¹3კ-644-02 5 ივნისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ფ. ა-შვილი მუშაობდა შპს “კ-ში” მომარაგების აგენტის თანამდებობაზე, ლ. ტ-ძე _ მძღოლად, ვ. მ-ძე _ ძირითადი წარმოების მძღოლად, ა. ბ-ძე _ მომარაგების ექსპედიტორად, ხოლო ჯ. ჯ-ავა მუშაობდა თარჯიმნად. ზემოხსენებული პირები დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდნენ შპს “კ-ის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ზ. ლ-ძის, 2001წ. 2 ივნისის ¹104 ბრძანებით შპს “კ-ში” შტატების შემცირების გამო 2001 წლის 2 აპრილის ¹95 (1) ბრძანების საფუძველზე.
ფ. ა-შვილმა, ლ. ტ-ძემ, ვ. მ-ძემ, ა. ბ-ძემ და ჯ. ჯ-ავამ 2001წ. 20 ივლისს სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე შპს “კ-ის" ადმინისტრაციის მიმართ და მოითხოვეს სამუშაოზე აღდგენა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯ. ჯ-ავას, ფ. ა-შვილის, ლ. ტ-ძის, ა. ბ-ძისა და კ. მ-ძის სარჩელები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. ჯ-ავამ, ლ. ტ-ძემ, ფ. ა-შვილმა, ა. ბ-ძემ და ვ. მ-ძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილება გააუქმა და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ჯ. ჯ-ავას, ა. ბ-ძის, ლ. ტ-ძის, ვ. მ-ძისა და ფ. ა-შვილის სარჩელები სამუშაოზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ აპელანტები სამუშაოდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ გაფრთხილებული იყვნენ ადმინისტრაციის მიერ ორი თვით ადრე; სამუშაოდან დათხოვნის შესახებ 2001წ. 2 ივნისის ბრძანების მიღების შემდეგ მათ სამსახურში არ უვლიათ. მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს 2001წ. 20 ივლისს სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, რითაც დაარღვიეს შრომის კანონთა კოდქსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა.
ჯ. ჯ-ავას, ტ. ტ-ძის, ფ. ა-შვილის, ა. ბ-ძისა და ვ. მ-ძის წარმომადგენელმა ზ. პ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კასატორების სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგან მოპასუხეს არ მოუთხოვია ხანდაზმულობის გამო სარჩელზე უარის თქმა, მოსარჩელეებს კი არ მისცა საშუალება, ემტკიცებინათ, რომ მათ არ დაურღვევიათ სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა. სასამართლომ არ შეისწავლა საქმის მასალები, რომლის თანახმად შტატების შემცირების შესახებ 2001წ. 2 აპრილის ¹95 ბრძანება გაუქმებულ იქნა 2001წ. 22 მაისის ¹101 ბრძანებით, ხოლო მოსარჩელეები ამის შემდგომ განაგრძობდნენ მუშაობას. კასატორებს სამუშაოდან დათხოვნის ბრძანება ჩაბარდათ მხოლოდ 2001წ. 2 ივლისს. მათ სასამართლოში სარჩელი აღძრეს 2001წ. 20 ივლისს, ე.ი. ერთთვიანი ვადის დაცვით. სამსახურიდან დათხოვნის ბრძანების მიუხედავად, კასატორები მაინც მუშაობდნენ, რასაც ადასტურებს შპს “კ-ის" დირექტორების, გ. ტ-ძისა და ა. კ-იანის, მიერ 2001წ. 25 ივნისს შპს “კ-ის" ადმინისტრაციისათვის მიწერილი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციას ჯ. ჯ-ავასთან, ლ. ტ-ძესთან შრომითი ხელშეკრულებები არ შეუწყვეტია და, რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ყოველთვიური ხელფასის ანაზღაურებისას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა ფ. ა-შვილი მუშაობდა შპს “კ-ში" მომარაგების აგენტის თანამდებობაზე, ლ. ტ-ძე _ მძღოლად, ვ. მ-ძე _ ძირითადი წარმოების მძღოლად, ა. ბ-ძე _ მომარაგების ექსპედიტორად, ხოლო ჯ. ჯ-ავა მუშაობდა თარჯიმნად. ზემოხსენებული პირები დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდნენ შპს “კ-ის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ზ. ლ-ძის, 2001წ. 2 ივნისის ¹104 ბრძანებით შპს “კ-ში" შტატების შემცირების გამო 2001წ. 2 აპრილის ¹95 (1) ბრძანების საფუძველზე.
ფ. ა-შვილმა, ლ. ტ-ძემ, ვ. მ-ძემ, ა. ბ-ძემ და ჯ. ჯ-ავამ 2001წ. 20 ივლისს სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე შპს “კ-ის" ადმინისტრაციის მიმართ და მოითხოვეს სამუშაოზე აღდგენა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ვ. მ-ძის სამუშაოზე აღდგენის დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ, მიმართონ შრომის დავის კომისიას სამი თვის ვადაში იმ დღიდან, როცა მათ გაიგეს ან უნდა გაეგოთ თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ, ხოლო დათხოვნის საქმეთა გამო _ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში. კასატორმა ვ. მ-ძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო 2001წ. 2 ივნისის ბრძანება სამუშაოდან დათხოვნის შესახებ. ისინი ადმინისტრაციამ გააფრთხილა ამის თაობაზე 2001წ. 2 აპრილს. მას 2 აპრილიდან ჩამოართვეს ავტომანქანა და სამსახურში აღარ დადიოდა, რადგან ფაქტობრივად უკვე განთავისუფლებული იყო.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების ჯ. ჯ-ავას, ა. ბ-ძის, ვ. ა-შვილისა და ლ. ტ-ძის საკასაციო მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ კასატორებმა გაუშვეს სასამართლოზე მიმართვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ კასატორები, მათი სამუშაოდან დათხოვნის შემდეგაც აგრძელებდნენ მუშაობას თავიანთ ადგილებზე დირექტორთა საბჭოს წევრი დირექტორების თანხმობით. ასეთ ვითარებაში სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, ხომ არ ჰქონდა ადგილი შრომის ხელშეკრულების გაგრძელებას. ამ გარემოების შეფასებას არსებითი მნიშვნელობა აქვს კასატორების ვ. ა-შვილის, ლ. ტ-ძის, ა. ბ-ძისა და ჯ. ჯ-ავას მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების საკითხის გადაწყვეტისათვის.
საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, გაარკვიოს ხომ არ ჰქონდა ადგილი კასატორების სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემის შემდეგ ფაქტიურად შრომის ხელშეკრულების გაგრძელებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. მ-ძის წარმომადგენელ ზ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ვ. მ-ძის სამუშაოზე აღდგენის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
ფ. ა-შვილის, ლ. ტ-ძის, ა. ბ-ძისა და ჯ. ჯ-ავას წარმომადგენლის, ზ. პ-ის, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ფ. ა-შვილის, ლ. ტ-ძის, ა. ბ-ძისა და ჯ. ჯ-ავას სამუშაოზე აღდგენის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება