გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-637-02 17 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე, თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (სარჩელში) და თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, ... მდებარე ¹3 საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით ირიცხება თ. ლ-ეზე. ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე აღნიშნულ ბინაში შეიჭრა ე. გ-ი.
თ. ლ-ემ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ისან-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ე. გ-ის სადავო ბინიდან გამოსახლება თანმხლებ პირებთან ერთად.
ე. გ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა იმავე სასამართლოს და აღნიშნა, რომ მან გადაწყვიტა მცხეთის რაიონში მდებარე სახლის შეძენა 9000 აშშ დოლარად თ. ლ-ისაგან და ამ უკანასკნელის შვილს, გ. მ-ეს გადასცა 5000 აშშ დოლარი, ორ კვირაში მიუტანა თანხის დარჩენილი ნაწილი 2000 აშშ დოლარი და მისი კუთვნილი ავტომანქანა, რომლის დატოვებასაც გირაოში აპირებდა. თ. ლ-ემ არ მიიღო აღნიშნული დამატებითი თანხა, მანქანის დატოვებაზეც უარი განაცხადა და ე. გ-ი გამოაგდო სადავო სახლიდან. ე. გ-ის განმარტებით მ-ემ აღიარა მის მიერ აღიარებული ვალი, რაც ხელწერილით დაადასტურა, გადასცა 3500 აშშ დოლარი და დანარჩენი თანხის გადაცემაზე თანხმობა განაცხადა.
ე. გ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა მის მიერ გადახდილი ბინის ქირის ანაზღაურებაც.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ლ-ის მოთხოვნა და ე. გ-ი გამოსახლებული იქნა ბინიდან. ასევე დაკმაყოფილდა ე. გ-ის შეგებებული სარჩელი და თ. ლ-ეს და მესამე პირს, გ. მ-ეს დაეკისრა მოპასუხის სასარგებლოდ 1500 აშშ დოლარის, ბინის ქირის _ 4000 აშშ დოლარის და რემონტის ხარჯების _ 750 აშშ დოლარის, სულ _ 6250 აშშ დოლარის გადახდა სოლიდარულად.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს ჰქონდა უფლება მოეთხოვა ის ზარალი, რაც მიაყენეს მოსარჩელემ და მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, რადგან მათ შორის ადგილი ჰქონდა ბინის ნასყიდობის გარიგებას, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა ე. გ-ი.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ლ-ემ და მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, გ. მ-ემ.
ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს: მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტს, სასამართლო დავას წყვეტს არა მისი უფლებების შესახებ, არამედ მხარეთა უფლებებზე. სასამართლო გადაწყვეტილებამ არ შეიძლება ხელყოს მესამე პირის სუბიექტური უფლებები, განსაზღვროს მისი უფლება-მოვალეობები დავის საგანთან მიმართებაში. ასევე, რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის მითითებული, თუ რა მტკიცებულებებს დაეყრდნო სასამართლო არსებული დავის გადაწყვეტისას. არ არის ასევე მითითებული კანონი, თუ რის საფუძველზე დააკმაყოფილა სასამართლომ შეგებებული სარჩელი.
ე. გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა საოლქო სასამართლოს განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორს მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს განჩინება კანონის დარღვევითაა მიღებული;
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. ლ-ის შვილი, გ. მ-ე, საქმეში ჩაება მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე; თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. გ-ის შეგებებული სარჩელი, თ. ლ-ესა და გ. მ-ეს დაეკისრათ მის სასარგებლოდ სოლიდარულად 6250 აშშ დოლარის გადახდა;
სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე არ წარმოადგენენ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტებს და სასამართლო წყვეტს დავას არა მათ უფლებებზე, არამედ მხარეთა უფლებებზე; შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებამ არ შეიძლება ხელყოს (შეეხოს) მესამე პირების სუბიექტური უფლებები, ე.ი. განსაზღვროს მათი უფლება-მოვალეობანი დავის საგანთან მიმართებაში;
სააპელაციო სასამართლომ ასევე კანონიერად მიუთითა, რომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში რაიონულმა სასამართლომ არ დაასაბუთა გადაწყვეტილება, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, არ გამოიკვლია სრულყოფილად მტკიცებულებები და არ მიუთითა კანონზე, რომლის საფუძველზეც დაეკისრა მოსარჩელე მხარეს მესამე პირთან ერთად სოლიდარულად ბინის ქირისა და ცემენტის ღირებულება;
სსკ-ს 385-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა უფლება საქმე დაებრუნებინა რაიონულ სასამართლოში განჩინებაში მითითებული საკითხების გამოსაკვლევად;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.