Facebook Twitter

საქმე N 330141224010130254

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №59I -24 თბილისი

ბ. ლ., 59I -24 7 ნოემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ლ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 ივლისის განაჩენით ლ. ბ., – დაბადებული ..., – ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ათვლა 2021 წლის 21 იანვრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 19 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. 2024 წლის 2 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ლ. ბ-ს პირადი საქმე.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელი – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეტა და განესაზღვრა – 5 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ლ-მ, რომელიც ითხოვს დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, ლ. ბ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, სასჯელის განახევრებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 2024 წლის 31 ოქტომბერს მიღებულ მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ლ-ს მომართვას თან ერთვის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვით, დაზარალებულად ცნობილი ლ. ჭ. (პ/ნ ...) აცხადებს თანხმობას ლ. ბ-ს მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა, მათ შორის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. ამავდროულად, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლ. ბ. მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რომელთაგან „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ხოლო ლ. ბ-ს სასჯელი შეფარდებული აქვს დანაშაულთა ერთობლიობით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის – ერთიანი სასჯელის სახით, შესაბამისად, მის მიმართ „ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვერ გავრცელდება და, განსახილველ შემთხვევაში, „ამნისტიის შესახებ” კანონი მართებულად არ აღსრულდა.

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ლ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. ფაფიაშვილი