Facebook Twitter

საქმე N 130100123006814379

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №989აპ-24 26 სექტემბერი, 2024 წელი

ე–ე მ., №989აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენზე ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილისა და მსჯავრდებულ მ. ე–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - მ. გ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ე–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ცეცხლის წაკიდებით, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 28 აგვისტოს, ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ე–ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ. ე–მ საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ნარჩენების განადგურების მიზნით დაანთო ცეცხლი. ხანძრის გამო მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ იგი გააფრთხილეს თანასოფლელებმა და შეეცადნენ ეზოში დანთებული ცეცხლის ჩაქრობას, რისი საშუალებაც მ. ე–მ არ მისცა. მიუხედავად იმისა, რომ მ. ე–ე ითვალისწინებდა ხანძრის გავრცელების მოსალოდნელ შედეგებს, ცეცხლი არ ჩააქრო და დასახმარებლად მოსული თანასოფლელები იძულებული გახადა დაეტოვებინათ მისი საცხოვრებელი სახლი. აღნიშნულის შემდეგ ხანძარი გავრცელდა სოფელში, რის შედეგად დაიწვა და განადგურდა სოფელ ..... მდებარე გ. ე–ს საცხოვრებელი სახლი, მასში არსებული საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის, ტექნიკა, ინვენტარი და ხელსაწყოები, დ. ე–ს მიწის ნაკვეთი, ხეხილის და ჟოლოს ნარგავები, ასევე, „დირბულას“ ჯიშის ვაზი, ზ. ე–ს ოჯახის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მასში არსებული საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები, ხეივანი და ნარგავები, მ. ე–ს საცხოვრებელი სახლები, მასში არსებული საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები, დამხმარე სათავსოები და პირუტყვის სადგომი, ნ. ე–ს საცხოვრებელი სახლი და საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნივთები, რ. ე–სის საცხოვრებელი სახლი, ეზოში არსებული სკები, ნარგავები, ხეივანი და საოჯახო- საყოფაცხოვრებო ნივთები, ა. ე–ს ოჯახის საცხოვრებელი სახლი, ნივთები და ხეხილის ნარგავები. მომხდარის გამო საცხოვრებელი სახლის, საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის და მოსავლის გარეშე დარჩა სოფლის მოსახლეობის ნაწილი. მ. ე–ს მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად, გ. ე–ს მიადგა 36000 ლარის, დ. ს - 5000 ლარის, ზ. ე–ს - 70000 ლარის, მ. ე–ს - 19800 ლარის, ნ. ე–სეს - 50000 ლარის, რ. ე–ს - 16800 ლარის, ხოლო ა. ე–ს - 25000 ლარის ქონებრივი ზიანი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენით, მ. ე–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და იმავე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.

მ. ე–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ე–მ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი.

2.2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ე–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ. გ–მა. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, წარდგენილი ბრალდებით მ. ე–ს უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2.3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. ე–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენით დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 16 ივლისს, ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, მ. ე–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2024 წლის 19 ივლისს, მსჯავრდებულ მ. ე–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. გ–მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორის, მსჯავრდებულ მ. ე–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ–ს პოზიციით, გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან საქმეში არ არსებობს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უტყუარად დაადასტურებდა მ. ე–ს ბრალეულობას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, მათ შორის ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით თუ მან სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა. აღნიშნული უფლება ასევე გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, თუმცა ამ უფლებით სარგებლობის უფლება არ მიეცა მ. ე–ს, რომელმაც არ იცის ქართულ ენაზე წერა-კითხვა. კასატორი ასევე უთითებს, რომ სასამართლომ სწორად არ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან მოწმეთა ჩვენებები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო. გარდა ამისა, არცერთ მოწმეს და დაზარალებულს არ დაუნახავთ რომ ცეცხლი მ. ე–მ დაანთო.

4.2. კასატორის, ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის პოზიციით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მ. ე–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. მოწმე ლ. მ–მა დაადასტურა, რომ მითითებულ დღეს იმყოფებოდა ე–ში და დაინახა, რომ იწვოდა საცხოვრებელი სახლები და მოქალაქეთა სხვა ქონებები, რის გამოც დარეკა 112-ში. გამომძიებელმა თ. ქ–მემ განმარტა, რომ ადგილზე კვალის არსებობა მიუთითებდა ხანძრის გაჩენის კერაზე, რაც წარმოადგენდა მ. ე–ს საცხოვრებელი სახლის ეზოს ტერიტორიას, საიდანაც ამოღებულ იქნა ნამწვის ნიმუშები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით კი დასტურდება, რომ ხანძარის გაჩენის კერა მ. ე–ს სახლიდან ორი მეტრის მოშორებითაა. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს ქ–ს რაიონის სოფელ ე–ში, მ. ე–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანა მხარეს არსებულ ნიადაგზე, საიდანაც ხანძარი გავრცელდა ყველა მიმართულებით - სახლებზე, ნაგებობებზე და მიწის ნაკვეთების ნარგავებზე. გარდა ამისა, საგამოძიებო ექსპერიმენტისას მ. ე–მ მიუთითა ადგილზე, სადაც მან ცეცხლი დაანთო. მოწმეების - ფ. ე–ს, ნ. ე–ს, მ. ე–ს და ზ. ე–ს გამოკითხვის ოქმებით დადასტურდა, რომ მათთვის ხანძრის გაჩენის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ხანძარი მ. ე–მ გააჩინა. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაზარალებულებიც - დ. ე–ე, გ. ე–ე და რ. ე–ე, რომლებმაც დაადასტურეს მათთვის მიყენებული ზიანის ოდენობა და განმარტეს, რომ ეთანხმებიან საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის დასკვნას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი არ იყო ქ–ს რაიონის სოფელ ე–ში მდებარე ა. ე–ის, ა. ე–ს, ნ. ე–ს, ზ. ე–ს, მ. ე–ს, რ. ე–ს და გ. ე–ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლებში ხანძრის შედეგად დაზიანებული ნივთები, ვინაიდან საცხოვრებელი სახლები და იქ არსებული ნივთები იყო სრულად განადგურებული, შესაბამისად მათი დაზიანებით დაზარალებულებისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა ვერ განისაზღვრა. თვითმხილველმა მოწმემ, ა. მ–მ განმარტა, რომ გაიგო ჩხუბის და ყვირილის ხმა და დაინახა, რომ რ. გ–ი და ნ. ხ–ი ცდილობდნენ მ. ე–სთვის არ მიეცათ ეზოში ცეცხლის დანთების უფლება და ეუბნებოდნენ, რომ ხანძარი შექმნიდა საშიშროებას და გაანადგურებდა სხვათა ქონებას, თუმცა მ. ე–მ ისინი თავისი ეზოდან გამოყარა და მათი გაფრთხილება არ გაითვალიწინა. მოწმე ნ. ხ–მა კი განმარტა, რომ ადგილზე წყლის ვედრებით იყვნენ მისულები. იგი ცდილობდა თოხის, ან ნიჩბის მოძიებას, მაგრამ მას ამის საშუალება მ. ე–მ არ მისცა. ყოველივე ზემოაღნიშნული უტყუარად ადასტურებს, რომ ხანძარი გააჩინა მ. ე–მ, რომელმაც არ გაითვალისწინა წინდახედულობის ნორმები და აღკვეთა სხვა პირთა მცდელობები მოეხდინათ ხანძრის ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია, რამაც შემდგომში მძიმე შედეგი გამოიწვია. კასატორი ასევე უთითებს, რომ მ. ე–ს ქმედება არის განზრახი, რადგან მას ჰქონდა სრული ინფორმაცია შესაძლო შედეგების შესახებ, მაგრამ მის აღკვეთაში ხელს უშლიდა სხვა პირებს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ე–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ. ე–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის, მსჯავრდებულ მ. ე–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ–ს პოზიციას მ. ე–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ დ. ე–ს ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ მარიამობას მან, მ. ე–მ, რომელსაც ეძახიან ბ–ს და ნ–მა იქეიფეს, რის შემდეგაც წავიდა სახლში. მან გამოიცვლა და გამოვიდა გარეთ, რა დროსაც დაინახა მისი სახლიდან ერთი სახლის შემდეგ მცხოვრებბ. ე–ს ეზოდან გამოტანილი ჰქონდა ნაგავი და სურდა დაეწვა. მან ბ–ს უთხრა, რომ არ დაეწვა, რადგან ქარი იყო და რამე ხიფათი არ მოეწია, რაზეც ბ–მ უპასუხა, რომ მისთვის თავი დაენებებინა. ამის შემდეგ თვითონ ნ–თან ერთად წავიდა მანქანით. დაახლოებით 30-40 წუთში კი დაურეკეს და შეატყობინეს, რომ სახლები იწვოდა და მის სახლსაც ემუქრებოდა ცეცხლის მოკიდების საშიშროება. დაზარალებულის განმარტებით, ქარმა ბ–ს ეზოდან წაიღო ცეცხლი და ყურძნის რამდენიმე ბაღი და კაკალი გაუნადგურა. მისთვის მიყენებული ზიანი 5000 ლარადაა შეფასებული. დაზარალებულმა რ. ე–მ კი დაადასტურა, რომ ხანძრის შესახებ მას ბიძაშვილმა შეატყობინა. ადგილზე მისულმა კი ნახა, რომ დამწვარი იყო სახლი, რომელსაც აგარაკად იყენებდნენ, ასევე დამხმარე ნაგებობა, კაკალი, ვაზი და მისი ბიძაშვილის 10 ძირი სკა. ზიანმა, დაახლოებით 30000 ლარი შეადგინა. სოფელში ჭორის დონეზე ამბობდნენ, რომ ხანძარი მ. ე–მ გააჩინა.

5.5. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ა. ე–ს ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა მისი კუთვნილი „ბელეტაჟის“ ტიპის სახლი ნივთებთან ერთად და ხეხილი. მიყენებულმა ზიანმა შეადგინა დაახლოებით 25000 ლარი. დაზარალებულმა გ. ე–მ კი დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში, რა დრისაც მასთან მივიდა ნ. ხ–ი, რომელმაც უთხრა - „იწვის, ჩქარა გამოდით გარეთო“. ხანძრის შედეგად სახლში რაც ჰქონდა, ყველაფერი განადგურდა, მათ შორის დაიწვა ფული - 10000 ლარი. მისთვის მიყენებული ზიანი იქნებოდა 35000 ლარზე მეტი. მას არ დაუნახავს, თუმცა თანასოფლელები ამბობდნენ, რომ ხანძარი გააჩინა მ. ე–მ. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ფ. ე–ს (გ. ე–ს დედა) გამოკითხვის ოქმით. ხოლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ მ. ე–სის გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ 2022 წლის 28 აგვისტოს მას დაურეკა თანასოფლელმა ი. ქ–მმა და უთხრა, რომ ბ. ე–მ ნახევარი სოფელი გადაწვა, მათ შორის შენი სახლ-კარიო. იგი ჩავიდა სოფელში და ნახა, რომ მის ნაკვეთზე განლაგებული ყველა შენობა-ნაგებობა მათში არსებულ ნივთებთან ერთად მთლიანად იყო დამწვარი. აღნიშნულის შედეგად მას მიადგა 21100 ლარის ზიანი. სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ ნ. ე–ს გამოკითხვის ოქმებით კი დადგენილია, რომ 2022 წლის 28 აგვისტოს შუადღის საათებში მასთან შევიდა გ. ე–ე და უთხრა, რომ ხანძარი იყო და მანქანა გადაეყენებინა, რათა ცეცხლი არ წაკიდებოდა. შემდეგ მივიდა სხვა მეზობელიც და უთხრა, რომ სახლს ცეცხლი ეკიდა და გამოსულიყო სახლიდან. აღნიშნული პირი დაეხმარა წამოდგომასა და სახლიდან უსაფრთხო ადგილამდე მისვლაში, რა დროსაც დაინახა, რომ სახლი მთლიანად გაეხვია ცეცხლის ალში. მოგვიანებით შეიტყო, რომ ცეცხლი თავის ეზოში გაუჩენია მ–ს, იგივე ბ. ე–ს და გავრცელებულა მთელს სოფელში. ხანძრის შედეგად მისი სახლი, მასში არსებულ საოჯახო ნივთებთან და ტექნიკასთან ერთად სრულად განადგურდა. აღნიშნულის შედეგად მას მიადგა 50000 ლარის ზიანი. დაზარალებულ ზ. ე–ს გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმებით კი დგინდება, რომ 2022 წლის 28 აგვისტოს მ. ე–ს მიერ გაჩენილი ხანძრის შედეგად მისი სახლი, მასში არსებულ საოჯახო ნივთებთან ერთად, ასევე, ხეივანზე არსებული ვაზი და ხეხილის ნარგავები განადგურდა სრულად, რითიც მას მიადგა 70000 ლარის ზიანი.

5.6. დაზარალებულთა ჩვენებები და გამოკითხვის ოქმები თანხვედრილია მოწმეთა ჩვენებებთან, კერძოდ, მოწმე ა. მ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2022 წლის 28 აგვისტოს მას 50-60 მეტრში მცხოვები მ. ე–ს სახლის ეზოდან ესმოდა ჩხუბის ხმა - „რატომ აკეთებ ამას, რატომ წვავო“. მ. ე–სეს ხან რ. და ხან ნ–ი ეუბნებოდნენ „რას აკეთებ, რას აკეთებო“, ის კი პასუხობდა - „ჩემია ეზო და რასაც მინდა იმას გავაკეთებ, არ დაიწვება, ნუ გეშინიათო“. მოწმის განმარტებით, მ. ე–ს დ. ე–ეე, ნ. ხ–იი და რ–ა ეჩხუბებოდნენ ცეცხლი რატომ დაანთეო. როგორც გაიგო, მ. ე–ს ცეცხლი თავისი სახლის უკან, მაყვლის ბუჩქებთან ჰქონდა დანთებული, რის შემდგომაც დაწვა და დაიძინა. მოწმე ნ. ხ–მა კი დაადასტურა, რომ 28 აგვისტოს მას დაურეკა დ. ე–მ და უთხრა - „ბ–მ გამხმარ მაყვლებს ცეცხლი წაუკიდა, ქარია და ცეცხლი სხვაგან არ გაიტანოს, მე არ მიგონებს და იქნებ შენ მოგისმინოსო“. იგი მივიდა ბ. ე–სთან და ნახა, რომ მაყვალს ცეცხლი ეკიდა, ბ–ო კი იქვე სკამზე იჯდა. შენიშვნა მისცა რატომ დაანთო ქარში ცეცხლი, რაზეც უპასუხა - „ვუყურებ, არ გადავაო“, შემდეგ კი გაბრაზდა - „ჩემს ეზოში რასაც მინდა, ვაკეთებო“. 15-20 წუთის შემდეგ წავიდა სახლში, რადგან ბ–ო (მ–ი) იქვე იჯდა და ცეცხლს ყურადღებას აქცევდა. იგი ცილობდა, თავისი ძალებით ჩაექრო ცეცხლი ან გაემიჯნა სხვა ბაღებისგან, ეძებდა თოხს ან ბარს, რომ ორმოს მსგავსი გაეკეთებინა. მის გარდა ცეცხლთან ახლოს არავინ მისულა. მოწმის განმარტებით „ვედრო“ რ. გ–ს ჰქონდა, თუმცა წყალი მიასხეს თუ არა არ დაუნახავს. სახლში წასვლის შემდეგ მოესმა ხმები, რის შემდეგაც დაინახა კვამლი და ცეცხლი. მოწმე ნ. ე–მ კი დაადასტურა, რომ ის და დ–ო იმყოფებოდნენ მეორე სოფელში, რა დროსაც დ–ოს დაურეკეს და უთხრეს სოფელში ხანძარიაო. ისინი დაბრუნდნენ უკან და ნახეს, რომ სოფელში ყველაფერი იწვოდა. მას არ უნახავს, მაგრამ ამბობდნენ, რომ ბ–მ (მ. ე–მ) ცეცხლი ნაგავს წაუკიდაო.

