Facebook Twitter

¹ 3კ-638-02 19 სექტემბერი 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,ქ. გაბელაია

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (ძირითად სარჩელში); თანხის გადახდა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.თბილისში, ... მდებარე სახლის 3/5 ნაწილი ირიცხებოდა ს. ხ.-ეზე, ხოლო 2/5 ნაწილი – ს. ი.-ის ასული ხ.-ის სახელზე.

სახლს ფაქტობრივად ფლობდა და განაგებდა ი. დ.-ის დედა რ. დ.-ი, რომელიც იყო სახლის მესაკუთრის ნათესავი.

1982წ. 2 ოქტომბერს გაფორმებული ხელწერილის მიხედვით რ. დ.-მა, როგორც “სახლის პატრონმა”, კ. დ.-ისაგან ისესხა 5000 მანეთი, ერთი წლის ვადით. ამ უკანასკნელს სარგებლობაში გადაეცა სარდაფ-სართულში ერთი ოთახი. 1986 წელს კ. დ.-მა დაიკავა გვერდით გამოთავისუფლებული მეორე ოთახი რაშიც, მისი განმარტების თანახმად, გადაიხადა 3000 მანეთი.

სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ რ.დ.-ს თანხა არ დაუბრუნებია, ხოლო კ.დ.-მ განაგრძო მის სარგებლობაში გადაცემულ ფართში ცხოვრება.

1993 წელს გარდაიცვალა რ. დ.-ი, ხოლო 1996 წელს ს. ხ.-ე.

1996წ. 17 სექტემბერს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე სახლის 3/5 ნაწილი აღირიცხა ს. ხ.-ის შვილის, ჟ. მ.-ის სახელზე.

1999წ. 30 სექტემბერს ჟ. მ.-ესა და ი.დ.-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად ეს უკანასკნელი გახდა სახლის 3/5 ნაწილის მესაკუთრე.

2000წ. მაისში ი. დ.-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში კ. დ.-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მის კუთვნილ არასაცხოვრებელ ფართში _ ავარიულ სარდაფში, 1980 წლიდან დამქირავებლის უფლებით, ჩაწერის გარეშე ცხოვრობს კ. დ.-ის ოჯახი, რომელიც არ იხდის ბინის ქირას. სახლის საძირკველს და უკანა კედელს ესაჭიროება გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, რის გამოც აუცილებელია მოპასუხეების ბინიდან გამოსახლება.

კ. დ.-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ი. დ.-ზე 8000 მანეთის ეკვიკალენტის ლარებში – 5376 ლარის დაკისრება, შემდეგი საფუძვლით: 1982 წელს ს.ხ.-ესთან დადებული ე.წ. “დათმობის” ხელშეკრულების საფუძველზე, ამ უკანასკნელის დავალებით და მისივე ვალის გასასტუმრებლად, 5000 მანეთი გადაუხადა რ.დ.-ს; 1986 წელს გვერდით არსებული ოთახის გამოთავისუფლებასთან დაკავშირებით თანხა უნდა გადაეხადა რ.დ.-ს; ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მან გადაუხადა მოსარგებლეს 3000 მანეთი და დაიკავა გამოთავისუფლებული ოთახი; 1986-1987 წლებში მესაკუთრეების თანხმობით ბინას ჩაუტარა რემონტი, ააშენა სამზარეულო, სააბაზანო, გაიყვანა გაზი; 1993 წლამდე ბინის ქირას და სხვა კომუნალურ გადასახადებს უხდიდა რ.დ.-ს, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ - ი.დ.-ს და მისი ოჯახის წევრებს.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელზე ეთქვა უარი.

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მხარეებს შორის ზეპირი ფორმით დადებული იყო ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც შეწყვეტილ იქნა სკ-ს 558-ე მუხლის შესაბამისად, ბინის ქირის გადაუხდელობის გამო.

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კ.დ.-ს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ გაშვებული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ.დ.-მა.

2002წ. 8 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება. ი.დ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. კ.დ.-ი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ბინიდან. კ.დ.-ს უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელზე.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა ვ.დ.-ის მოსაზრებას, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 553-ე მუხლი, რადგან არ დასტურდება მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულების არსებობა. ამავე დროს სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე არ წარმოადგენდა მოსარგებლეს. სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულ იქნა სკ-ს 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

კ. დ.-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, რომელიც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას ითვალისწინებს; შეგებებული სარჩელის მოთხოვნა 5376 ლარის გადახდევინების შესახებ არ არის ხანდაზმული, რადგან ამ თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობა დამოკიდებული იყო იმ გარემოებაზე, თუ როდის იქნებოდა დაყენებული მის მიერ დაკავებული ფართის გამოთავისუფლების საკითხი; კანონი მას უფლებას ანიჭებს მოითხოვოს ნივთის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებაც, ხოლო სასამართლომ თანხის დაბრუნების მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ... მდებარე სახლის ერთ ოთახში კ. დ.-ი ცხოვრობს 1982 წლიდან, ხოლო მეორე ოთახი მან დაიკავა 1986 წელს.

1982წ. 2 ოქტომბერს 5000 მანეთის სესხად გადაცემის შესახებ შედგენილ ხელწერილში “მსესხებელი” რ. დ.-ი მოხსენიებულია როგორც “სახლის პატრონი”, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ფაქტობრივად გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობასთან იყო დაკავშირებული.

