¹ 3კ-653-02 19 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,ქ. გაბელაია
დავის საგანი: მამობის დადგენა და ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ვ.-ი 1944 წლიდან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა მ. ჯ.-თან. 2000წ. 17 იანვარს მას შეეძინა ქალიშვილი ე. ვ.-ი.
მ. ვ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჯ.-ის მიმართ მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრების შესახებ იმ საფუძვლით, რომ 1994წ. დეკემბერში იგი ცოლად გაჰყვა მ. ჯ.-ს, თუმცა ქორწინება არ ყოფილა რეგისტრირებული; მეუღლის ოჯახში ცხოვრობდა ორი წელი და შვიდი თვე; ოჯახური უსიამოვნების გამო, მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან; 2000წ. 17 იანვარს მათ შეეძინათ ქალიშვილი, მ. ჯ.-ს მოქალაქეობრივი რეგისტრაციის ორგანოსათვის არ მიუმართავს განცხადებით ბავშვის მის გვარზე გატარების თაობაზე, თუმცა გვარის შესაცვლელად წაღებული ჰქონდა მისი დაბადების მოწმობა; ბავშვის დაბადების შემდეგ მოპასუხემ ინახულა და გაუწია მატერიალური დახმარება. 2000წ. აგვისტოდან მათ შორის ყოველგვარი ურთიერთობა შეწყდა.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ვ.-ის სარჩელი. მ. ჯ.-ი ცნობილ იქნა ე. ვ.-ის მამად და დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თვეში 20 ლარის ოდენობით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 მარტის გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა, როგორც იურიდიულად დაუსაბუთებელი და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ვ.-ის სარჩელი კვლავ დაკმაყოფილდა. მ. ჯ.-ი ცნობილ იქნა ე. ვ.-ის მამად და მასვე დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თვეში 20 ლარის ოდენობით.
მ. ჯ.-ი, საკასაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მ. ვ.-ის მშობლებთან გადასვლის შემდეგ მათ არ გაუწყვეტიათ ურთიერთობა და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას. კასატორის აზრით, საქმეში არსებული არცერთი გარემოება ნათლად არ ადასტურებს მისი მამობის ფაქტს, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 1994წ. დეკემბრიდან, 2 წლისა და 7 თვის განმავლობაში მაია ვ.-ი ცხოვრობდა მ. ჯ.-ის ოჯახში და ითვლებოდა მის მეუღლედ, თუმცა მმაჩის ორგანოში, ქორწინება არ ყოფილა რეგისტრირებული. 1997წ. ივლისიდან მოსარჩელე ცხოვრობს თავის მშობლების სახლში. 2000წ. იანვარში მას შეეძინა ქალიშვილი.
სკ-ს 1190-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშობელთა ერთობლივი განცხადების არ არსებობის შემთხვევაში მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის განცხადებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან ბავშვის ერთად აღზრდასა და რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ის გარემოება, რომ მ. ვ.-ი და მ. ჯ.-ი ბავშვის დაბადებამდე ცხოვრობდნენ ერთად, ეწეოდნენ საერთო მეურნეობას (შეშით მომარაგება, ბაზარში ერთად სიარული). მ. ჯ.-ი ბავშვის დაბადების შემდეგ, ასევე შეძლებისდაგვარად, მატერიალურად ეხმარებოდა მ. ვ.-ს _ მისივე განმარტებით, გადასცა მოსარჩელეს 20 ლარი, ბავშვის დაბადების შემდეგ იღებდა მილოცვებს, როგორც ბავშვის მამა, რაც ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა მ. ჯ.-ის მამობის ფაქტი.
სსკ-ს 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო, ამასთან ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე და მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ ალიმენტის ოდენობა განსაზღვრა 20 ლარით.
საპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანოიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 მარტის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.