5.7. საკასაციო პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს დაზარალებულისა და თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებში, ასევე სხვა მტკიცებულებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. დაცვის მხარეს კი არ მიუთითებია რაიმე გარემოებაზე, რაც პალატას მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს 2022 წლის 29 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, რომლითაც დასტურდება, რომ ქ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ე–ში მ. ე–ს საცხოვრებელი სახლის სამხრეთით არის დამწვარი ბუჩქნარი და ნაგვის გროვები. ასევე, დათვალიერებულ იქნა დამწვარი შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთები.

5.9. სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ ქ–ს რაიონის სოფელ ე–ში მ. ე–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ხანძრის გაჩენის მიზეზია ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტი წვად მასალასთან. ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს ქარს რაიონის სოფელ ე–ში მ. ე–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანა მხარეს ნიადაგზე. ექსპერტიზაზე წარდგენილ N............ და N............. პაკეტებში მოთავსებულ ნამწვის ნიმუშებზე ნავთობპროდუქტების კვალი არ დაფიქსირებულა. ექსპერტმა თ. მ–მა კი განმარტა, რომ მისი გამოცდილებით, ხანძრის გაჩენის მიზეზია ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტი წვად მასალასთან. წვადი მასალა - ნარჩენები თავისუფლად შეიძლებოდა ასანთის ან სანთებელას გამოყენებით აალებულიყო.

5.10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ გამოძიების მიმდინარეობისას და საქმის არსებითი განხილვის დროს დარღვეული იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, ვინაიდან მ. ე–ე არ იყო თარჯიმნით უზრუნველყოფილი. აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარეს დასაბუთებულად გაეცა პასუხი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, რაც გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლომ და რასაც ეთანხმება საკასაციო პალატაც. ამასთან, მ. ე–მ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მას ქართულ ენაზე საუბარი ესმის და თვითონაც თავისუფლად საუბრობს, რის გამოც მისთვის გასაგები სხვა ენის მცოდნე თარჯიმნის მოწვევა საჭირო არ გამხდარა.

5.11. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს აპელანტის, ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის პოზიციას, მ. ე–სის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. კერძოდ, მოწმეების - დ. ე–ს, ა. მ–ს და ნ. ხ–ს ჩვენებებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მ. ე–მ საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, უკანა მხარეს დაანთო ცეცხლი. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ცეცხლის დანთების მიზანი იყო, ნარჩენების განადგურება და არა სხვისი ნივთის დაზიანება, ან განადგურება. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოწმე ნ. ხ–იმა დაადასტურა, რომ მ. ე–ე ცეცხლს ყურადღებას აქცევდა და ამბობდა - „ვუყურებ, არ გადავაო“. მოწმე ა. მ–მ კი გაიგო მ. ე–ს ხმა - „არ დაიწვება, ნუ გეშინიათო“. შესაბამისად, უტყუარად იმის მტკიცება, რომ მ. ე–ე მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსალოდნელი საფრთხის დადგომას, კერძოდ, სხვათა ქონების დაზიანებასა და განადგურებას გულგრილად ეკიდებოდა - მოკლებულია საფუძველს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, დასტურდება მ. ე–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილისა და მსჯავრდებულ მ. ე–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ - მ. გ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე