გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-648-02 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტექნიკის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000წ. 2 მაისის ბრძანებით ვ. ა-ე განთავისუფლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვისა და განვითარების დეპარტამენტის საორგანიზაციო-ტექნიკური განყოფილების .... თანამდებობიდან.
ვ. ა-ის სამსახურიდან დათხოვნას საფუძვლად დაედო სამინისტროს სისტემაში რეორგანიზაციის ღონისძიებათა გატარება.
2000წ. ოქტომბერში ვ. ა-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ა-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის ასაკი აღემატებოდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 50-ე მუხლით განსაზღვრულ ზღვრულ ასაკს და გაშვებული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. არჯევანიძემ.
სააპელაციო პალატის 2001წ. 5 ოქტომბრის სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ტექნიკის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ხოლო გამოცხადებულმა აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ა-ე აღდგენილ იქნა საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვისა და განვითარების დეპარტამენტის საორგანიზაციო-ტექნიკური განყოფილების .... .....
დეპარტამენტი, რომელიც წარმოადგენდა საქვეუწყებო დაწესებულებას, “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 17 ოქტომბრის ¹411 ბრძანების საფუძველზე გარდაიქმნა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ერთეულად, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამინისტროს მიერ იქნა გასაჩივრებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 22 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და 2001წ. 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ვ. ა-ის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევის ფაქტი და რომ შეუძლებელი იყო მოსარჩელის აღდგენა არარსებულ თანამდებობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეების განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
“საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 26 დეკემბრის ¹687 ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი. სამინისტროს 2000წ. 22 მარტის ¹46/ო ბრძანების თანახმად დეპარტამენტს ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებასთან დაკავშირებით დაევალა შტატებისა და მოსამსახურეთა რიცხოვნობის შემცირება. 2000წ. 31 მარტს ვ. ა-ე წერილობით გაფრთხილდა შტატებისა და მოსამსახურეთა რიცხოვნობის მოსალოდნელი შემცირების შესახებ, ხოლო 2000წ. 22 მაისის ბრძანებით იგი განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
ბრძანება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ვ. ა-ეს ჩაბარდა 2000წ. 29 მაისს.
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის შესაბამისად საჯარო მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება. ვ. ა-ემ სასამართლოში სარჩელი სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით შეიტანა კანონის მითითებული ნორმით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ – 2000წ. 27 ოქტომბერს.
სსკ-ს 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
ვ. ა-ის სარჩელში მითითებულია შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელეს, როგორც დიდი სამამულო ომის მონაწილეს, საქართველოს პარლამენტის მიერ 1995წ. 17 ოქტომბერს მიღებული კანონით შტატების შემცირებისას ენიჭებოდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება; არ იქნა გათვალისწინებული პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაგზავნილი მიმართვები, საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის შუამდგომლობა და რომ მიზანს ვერ მიაღწია ექვსი თვის განმავლობაში.
სასამართლოს არ გაურკვევია სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა ვ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნას, რითაც დარღვეულ იქნა სსკ-ს 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 თებერვლის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.