გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-643-02 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება (ძირითად სარჩელში); ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მესაკუთრედ აღიარება (შეგებებულ სარჩელში); ვალის დასაფარავად შესრულებული მოქმედებების მართლზომიერად და კანონიერად ცნობა (მესამე პირების სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, ... მდებარე ¹89 სამოთახიანი ბინის მესაკუთრე იყო ჯ. წ-ე.
1998 წელს მ.ჯ-მა და ა. ც-ემ აღნიშნულ ბინაში ჯ. წ-ეს გადაუხადეს 7000 აშშ დოლარი. გარიგება არ ყოფილა გაფორმებული სანოტარო წესით.
1998 წელს მ. ჯ-მა ლ. ს-ისაგან ისესხა 700 აშშ დოლარი, შ.ჟ-გან 1300 აშშ დოლარი, ხოლო ლ. ქ-ისაგან 1600 აშშ დოლარი. ვალი დაფარული უნდა ყოფილიყო იმავე წელს, მითითებული თანხებიდან მ. ჯ-მა მხოლოდ 480 აშშ დოლარი დაუბრუნა ლ. ქ-ეს.
2000წ. 20 იანვარს მ. ჯ-მა ლ. ს-ის, ლ. ქ-ის და შ. ჟ-ის წინაშე იკისრა ვალდებულება, რომ კუთვნილ თანხებს გადასცემდა ერთი თვის ვადაში ან ვალების გასასტუმრებლად გაყიდდა ბინას. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბინის გასხვისების უფლება მიეცათ თვით კრედიტორებს. შეთანხმება მოხდა ჯ. წ-ის მონაწილეობით.
მ. ჯ-მა არა შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა ვალი და არ უზრუნველყო ბინის გასხვისება. 2000წ. 14 მარტს ჯ. წ-ისაგან ბინა იყიდა ლ. ა-მა. მ. ჯ-ის ვალების დასაფარავად მყიდველმა თანხები გადასცა ლ. ს-ს, შ. ჟ-ს და ლ. ქ-ეს.
2000წ. მარტში ლ. ა-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში მ. ჯ-ის, ა. ც-ისა და კ. ც-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ.
მ.ჯერენაშვილმა და ა. ც-ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვეს ჯ. წ-ის მიერ ლ. ა-თან დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხოლო ჯ. წ-ესა და მ. ჯ-ს შორის ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად ცნობა.
საქმეში მესამე პირებად ჩაბმულმა მ. ჯ-ის მევალეებმა: ლ. ს-მა, შ. ჟ-ნმა და ლ. ქ-ემ, დამოუკიდებელი სარჩელით ითხოვეს მოპასუხის ვალების დაფარვის უზრუნველსაყოფად მათ მიერ შესრულებული მოქმედებების მართლზომიერად ცნობა.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი და მესამე პირების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელზე უარი ეთქვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 9 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ჯ-ის, ა. ც-ის და კ. ც-ის სააპელაციო საჩივარი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
მ. ჯ-ის, ა. ც-ის და კ. ც-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001წ. 7 სექტემბრის განჩინებით გააუქმა სააპელაციო პალატის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა ჰქონდათ თუ არა წ-ეს და ა-ს განზრახვა რომ მათ მიერ დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა და აღნიშნულის საფუძველზე გადაწყვეტილიყო ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილორივ. გაუქმდა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა ლ.ა-ის სარჩელი. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ. ჯ-ის და ა. ც-ის შეგებებული სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი ჯ. წ-ესა და ლ. ა-ს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. დანარჩენ ნაწილში შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა. ასევე არ დაკმაყოფილდა მესამე პირების: ლ. ს-ის, ლ. ქ-ისა და მ. ჟ-ის სარჩელი მათი ინტერესების დასაცავად შესრულებული მოქმედების მართლზომიერად ცნობის შესახებ.
ლ.ა., ლ. ქ-ე და მ. ჟ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას ლ. ა-ის სარჩელზე უარის თქმის, მ. ჯ-ისა და ა. ც-ის შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში, რადგან მიაჩნიათ, რომ არ არსებობდა ლ. ა-სა და ჯ. წ-ეს შორის დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეების განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ გაუქმდეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ს 183-ე მუხლის I-ლი ნაწილის შესაბამისად უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ჯ. წ-ესა და მ. ჯ-ს შორის ბინის ნასყიდობის გარიგება არ ყოფილა დადებული კანონის მითითებული ნორმის მოთხოვნათა დაცვით. სკ-ს 59-ე მუხლის თანახმად ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ჯ. წ-ეს მისივე განმარტებით ბინა მიყიდული ჰქონდა მ. ჯ-ისათვის (თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა დაცული არ იყო).
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული ბათილი გარიგება არ შეიძლებოდა გამხდარიყო 2000წ. 10 მარტს ჯ. წ-ესა და ლ. ა-ს შორის სკ-ს 183-ე მუხლის I-ლი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად მოჩვენებითია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ჯ. წ-ესა და ლ.ანს არ დაუდიათ სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. ლ.ა-ს გააჩნდა ბინის შეძენის, ხოლო ჯ. წ-ეს გაყიდვის განზრახვა. ამ უკანასკნელმა როგორც მესაკუთრემ, სკ-ს 172-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა.
მყიდველის მიერ გამყიდველისათვის ბინის ღირებულების გადაუხდელობა და ჯ. წ-ის თანხმობით მ. ჯ-ის ვალების გასასტუმრებლად კრედიტორებზე (ლ. ს-ი, შ. ჟ-ი, ლ. ქ-ე) თანხების გადაცემა არ წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს.
ლ. ა-სა და ჯ. წ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგად სადავო ბინაზე საკუთრების უფლება სასამართლომ დაუბრუნა გამყიდველს შეგებებული სარჩელის მიხედვით მოპასუხე ჯ. წ-ეს. სააპელაციო პალატის მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
არ არის დასაბუთებული, თუ რა სტატუსით იქნენ მოპასუხეები დატოვებული სადავო ბინაში.
მ. ჯ-სა და ჯ. წ-ეს შორის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რადგან მოპასუხეებს არ შეუტანიათ შეგებებული საკასაციო საჩივარი.
ფორმის დაუცველად დადებული გარიგების ბათილობიდან გამომდინარე მ. ჯ-ს აქვს უფლება, ჯ. წ-ისაგან მოითხოვოს სადავო ბინის შესაძენად გადახდილი 7000 აშშ დოლარის დაბრუნება.
სააპელაციო პალატის 2001წ. 2 მარტის სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელმა იშუამდგომლა სხვა დავის გადაწყვეტამდე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში შეტანილი ჰქონდათ სარჩელი ჯ. წ-ის მიმართ თანხის დაბრუნების შესახებ. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაძლებელი იყო ამ საქმეების ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განხილვა.
მესამე პირების დამოუკიდებელი სარჩელი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ ლ. ს-ს, მ. ჟ-ნს და ლ. ქ-ეს ვალის დაბრუნების მოთხოვნის უფლება ჰქონდათ კანონით დადგენილი წესით და რომ მესამე პირების მოქმედებით დარღვეულ იქნა სამოქალაქო ბრუნვის არსებითი პრინციპები.
დადგენილია, რომ 1998წ. სექტემბერში მ. ჯ-მა ლ. ს-ისაგან ისესხა 700 აშშ დოლარი, ხოლო შ. ჟ-ისაგან 1300 აშშ დოლარი. ვალი გადახდილი უნდა ყოფილიყო იმავეწ. ბოლომდე. 1998წ. მარტში ლ. ქ-ემ მ. ჯ-ს ასესხა 1600 აშშ დოლარი ოთხი თვის ვადით. მ. ჯ-მა მხოლოდ ლ. ქ-ეს დაუბრუნა 480 აშშ დოლარი. დანარჩენი თანხები, შესაბამისი საპროცენტო დანამატებით, მოვალეს არ გადაუხდია. ეს უკანასკნელი ასევე არიდებდა თავს ჯ. წ-ესთან ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების კანონით დადგენილი წესით გაფორმებას, რათა მესამე პირებს ვალის დაბრუნების უზრუნველსაყოფად ვერ მოეთხოვათ ბინაზე ყადაღის დადება. 2000წ. 20 იანვარს შედგენილი ხელწერილის თანახმად მ. ჯ-მა ივალდებულა, რომ ვალებს დაფარავდა ერთი თვის ვადაში ან გადასახდელი თანხების მოვალეებზე გადასაცემად გაყიდდა სადავო ბინას. პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი თანახმა იყო, რომ ბინა გაეყიდათ თვითონ მევალეებს და მიეღოთ კუთვნილი თანხები.
მოპასუხეებსა და მასამე პირებს შორის ამგვარი გარიგება შედგა ჯ. წ-ის მონაწილეობით. ამ უკანასკნელის თანხმობით, ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლ.ა-ის მიერ ბინის შესაძენად გადახდილი თანხა გამოყენებული იქნა მ. ჯ-ის ვალების დასაფარავად.
სკ-ს 371-ე მუხლის თანახმად: 1. თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც. 2. კრედიტორს შეუძლია, არ მიიღოს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, თუ მოვალე ამის წინააღმდეგია.
მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების შესრულება შეეძლო მესამე პირს, კრედიტორებმა მიიღეს მესამე პირისაგან შემოთავაზებული შესრულება, ხოლო მოვალე არ იყო ამის წინააღმდეგი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაუწყვეტელი დატოვა დავის საგანი.
საქმის გარემოებები სააპელაციო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად შესაძლებელია საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 410-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
დაკმაყოფილდეს ლ. ა-ის სარჩელი. მოპასუხეები: მ. ჯ-ი და ა. ც-ე გამოსახლებულ იქნენ ქ.თბილისში, ... მდებარე სამოთახიანი ბინიდან.
არ დაკმაყოფილდეს მ. ჯ-ის და ა. ც-ის შეგებებული სარჩელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
ბინის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.