გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-640-02 4 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 1999წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა გ. და ვ. გ-ების წარმომადგენელი ა. ხ-ას სააპელაციო საჩივარი. შეიცვალა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1999წ. 6 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ვ. ა-ი ცნობილ იქნა მემკვიდრედ ა. ხ-ას დანაშთ ქონებაზე _ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის 2/3 ნაწილზე.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ვ. და გ. გ-ების წარმომადგენელმა ა. ხ-ამ და რ. გ-მა განცხადება წარადგინეს სასამართლოში, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სააპელაციო პალატის 1999წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. განცხადება ემყარება შემდეგ მოტივებს: გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964წ.). ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე წიგნის კომენტარი, რომელშიც მოცემულია 1507-ე მუხლის სრულყოფილი კომენტარი. ეს მუხლი თავის დროზე არასწორად განმარტა საქმის განმხილველმა სასამართლომ, ახალი სამოქალაქო კოდექსი კი უძრავი ქონების მიმართ სულ სხვა წესებს ითვალისწინებს. ვ.ა-მა სადავო ერთოთახიანი ბინა ანდერძით მემკვიდრე-მესაკუთრეების თანხმობის გარეშე გაასხვისა, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ვ.ა-სა და მ.გერსამიას შორის სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ვ. და გ. გ-ების წარმომადგენელი ა.ხ-ას და რ.გ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. სააპელაციო პალატამ განმცხადებლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ სსკ-ს 423-ე მუხლით არ არის გათვალისწინებული სასამართლოს მიერ ნორმატიული აქტების უგულებელყოფის გამო საქმის წარმოების განახლება. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
ვ. და გ. გ-ების წარმომადგენელმა ა. ხ-მა და რ. გ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო პალატის განჩინება, მოითხოვეს მისი გაუქმება და მათი განცხადების დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის სადავო ურთიერთობა წარმოიშვა 1997წ. ივლისში, ე.ი. გარდამავალ პერიოდში და საქმის განხილვის დროს სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 1507-ე მუხლი. სააპელაციო პალატის 1999წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული.
პალატას უნდა გამოეყენებინა კანონის ანალოგია, კერძოდ, სსკ-ს მე-7 მუხლისა და 423-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე უნდა განეახლებინა საქმის წარმოება. საქმის განმხილველმა სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ახალი კანონმდებლობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქმის წარმოების გასაახლებლად სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტი. ამ ნორმის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 1999წ. 17 აგვისტოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ დადებია სხვა სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება. საქმის წარმოების განახლების საფუძველს არ წარმოადგენს კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 1507-ე მუხლი. ახლად აღმოჩენილ გარემოებად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ის, რომ სამოქალაქო კოდექსის მეხუთე წიგნის კომენტარი გამოიცა გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, რომელშიც მოცემულია 1507-ე მუხლის კომენტარი. სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”-”ვ” პუნქტებით იმპერატიულად არის განსაზღვრული ის გარემოებები, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად. კასატორის მითითებულ გარემოებას კი ზემოაღნიშნული ნორმები საერთოდ არ ითვალისწინებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის განხილვისას არ დაურღვევია კანონი, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. და გ. გ-ების წარმომადგენელ ა. ხ-ასა და რ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 თებერვლის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.