საქმე N 330100124009143007
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №945აპ-24 24 სექტემბერი, 2024 წელი
ნ–ი გ., №945აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ზედელაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ნ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2024 წლის 18 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ–ში, ზ–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში, გ. ნ–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – მ. ს–ს, კერძოდ, ჯერ ორივე ხელი მოკიდა მკლავებში, შეაჯანჯღარა, მარჯვენა ხელი ორჯერ დაარტყა სახის მარცხენა მხარეს, შემდეგ კი მარჯვენა ხელი ძლიერად მოუჭირა ყელის არეში. თითოეულ შემთხვევაში მ. ს–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის განაჩენით გ. ნ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ამასთან, გ. ნ–ს, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს, დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ანა ზედელაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულსათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 29 ივლისს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ზედელაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. ნ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოს მიერ დანიშნულია შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. მსჯავრდებულს არ აქვს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება. ამასთან, თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის დანიშვნა ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს – დაიცვას საზოგადოება საფრთხისა და დანაშაულისგან.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა გ. ნ–სათვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 63-ე და 64-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, გ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში გ. ნ–სათვის განსაზღვრული სასჯელი და მისი მოხდის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.6. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია და განმარტავს, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული, ასევე მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, ხასიათდება დადებითად, შესაბამისად სახეზეა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ხოლო რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებას, აღნიშნული საქმის განხილვისას არ გამოვლენილა. ამასთან, პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
5.7. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა. საქმეში არსებული ინფორმაცია გ. ნ–ს წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა, შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით სანქციის ფარგლებში გამოყენებული სასჯელი – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და მისი მოხდის ფორმა, როგორც კანონიერი, ისე – სამართლიანია.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ზედელაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე