Facebook Twitter
საქმე # 330100123008037616

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ


საქმე №1000აპ-24 ქ. თბილისი
კ. მ. 1000აპ-24 26 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მ. კ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. კ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აპრილის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 2015 წლის 21 იანვრის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 2015 წლის 27 მარტის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2020 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენით – საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ. კ–ი, 2023 წლის 2 აგვისტოს, 21:40 საათიდან 22:10 საათამდე დროის შუალედში, ქ. თ–ში, შ–ს ქუჩის N–..ში მდებარე რესტორან „გ.......–ში“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა: რესტორნის სტუმრის გ. მ–ს კუთვნილ ხელჩანთას, მის სახელზე გაცემული ბანკების პლასტიკური ბარათებით, პირადობის დამადასტურებელი აიდი ბარათით, 15000 ლარად ღირებულ ბრილიანტის თვლებით გაწყობილ ოქროს ყელსაბამს, 12 800 აშშ დოლარს - 33555 ლარის ეკვივალენტს და 2000 ლარს. აღნიშნული ქმედებით გ. მ–ს მიადგა 50550 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განაჩენით:

3.1. მ. კ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე;

3.2. მ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 3872 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. მსჯავრდებულ მ. კ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 4 სექტემბრის 22:00 საათიდან.

4. სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აპრილის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 2015 წლის 21 იანვრის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 2015 წლის 27 მარტის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2020 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 2020 წლის 20 დეკემბრის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ. კ–ი, 2023 წლის 2 აგვისტოს, 21:40 საათიდან 22:10 საათამდე დროის შუალედში, ქ. თ–ში, შ–ს ქუჩის N–..ში მდებარე რესტორან „გ.......–ში“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა რესტორნის სტუმრის გ. მ–ს კუთვნილ ხელჩანთას, მასში არსებული ფულადი თანხით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. კ–მ სასჯელის შემსუბუქების კუთხით და მოითხოვა მ. კ–სათვის უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ. კ–მ და მოითხოვა მ. კ–ს მიმართ მსუბუქი სასჯელის შეფარდება.

8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ მ. კ–ს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ საქმეში გარდა მსჯავრდებულ მ. კ–ს აღიარებისა წარმოდგენილია როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მათ შორის: დაზარალებულ გ. მ–ს და მოწმეების - თ. მ–ს, ა. მ–ს, ა. ქ–ს, ე. შ–ნ ყ–ს, ე. თ–ს, ი. ო–ს, რ. კ–ს ჩვენებები; მოწმე ო. ჯ–ს გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიდოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ვითარების აღდგენის მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სხვა მტკიცებულებები), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ. კ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

11. რაც შეეხება მ. კ–ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.

12. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

12.1. გასაჩივრებულ განაჩენში სასამართლომ ერთი მხრივ გაითვალისწინა რომ მ. კ–მა აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, უდავოდ ცნო სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილი, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, მეორე მხრივ კი დანაშაულის ხასიათი, დანაშაულის ჩადენის ხერხი, ვითარება, მოტივი, მ. კ–ს ინდივიდუალური მახასიათებლები, მათ შორის ის გარემოება, რომ მ. კ–ი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) გათვალისწინებით განუსაზღვრა სასჯელი – მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური ხანგრძლივობით თავისუფლების აღკვეთა.

13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

13.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. კ–სათვის წინა განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა – თავისუფლების აღკვეთამ, რომლის ნაწილიც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, ვერ უზრუნველჰყო ვერც რესოციალიზაციის და ვერც სპეციალური პრევენციის მიზნის მიღწევა. მსჯავრდებულმა მსჯავრად შერაცხილი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, ასევე - 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეცვალოს, როგორც დანიშნული სასჯელის სახე, ასევე - დანიშნული სასჯელის მოხდის ფორმა სრულად ან ნაწილობრივ ( მათ შორის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე).

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და






დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 23 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. კ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – კ. კ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი




მოსამართლეები: შ. თადუმაძე




მ. გაბინაშვილი