Facebook Twitter

¹3კ-625-02 28 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე, მ. ახალაძე

დავის საგანი: ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ა-იამ 1999წ. 2 ივლისს იყიდა ნ. ს-შვილისაგან ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის 61\835 ნაწილი. მხარეთა შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. ნ. ს-შვილის ქალიშვილმა ე. ს-შვილმა 2001წ. ოქტომბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მ. ა-იას მიმართ და მოითხოვა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დააფუძნა იმაზე, რომ სადავო ბინა პრივატიზირებულ იქნა მამის, ნ. ს-შვილის, სახელზე 1996 წელს. იგი იმ დროისათვის ჩაწერილი იყო და ცხოვრობდა ამ ბინაში, მან მონაწილეობა მიიღო პრივატიზაციაშიც. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებას წარმოადგენს, რადგან იგი გაფორმდა ნ. ს-შვილის მიერ მ. ა-იასაგან ნასესხები 5000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად. მოსარჩელემ ნოტარიუსთან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის საჭირო საბუთებს ხელი იმიტომ მოაწერა, რომ ეგონა, სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საბუთების გაფორმება ხდებოდა.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ს-შვილის სარჩელი მოპასუხე მ. ა-იას მიმართ ქ. თბილისში, ..... მდებარე საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დააკმაყოფილა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა-იას და ნ. ს-შვილს შორის სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება 1999წ. 2 ივლისს გაფორმდა კანონმდებლობის სრული დაცვით. სასამართლომ არ გაიზიარა ე. ს-შვილის წარმომადგენელ ლ. ტ-შვილისა და ნ. დ-ძის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა მ. ა-იას ბიძის, ზ. ქ-ავასაგან, აღებული სესხის უზრუნველსაყოფად; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მოსარჩელემ ვერ შეძლო საქმეში წარმოედგინა წერილობითი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, არ არის წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება სესხის ხელშეკრულების არსებობის შესახებ, ამის გამო ნასყიდობის ხელშეკრულება არ მიიჩნია თვალთმაქცურ გარიგებად. სადავო ბინის ფასის განსაზღვრა მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენს. საქმის განხილვისას მოპასუხის წარმომადგენელმა მოითხოვა, ე. ს-შვილის, როგორც არასათანადო მოსარჩელის, შეცვლა სათანადო მოსარჩელით. სასამართლომ ჩათვალა, რომ ე. ს-შვილი არასათანადო მოსარჩელეა, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეს. სასამართლომ შესთავაზა მას, როგორც არასათანადო მოსარჩელეს, შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელე ნ. ს-შვილით, რაზედაც ე. ს-შვილმა უარი განაცხადა. სსკ-ის 84-ე მუხლის III ნაწილის შესაბამისად, სასამართლომ შესთავაზა ნ. ს-შვილს, რათა ჩაბმულიყო საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, რაზედაც ნ. ს-შვილმა უარი განაცხადა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის IV ნაწილის თანახმად კი ე. ს-შვილს, როგორც არასათანადო მოსარჩელეს, უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ რაიონულმა სასამართლომ არ შესთავაზა ე. ს-შვილს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით. სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ არის ე. ს-შვილი არასათანადო მოსარჩელე; არ გაარკვია, ვინ უნდა ჩართულიყო სათანადო მოსარჩელედ და მისი დამოკიდებულება სარჩელის მიმართ. სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ ე. ს-შვილის წარმომადგენელი არ დაეთანხმა შეცვლაზე. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სათანადოდ მიჩნეული პირი ჩაება საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნით დავის საგანზე. სხვა შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ამ მუხლის მე-4 ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რაიონული სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გამო შეუძლებელია მოცემული დავის არსებითი გადაწყვეტა, რადგან დასადგენია, არის თუ არა ე. ს-შვილი სათანადო მოსარჩელე, ვინ არის სათანადო მოსარჩელე, აქვს თუ არა მას, როგორც მესამე პირს, დამოუკიდებელი მოთხოვნა დავის საგანზე.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-იამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ე. ს-შვილის სარჩელზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლოს მოცემული საქმე ხელახალი განხილვისათვის არ უნდა დაებრუნებინა რაიონული სასამართლოსათვის, რადგან გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში თვითონ უნდა მიეღო ახალი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ შესთავაზა ე. ს-შვილს, შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების მე-9 გვერდზე მითითებულია ამის შესახებ. პალატამ ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია ასევე ისიც, რომ სასამართლომ სსკ-ის 84-ე მუხლის III ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად შესთავაზა ნ. ს-შვილს მოცემულ საქმეში ჩაბმულიყო მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, რაზედაც ნ. ს-შვილმა უარი განაცხადა. მოცემულ შემთხვევაში, სასამრათლომ გამოიყენა იმავე მუხლის მეოთხე ნაწილი, რადგან ნ. ს-შვილმა უარი განაცხადა დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირად ჩართვაზე. სააპელაციო სასამართლომ კი საერთოდ არ მიაქცია ყურადღება ყოველივე აღნიშნულს და უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ა-იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამრათლოს გადაწყვეტილება გააუქმა და ხელახალი განხილვისათვის დააბრუნა რაიონულ სასამართლოში იმ საფუძვლით, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 84-ე მუხლი, არ შესთავაზა ე. ს-შვილს, შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით დადგენილი წესის შესაბამისად; საქმეში არ არსებობს სასამართლოს მოსაზრება, თუ რატომ არის ე. ს-შვილი არასათანადო მოსარჩელე; არ გაარკვია, ვინ უნდა ჩაბმულიყო საქმეში სათანადო მოსარჩელედ და მისი დამოკიდებულება სარჩელის მიმართ. ვინაიდან ე. ს-შვილი არ დაეთანხმა, შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით, რაიონულ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები, რაც არ გამოუყენებია. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მოსაზრებას, რადგან იგი ეწინააღმდეგება რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 იანვრის სხდომის ოქმით ირკვევა, მოსამართლის შეკითხვაზე ე. ს-შვილის წარმომადგენელმა დ-ძემ აღნიშნა, რომ ე. ს-შვილი სათანადო მოსარჩელეა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის შესაბამისად უარს აცხადებს, იგი შეიცვალოს სათანადო მოსარჩელით. მოსამართლემ მხარეებს განუმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მოთხოვნები. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლო ასაბუთებს, თუ რატომ არ მიიჩნევს ე. ს-შვილს სათანადო მოსარჩელედ, რადგან იგი არ წარმოადგენს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს. ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები არიან მ. ა-ია და ნ. ს-შვილი. ამდენად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, ისიც, რომ სასამართლომ შესთავაზა ე. ს-შვილს, შეცვლილიყო სათანადო მოსარჩელით. ამის შემდეგ სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ნ. ს-შვილს შესთავაზა საქმეში ჩაბმა მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, რაზედაც მან უარი განაცხადა. რაიონულმა სასამართლომ ე. ს-შვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე. ამ ნორმის თანახმად, თუ მესამე პირად საქმეში ჩასაბმელად ნავარაუდები სათანადო მოსარჩელე უარს იტყვის ჩაებას ამ საქმეში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის არასათანადო მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არის მსჯელობა ასევე ე. ს-შვილის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე. სააპელაციო სასამართლომ კი საერთოდ არანაირი შეფასება არ მისცა ყოველივე აღნიშნულს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილი. ამ ნორმის თანახმად საპროცესო სამრათლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი. ვინაიდან რაიონულ სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო სამართლის ნორმები, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა რაიონული სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და ისე მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად დასაბუთებული, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ა-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.