Facebook Twitter

საქმე # 020100123008199221

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №961აპ-24 ქ. თბილისი

ჩ. გ. 961აპ-24 25 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: გ. ჩ–სას, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2.1. 2023 წლის 10 ოქტომბერს, დილის საათებში, ქ.ზ–ში, ტაქსით მგზავრობისას, გ. ჩ–სა მეუღლეს – მ. გ–ს, ამ უკანასკნელთან განქორწინების სურვილის არქონის გამო დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ თუ განქორწინდებოდნენ, ის მოკვდებოდა, მოკლავდა მას, დანით გამოსჭრიდა ყელს, რაც მ. გ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.2. 2023 წლის 10 ოქტომბერს, დაახლოებით 12:15 საათზე, ქ. ზ–ში, თ–ს ქ.№..-ში მდებარე ი.... სახლში, გ. ჩ–სა მეუღლეს – მ. გ–ს, ამ უკანასკნელთან განქორწინების სურვილის არქონის გამო, დაემუქარა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ გარეთ გამოსულიყო, ამ დღეს ცუდი რაღაც მოხდებოდა, ის მოკვდებოდა, რაც მ. გ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განაჩენით:

3.1. გ. ჩ–სა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ტაქსში ქმედების ბრალდება) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;

3.2. გ. ჩ–სა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ი–ს სახლში ქმედების ბრალდება) ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ნებისმიერი სახის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების აკრძალვა – 5 წლით;

3.3. გ. ჩ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 10 ოქტომბრიდან.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:

4.1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ მოითხოვა გ. ჩ–სას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრა;

4.2. მსჯავრდებულმა გ. ჩ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ. ზ–მ მოითხოვეს გ. ჩ–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განაჩენით:

5.1.მსჯავრდებულ გ. ჩ–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. ზ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

5.2.ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

5.3.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება:

5.3.1. გ. ჩ–სა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (ტაქსიში მუქარის ეპიზოდი);

5.3.2. გ. ჩ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (იუსტიციის სახლში განხორციელებული მუქარის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; მასვე, 5 წლით აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

5.4. მსჯავრდებულ გ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან - 2023 წლის 10 ოქტომბრიდან.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი შორენა გვილავა საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს გ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას მათ შორის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ტაქსიში მუქარის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა მ. გ–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის – გ. ჩ–სას წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ გ. ჩ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

13. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების (ტაქსიში მუქარის ეპიზოდი) ფარგლებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. ჩ–სას ქმედებით დაზარალებულისათვის მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია მხოლოდ მოწმე მაია გერგედავას ჩვენება, რომელმაც მიუთითა, რომ გ. ჩ–სა 2023 წლის 10 ოქტომბერს, ტაქსით მგზავრობისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - მ. გ–ს, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დაადასტურებს გ. ჩ–ს მიერ მუქარის ჩადენას.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები: ტ. ჩ–ა და ტ. კ–ა არ არიან შემთხვევის თვითმხილველი პირები, ისინი არ შესწრებიან მუქარის ფაქტს და მათ ამის შესახებ იციან მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით. შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52).

16. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21). შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული, დაზარალებულ მ. გ–ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან იგი შინაარსობრივად იმეორებს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებულ ინფორმაციას, რაც დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა.

17. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე.

18. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა გ. ჩ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ტაქსიში მუქარის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

20. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი