Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-621-02 29 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი, მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 15 თებერვალს ე. ლ-ავამ ნ. გ-შვილის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “ე-ს” მის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს 18090 ლარის, ან ამ ღირებულების 240 ტ. და 120 კგ. შავი ლითონის დაბრუნება. სს “ე-ის” ადმინისტრაცია სხვადასხვა უსაფუძვლო საჩივრით ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, რაშიც მათ ეხმარება ამავე ორგანიზაციის იურისკონსულტი და სამოქალაქო საქმეებში მისი წარმომადგენელი ნ. გ-შვილი.

ნ. გ-შვილის მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ზემოთ მითითებულ საქმეზე ერთ-ერთი საჩივრის განხილვის დროს გამოყენებულ იქნა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრის ფაქტი, ხოლო 2001წ. 7 თებერვალს, სასამართლოს მსვლელობის დროს, ნ. გ-შვილმა მისსავე წინააღმდეგ გამოიყენა მცდარი ინფორმაციის შემცველი გამოძიების შედეგების არასწორი მონაცემები.

ნ. გ-შვილის ზემოთმითითებული მოქმედებების შედეგად მან განიცადა მატერიალური და მორალური ზიანი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოპასუხის წარმომადგენელი ნ. გ-შვილი თავისი უკანონო მოქმედებებით ხელს უშლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას; ილახება მისი პიროვნული ღირსება და იგი განიცდის სულიერ ტკივილს; ამის გამო, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად, მოითხოვა 1150 ლარის გადახდა.

ნ. გ-შვილმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი სასამართლო პროცესზე, სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, იცავდა სს “ე-ს”. ხელშეკრულებისა და საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე მას უფლება აქვს, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები და წარადგინოს სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც დაიცავს თავის კლიენტს. სწორედ აღნიშნულ უფლებებს განახორციელებდა იგი სასამართლო პროცესზე, სადაც წარადგინა მოსარჩელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილების ასლი და ამ საქმეზე გამომძიებლის მიერ გაცემული ინფორმაცია. მის მიერ განხორციელებული აღნიშნული მოქმედებები არ ეწინააღმდეგება კანონს, ხოლო მოსარჩელე ვერ ამტკიცებს, თუ რით შეილახა მისი პატივი და ღირსება, ან პირადი ცხოვრების საიდუმლოება ანდა პირადი ხელშეუხებლობა. მას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ბოდიშის მოხდისა და 1150 ლარის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა, რადგან იგი კანონით დადგენილი წესით იცავდა იმ ორგანიზაციის ინტერესებს, რომლის წარმომადგენლადაც იყო მიწვეული სასამართლოში. მანვე მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილით არაქონებრივი ზიანის ფულადი ანაზღაურება მოთხოვნილ უნდა იქნეს მხოლოდ კანონის ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში კანონი არ ითვალისწინებს ადვოკატის პასუხისმგებლობას მისი კლიენტის დაცვისათვის.

2001წ. 19 მარტს ე. ლ-ავამ გაზარდა სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა და ამჯერად მოპასუხისაგან მოითხოვა 200000 ლარის ანაზღაურება.

2001წ. 22 მარტს ე. ლ-ავამ განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა საქმეში წარმოდგენილი მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის აღძვრის კანონიერების შემოწმება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 23 მარტის განჩინებით მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

2001წ. 29 მარტს გამართულ მოსამზადებელ პროცესზე მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა ნ. ე-იამ მოითხოვეს მოსამართლის აცილება იმ საფუძვლით, რომ მან არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილების კანონიერების შემოწმების შესახებ.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვ.სართანიამ 2001წ. 29 მარტის განჩინებით საქმე შემდგომში სხვა მოსამართლეზე გადასაცემად გადაუგზავნა სასამართლოს თავმჯდომარეს. განჩინებაში მიუთითა, რომ აცილების მოტივები არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მოთხოვნებს და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელეს მის მიმართ გაუჩნდა უნდობლობა, უმჯობესი იყო, მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვა მას აცილებოდა.

2001წ. 1 ივნისს მოსარჩელემ შეამცირა სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა და ამჯერად მოითხოვა, მოპასუხეს გადასახდელად დაკისრებოდა 1150 ლარი.

2001წ. 26 ივნისს მოსარჩელემ კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მოპასუხეს წარმოედგინა სს “ე-ის” წარმომადგენლობითი დამადასტურებელი დოკუმენტები, რადგან, მისი მოსაზრებით, იგი მითითებული ორგანიზაციის წარმომადგენლად არ შეიძლება ჩათვლილიყო, რადგან იგი არც დირექტორი, არც პროკურისტი წესდებით განსაზღვრული სხვა სახის წარმომადგენელი არ ყოფილა.

2001წ. 4 ივლისის განჩინებით საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ხელშეკრულება ნ. გ-შვილისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ და სხვა დოკუმენტების წარმოდგენა საჭირო არ იყო, მით უმეტეს, სხვა დოკუმენტები არც არსებობდა.

2001წ. 6 ივლისს მოსარჩელემ კერძო საჩივრით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2001წ. 4 ივლისის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მითითებულ დღეს იგი მოსამზადებელ პროცესზე არ იყო მიწვეული სათანადო წესის დაცვით და განჩინების გამოცხადებას არ დასწრებია.

საქალაქო სასამართლოს 2001წ. 10 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე საჩივართან ერთად განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 2 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2001წ. 18 მარტს მოსარჩელემ ახალი განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და ამჯერად იმ მოტივით, რომ ეჭვი ეპარებოდა მოსამართლის ობიექტურობაში, მოითხოვა მოსამართლე დ. ჟორჟოლიანის აცილება.

2001წ. 20 სექტემბრის საოლქო განჩინებით შუამდგომლობა მოსამართლე დ.ჟორჟოლიანის აცილების შესახებ, როგორც უსაფუძვლო, არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო პროცესზე მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა ე-იამ დააყენეს ახალი შუამდგომლობა და მოითხოვეს მტკიცებულების სახით გამოთხოვილიყო მოსარჩელეზე მიკუთვნებული თანხის აღსრულებაზე უარის თქმის საქმის მასალები, აგრეთვე, მოპასუხის ადვოკატობის დამადასტურებელი საბუთები.

საქალაქო სასამართლოს მიერ იმავე დღეს მიღებული განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

2001წ. 24 მარტს მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს წარუდგინა 2000წ. 28 თებერვლის თარიღით შედგენილი აქტი, რომლითაც აქტის შემდგენლები: შ. ტ-ძე და ბ. ს-ძე ადასტურებდნენ, რომ 2000წ. 28 თებერვალს, 11 საათსა და 30 წუთზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში ყოფნის დროს, ისინი განხდნენ იმის მოწმენი, თუ როგორ დაემუქრა ნ. გ-შვილი ე. ლ-ავას.

2001წ. 24 სექტემბერს მოსარჩელემ კვლავ მიმართა სასამართლოს მოსამართლე დ. ჟ-ის აცილების მოთხოვნით, რადგან, მისი მოსაზრებით, იგი აშკარად დაინტერესებული იყო საქმის შედეგით.

2001წ. 28 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

ვინაიდან მოპასუხე 2001წ. 17 ოქტომბერს სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა მოითხოვეს მოპასუხის საწინააღმდეგო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რადგან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებდნენ მოთხოვნას.

2001წ. 19 ოქტომბერს მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.

საქმე სააპელაციო საჩივართან ერთად საოლქო სასამართლოში შევიდა 2001წ. 29 ოქტომბერს. მოსამართლე ა. შ-ას თავმჯდომარეობით სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული 2001წ. 8 ნოემბერს და საქმე განსახილველად დაინიშნა 2001წ. 11 დეკემბრისათვის.

2001წ. 11 დეკემბერს მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განხილვა გადაიდო, ხოლო 2001წ. 20 დეკემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოსამართლე ა.შ-ას აცილება იმ მოტივით, რომ მან დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის, 372-ე და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, ხოლო იმავე წლის 24 დეკემბრის განცხადებით მოითხოვა სასამართლო პროცესზე მოწვეულიყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი იმის დასადგენად, თუ როდის შეადგინა მან ოქმი და ამ ოქმის შედგენის დროის დადგენის მიზნით ჩატარებულიყო ექსპერტიზა.

2002წ. 5 მარტს სასამართლო სხდომა გახსნა სასამართლოს სხვა შემადგენლობამ, მაგრამ მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა სასამართლოს ამ შემადგენლობასაც დაუყენეს აცილება. სასამართლო პროცესზე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა მოსამართლეთა აცილების შესახებ; ასევე არ დაკმაყოფილდა მათი შუამდგომლობა მოწმის სახით სასამართლოს სხდომის მდივნის მოწვევის შესახებ, მაგრამ მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა, ამჯერად სხდომის ოქმის შედგენის დროის განსაზღვრის მიზნით, მოითხოვეს ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარება. სასამართლომ არც აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო.

მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა კვლავ დააყენეს სასამართლოს მთლიანი შემადგენლობის აცილების საკითხი იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობები ექსპერტიზის ჩატარებისა და სხდომის ოქმის შემდგენელი სხდომის მდივნის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ. სასამართლომ კვლავ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა აცილების შესახებ.

მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა კვლავ დააყენეს სასამართლოს აცილება იმავე მოტივით, მაგრამ სასამართლომ ამჯერადაც უარი უთხრა შუამდგომლობას დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნულის შემდეგ მოსარჩელის წარმომადგენელმა ე-იამ უარი განაცხადა წარმომადგენლობაზე და მოსარჩელემ დამოუკიდებლად გააგრძელა პროცესში მონაწილეობა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების 2000წ. 15 აგვისტოს დადგენილებით ე. ლ-ავას მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, ხოლო სს “ე-ის” გენერალური დირექტორისადმი საგამოძიებო დეპარტამენტის ქუთაისის განყოფილების უფროსი გამომძიებლის ნ.ნ-ძის 2001წ. 28 თებერვლის წერილით ირკვეოდა, რომ სს “ე-ის” თანამშრომლები არ ადასტურებდნენ ე. ლ-ავას კუთვნილი “ეპ-2002” მოდელის ელსატვირთულის შეკეთება-რეალიზაციის ფაქტს. თუ აღმოჩნდებოდა, რომ სს “ე-ის” კუთვნილი ელსატვირთული რეალიზებულია, შესაბამისად დადგინდებოდა ის კონკრეტული პიროვნებები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სს-ის ქონების მითვისების მცდელობას. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილი იყო ფაქტი, რომ ე. ლ-ავას კუთვნილი ელსატვირთულის შეკეთება არ მომხდარა და, როგორც აღმოჩნდა, იგი რეალიზებული იყო სათანადო საბუთებით. ამის გამოსაკვლევად კი მიმდინარეობდა გამოძიება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოსაზრება ნ. გ-შვილის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების სასამართლო პროცესზე წარდგენით მისი ღირსების შელახვისა და ამის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დაუსაბუთებელი იყო, რადგან სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესით დაცვას არ ექვემდებარებოდა ცნობები, რომლებსაც ფიზიკური პირის შესახებ შეიცავენ სასამართლო და საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილებები. სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აქტი, რადგან იგი წარმოდგენილი იყო სასამართლოში მისი შედგენიდან 1 წლისა და 8 თვის, ხოლო სარჩელის აღძვრიდან _ 8 თვის შემდეგ. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი აქტი არ ასახავდა რეალურ მდგომარეობას და მოსარჩელის მოსაზრება მითითებული აქტის დაგვიანებით წარდგენის შესახებ, რომ თითქოს მისი დაგვიანებით წარდგენა მოხდა იმ მოტივით, რათა არ გაემწვავებინა მოპასუხესთან დამოკიდებულება, საფუძველს მოკლებულად მიიჩნია, რადგან მოპასუხის წინააღმდეგ მას სასამართლოში აქტის წარდგენამდე 8 თვით ადრე აღძრული ჰქონდა სარჩელი და მოითხოვდა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

2002წ. 8 აპრილს მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:

კასატორს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია.

მისი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილები. სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მის მიერ სასამართლოში წარდგენილ აქტს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მოპასუხე მის მიმართ წინასწარგანზრახული ხასიათის უარყოფითი ემოციური ზეგავლენისა და შიშის გრძნობის გამოწვევის მიზნით მიმართავდა ფსიქოლოგიურ ტერორს, რის გამოც მან განიცადა სულიერი და ხორციელი ტკივილები, გაუუარესდა ჯანმრთელობა, გახდა ინვალიდი, რის შესახებაც ცნობაც წარადგინა, რომელიც დევს საქმეში.

მისი მოსაზრებით, თუკი სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმებოდა აქტში მითითებულ გარემოებას, მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად უნდა მიეღო წინასწარი გადაწყვეტილება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, 115-ე და 993-ე მუხლები. მოპასუხე სასამართლო პროცესზე წარადგენდა არასარწმუნო დოკუმენტებს მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, რამაც ხელი შეუშალა კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულებას, მაგრამ სასამართლომ ამ გარემოებას სათანადო შეფასება არ მისცა, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წარმოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დამტკიცებულად ცნო რა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე იყო სს “ე-ის” წარმომადგენელი და იცავდა მის ინტერესებს. მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, კერძოდ, დადგენილება მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ და ამ საქმის გამომძიებლის მიერ სს “ე-ისათვის” გადაგზავნილი მიმართვა საგამოძიებო დოკუმენტებს წარმოადგენდნენ. აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად დაცვას არ ექვემდებარებოდა ცნობები, რომლებიც ფიზიკური პირის შესახებ შეიცავდა სასამართლო და საგამოძიებო გადაწყვეტილებათა მონაცემების გახმაურებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. გ-შვილის მიერ სასამართლო პროცესზე ზემოთ მითითებული დოკუმენტების წარდგენა ვერ იძლევა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცული უფლებების დარღვევის შემადგენლობას, რადგან მითითებული დოკუმენტები სასამართლო და საგამოძიებო დოკუმენტებია და არ შეიძლება მოიცავდეს პიროვნების პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობის ან საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ცნობებს. აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრება, რომ თითქოს ზემოთ მითითებული საგამოძიებო დოკუმენტების სასამართლო პროცესზე წარმოდგენით დაირღვა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცული მისი უფლებები, არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას და იგი ვერ გახდება მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მის მიერ წარმოდგენილ 2000წ. 28 თებერვლის აქტს. პირიქით, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მითითებული აქტი და იგი, გარკვეული მოსაზრებების გამო, არასარწმუნოდ მიიჩნია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და უნდა დაკმაყოფილდეს თუ არა სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასარწმუნოდ მიიჩნია რა მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენამდე ერთი წლით ადრე შედგენილი და სარჩელის აღძვრიდან 8 თვის შემდეგ წარდგენილი აქტის ნამდვილობა, წარმოდგენილი აქტი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დამადასტურებელი ძალის მქონე მტკიცებულებად არ მიიჩნია. ამის უფლება სასამართლოს მინიჭებული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლით და სააპელაციო სასამართლოს მოქმედება აქტთან დაკავშირებით არ ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული ნორმის მოთხოვნას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მიმართებით კასატორის მიერ გამოთქმული პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასათანადო შეფასება მისცა სასამართლო პროცესზე მის მიერ წარმოდგენილ აქტს, ასევე არ წარმოადგენს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას და, ცხადია, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

არასწორია კასატორის მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად, წინასწარი გადაწყვეტილების გამოუტანლობის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს, იმის გამო, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აქტი არასარწმუნოდ იქნა მიჩნეული, არ შეიძლება მიეღო წინასწარი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად, წინასწარი გადაწყვეტილება გამოიტანება არა წარმოდგენილი მტკიცებულების არასარწმუნოების შემთხვევაში, არამედ მაშინ, როცა სადავოა სასარჩელო მოთხოვნის, როგორც ფაქტობრივი საფუძველი, ასევე, ამ მოთხოვნის მოცულობა. მოცემული დავის გადაწყვეტის დროს კი წინასწარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არსებობდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით.

ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

მითითებული ნორმის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს შეეძლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება, კონკრეტულ შემთხვევაში _ აქტი _ შეეფასებინა თავისი შინაგანი რწმენით. შინაგანი რწმენის საფუძველზე შეფასებულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით სასამართლოს მოსაზრება ჩამოყალიბებულ იქნა სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რისი უფლებაც სასამართლოს გააჩნდა.

არასწორია კასატორის მითითება, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტის დროს არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი; თითქოს ნ. გ-შვილმა, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილემ, ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებები სასამართლო სხდომაზე საგამოძიებო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტების წარდგენით.

მართალია, სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი მიუთითებს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები, მაგრამ ნ. გ-შვილის, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის წარმომადგენლის, მიერ სასამართლო პროცესზე მისი მარწმუნებლის ინტერესების დასაცავად მოწინააღმდეგე მხარის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილების და გამოძიების მიერ გაცემული ინფორმაციის გამოქვეყნება არ წარმოადგენს ადვოკატის მხრივ თავისი უფლებების არაკეთილსინდისიერ განხორციელებას და, ცხადია, სააპელაციო სასამართლო მოპასუხის წინააღმდეგ მითითებულ მუხლს ვერ გამოიყენებდა.

ანალოგიურად მცდარია კასატორის მოსაზრება მოპასუხის მხრივ უფლების (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი) ბოროტად გამოყენების შესახებ. სადავო პროცესზე მოპასუხეს არც ერთ შემთხვევაში არ შეეძლო თავისი უფლება-წარმომადგენლობითი უფლება გამოეყენებინა მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიდგომოდა სხვას. მის მიერ წარმომადგენლობითი უფლების განხორციელების დროს, ანუ იმ უფლების განხორციელების დროს, რაც დაკავშირებული იყო სასამართლო პროცესზე მისი მარწმუნებლის ინტერესების დაცვასთან, სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ამ უკანასკნელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილებისა და ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებლის მიერ გაცემული ინფორმაციის სასამართლოსთვის წარდგენა არ წარმოადგენს მარწმუნებლის მიერ უფლების მარტოოდენ იმ მიზნით გამოყენებას, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

ასევე არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს მოპასუხემ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 993-ე მუხლის მოთხოვნები და ამას სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა.

მართალია, სამოქალაქო კოდექსის 993-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად ავრცელებს ან ახმაურებს სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მომტან ფაქტებს, ვალდებულია, აანაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად არასწორია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, როცა მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილება და გამომძიებლის ინფორმაცია მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, არცერთი ზემოთ მითითებული ცნობა არ იყო არასწორი და არასწორად არ ასახავდა სადავო საქმესთან დაკავშირებით იმდროისათვის დადგენილ ფაქტებს.

ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მოყვანილი კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ლ-ავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.