. 28 იანვარს, როცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ ხონის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თ. კ-მა მაინც მოახერხა ახალი სასამართლო გადაწყვეტილების მიღება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს თ. კ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო ნ. კ-ის სარჩელზე თ. კ-ის გამოსახლების შესახებ უარის თქმის ნაწილში საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისში, ... მდებარე სახლის დამხმარე სათავსები, კერძოდ, 19,14 კვ.მ და 12,25 კვ.მ, 1,35 კვ.მ, 2,43 კვ.მ და მათ ქვეშ მდაბერე 19,74 კვ.მ სარდაფი, ორკარიანი გარაჟი და ბოსელი დღეისათვის ნ. კ-ის საკუთრებად არ ირიცხება. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქუთაისის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე აღნიშნული სათავსები ნ. კ-ის სახელზეა აღრიცხული, როგორც დაუკანონებელი. აღრიცხვის საფუძველია 1969წ. პროექტი. მოცემული ცნობის თანახმად, ნ. კ-ი სადავო სათავსების მესაკუთრედ ცნობილი არ არის. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ იგი სადავო საკუთრების ამშენებლად და მესაკუთრედ ცნობილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1996წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რომლითაც გადაწყდა დავა, საუბარი არ არის სადავო სათავსების კუთვნილების შესახებ, ხოლო კასატორის მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან მოყვანილი ფრაგმენტით: “ნ. კ-ს ნება დაერთო, რომ აღნიშნული სახლისათვის ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან უნებართვოდ მოწყობილი ღია ბაქანის გასწვრივ, მიეშენებინა ერთი საცხოვრებელი ოთახი ფართით 20 კვ.მ, დამხმარე სათავსების გათვალისწინებით, დამტკიცებული პროექტის მიხედვით. ნ. კ-მა განახორციელა მშენებლობა, მაგრამ პროექტით გათვალისწინებული ერთი ოთახის ნაცვლად, აწარმოა უნებართვო მშენებლობა და მიაშენა ექვსი საცხოვრებელი ოთახი დამხმარე სათავსებით” _ არ დასტურდება, რომ საუბარია სადავო სათავსებზე, ანუ პირველ სართულზე განთავსებულ სათავსებზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საუბარი რომ იყოს სადავო სათავსებზეც, მოცემული ციტატით არ დასტურდება, რომ ნ. კ-ი სადავო სათავსების მესაკუთრეა. სკ-ს 170-ე, 172-ე მუხლების საფუძველზე მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. ამავე კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე წაუყენებს მფლობელს დასაბუთებულ პრეტენზიას. ვინაიდან, ნ. კ-ი არ წარმოადგენს სადავო სათავსების მესაკუთრეს, მას უფლება არა აქვს, მოსთხოვოს თ. კ-ს მფლობელობის შეწყვეტა. ამდენად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ნ. კ-ის სარჩელი თ. კ-ის მიმართ სათავსებიდან გამოსახლების შესახებ.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. კ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, შეგებებული სარჩელით თ. კ-ი ითხოვდა სადავო სათავსების მფლობელად ცნობას. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სკ-ს 159-ე მუხლის შესაბამისად თ. კ-ი არის მართლზომიერი მფლობელი, თუმცა გადაწყვეტილებაში არ მიუთითა, რა სამართლებრივი საფუძვლით ფლობს თ. კ-ი სადავო სათავსებს. პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სათავსების მესაკუთრის აწ გარდაცვლილ ვ. კ-ის, ნებართვით შევიდა იგი სადავო სათავსებში საცხოვრებლად, რადგან ეს სათავსები ვ. კ-ის საკუთრებად აღრიცხული არ ყოფილა. პალატა თვლის, რომ თ. კ-ი სასარჩელო განცხადებაში არ მიუთითებს რაიმე სამართლებრივ საფუძველზე და არც საქმის მასალებში მოიპოვება მტკიცება იმისა, რომ თ. კ-ი სადავო ფართის მართლზომიერი მფლობელია, რის გამოც მისი სარჩელი სადავო სათავსების მართლზომიერ მფლობელად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მფლობელობას, იგი სკ-ს 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთზე ფაქტობრივი ბატონობაა და მისი მართლზომიერად აღიარებისათვის საჭიროა სამართლებრივი საფუძველი, რაც მოსარჩელე თ.კოღუაშვილს ამჟამად არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 3 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდეს თ. კ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
თ. კ-ის სარჩელი ქუთაისში, ... მდებარე 19.14 კვ.მ, 12.2 კვ.მ, 1.25 კვ.მ, 2.43 კვ.მ სათავსების, მათ ქვეშ მდებარე სარდაფის, ეზოში მდებარე ბოსლისა და ავტოფარეხის ნახევრის მფლობელად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.