სესხის ხელწერილზე კ.დ.-თან და რ.დ.-თან ერთად ხელს აწერენ ოჯახის წევრები. მათ შორისაა მოსარჩელე ი.დ.-ი. ი.დ.-მ არ უარყო კ.დ.-ის სარგებლობაში მეორე ოთახის გადაცემისა და მოპასუხის მიერ ბინის ქირის გადახდის ფაქტი.

მგვარი გარიგება რ. დ.-ს დადებული აქვს აგრეთვე ს. რ.-თან. 1979წ. 12 დეკემბერს შედგენილი ხელშეკრულების საფუძველზე რ.დ.-მა, ოჯახის წევრებთან ერთად ს. რ.-ისაგან ისესხა 7000 მანეთი ორი წლის ვადით. რ. დ.-მა სანაცვლოდ გამსესხებელს დაუთმო ერთი ოთახი სამზარეულოთი. ს.რ.-ის ოჯახი ამჟამადაც ცხოვრობს აღნიშნულ ფართში.

საფუძვლიანად უნდა ჩაითვალოს კ.დ.-ის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სახლს ფაქტობრივად განაგებდა რ.დ.-ი. კ.დ.-ის ოჯახის სადავო ფართში ცხოვრებასთან დაკავშირებით ს.ხ.-ს არასოდეს არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია, რაც წარმოადგენს იმის მტკიცების საფუძველს, რომ მოპასუხესთან გარიგება საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ მოხდა იმდროინდელი მესაკუთრის თანხმობით.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 172-ე მუხლი. სადავო ფართი არ იმყოფება კ.დ.-ის უკანონო მფლობელობაში, რადგან მოპასუხეს 1982-1986 წლებში დადებული გარიგებების საფუძველზე აქვს ამ ფართით სარგებლობის უფლება.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ი.დ.-ი სადავო ფართის მესაკუთრე გახდა 1999 წელს, მხარეებს შორის დავის მოსაწესრიგებლად არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო კანონი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ”. დავის საგანთან დაკავშირებული ურთიერთობები წარმოიშვა 1982-1986 წლებში. ამ ურთიერთობებში ი.დ.-ი წარმოადგენს გარიგებებში მონაწილე რ.დ.-ის და ს. ხ.-ის სამართალმემკვიდრეს, რომელზეც გადავიდა უფლებები და მოვალეობები. მითითებული სპეციალური კანონი ვრცელდება 1996 წლამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონის მე-5 მუხლი და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლებიც ითვალისწინებდნენ მოსარგებლეთა გამოსახლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე უზრუნველყოფდა მოსარგებლეს შესაბამისი ბინით ან გადაუხდიდა კომპენსაციის სახით ამ ბინის ღირებულებას.

მას შემდეგ, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად ჩაითვალა “საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” სპეციალური კანონის მე-5 მუხლი, რომელიც გარკვეული ვალდეულებების შესრულების შემთხვევაში მესაკუთრეს აძლევდა უფლებას მოეთხოვა სარგებლობის შეწყვეტა, ამ საკითხის მოწესრიგებას სპეციალური კანონის სხვა ნორმები არ ითვალისწინებს. პალატას მიაჩნია, რომ დავის მოსაწესრიგებლად გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის ნორმები.

პალატა თვლის, რომ დავის გადასაწყვეტად გამოყენებული არ უნდა იქნეს სკ-ს 531-575-ე მუხლები, რომლებიც აწესრიგებს ქირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ურთიერთობებს, ვინაიდან თვით სპეციალურ კანონშია იმპერატიულად მითითებული, რომ ეს ურთიერთობები არ არის ქირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები.

სკ-ს მე-2 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ერთი და იმავე დონის სამართლის ნორმათა კოლოზიის დროს გამოიყენება სპეციალური და უფრო ახალი კანონი. “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ” კანონი სამოქალაქო კოდექსთან მიმართებაში სპეციალური და ახალი კანონია. მითითებული კანონის მე-2 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, თუ მხარეებს შორის არსებობს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, რაც დასტურდება ისეთი გარემოებებით, როგორიცაა სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადებისა და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა და სხვა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებისა), მაშინ ასეთი გარიგება წესრიგდება ამ კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

აღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ საცხოვრებელი სადგომის დათმობის ურთიერთობა არ არის მხარეთა შორის ვალდებულებითი, ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობა.

საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წამოჭრილი სამოქალაქო დავა უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მესაკუთრისა და მფლობელის უფლება-მოვალეობებს.

გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილშიც. 1982წ. 2 ოქტომბერს შედგენილი ხელწერილით ვალის დაბრუნების ვადა განისაზღვრა ერთი წლით. სანაცვლოდ გამსესხებელს სარგებლობაში გადაეცა სადავო ფართი, რაც ფაქტობრივად იქცა მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად. ერთწლიან ვადაში რ.დ.-ის მიერ ვალი არ ყოფილა გასტუმრებული. სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი, ვადიანი სესხის ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შემდგომში გადაიქცა თუ არა უვადო ხელშეკრულებად, ი.დ.-ი წარმოადგენდა თუ არა სამართალმემკვიდრეს ამ ხელშეკრულებით “მსესხებლის” მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე. სკ-ს 1328-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

თუ საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.დ.-ი მოვალეა, შეასრულოს მამკვიდრებლის ვალის დაბრუნების ვალდებულება, დავა უნდა გადაწყდეს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის შესაბამისად, რომელიც სესხის ხელშეკრულების შეწყვეტას და ვალის დაბრუნების წესს ითვალისწინებს.

სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება არ არის შესაძლებელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნა :

კ. დ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს.