გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-654-02 8 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: (სარჩელში) სარგებლობის უფლებით ფართის გამოყოფა; (შეგებებულ სარჩელში) ბინიდან გამოსახლება, რეგისტრაციიდან მოხსნა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ო-ი და ჯ. ა-ი ქორწინების რეგისტრაციაში გატარდნენ 1986 წლიდან. ისინი ცხოვრობდნენ ... ქ. თბილისში. სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეებს ოჯახში დანარჩენ წევრებთან ერთად კონფლიქტური ურთიერთობების გამო აღნიშნული ბინიდან გამოეყოთ ¹3-13,77 კვ.მ. ოთახი. მიუხედავად ამისა, მხარეებს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა. ჯ. ა-ის წინააღმდეგ განეწყო მისი მეუღლე და იძულებული გახადეს დაეტოვებინა ბინა.
ჯ. ა-მა 2000წ. 15 დეკემბერს სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ა., ვ.,M სა., სუ. ო-ების, ა. და მ. კ-ების მიმართ და მოითხოვა სარგებლობის უფლებით ფართის გამოყოფა.
ა. ო-მა 2001წ. 8 მარტს მიმართა განცხადებით იმავე სასამართლოს ჯ. ა-ის სადავო ბინიდან გასახლების მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ იგი არ იხდის გადასახადებს და ძალიან კონფლიქტურია.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. ა-ის ძირითად სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. ა. ო-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ჯ. ა-ს მოესპო სადავო ბინის ფართით სარგებლობის უფლება და შესაბამისად დადგინდა მისი გამოსახლება აღნიშნული ბინიდან იძულებითი წესით და გამოსახლებისთანავე მას მოეხსნა რეგისტრაცია აღნიშნულ მისამართზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 ივნისის გადაწყვეტილება ჯ. ა-ის სადავო ბინიდან, გამოსახლებისა და მისი რეგისტრაციიდან მოხსნის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ო-ის შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
ა., ვ., სა. და სუ. ო-ებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე. მოითხოვეს მისი გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა გარემოება იმის შესახებ, რომ ჯ. ა-მა ნებით დატოვა სადავო საცხოვრებელი სახლი, რის გამოც 6 თვის შემდეგ დაკარგა სარგებლობის უფლება. ასევე არასწორი შეფასება მისცა სააპელაციო პალატამ საქმეში არსებულ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის შპს “ს. კ. გ-ის” ფილიალის მომსახურეობის სერვისული ცენტრის მიერ 2001წ. ივლისში გაცემულ ცნობას, რომელიც გაცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რადგან მოქალაქის საცხოვრებელ ბინაში ცხოვრების ფაქტს ადასტურებს და ამოწმებს პოლიციის ორგანო შესაბამისი წარმოებით. კასატორის მითითებით სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის II პუნქტი. ასევე არ გაითვალისწინა სასამართლომ ის გარემოება, რომ მხარეებისათვის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არის გაუსაძლისი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმის მასალების მიხედვით, ჯ. ა-ის გამოსახლების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის უფლება ჰქონდა სამგორის საბინაო ტრესტს, ვინაიდან იგი წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრეს. კასატორებს კი ამ საფუძვლით ჯ.ა-ის გამოსახლების მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა;
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას, ლრომ სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა მოპასუხის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, მიიჩნია რა, რომ საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება სადავო საცხოვრებელი ბინის ჯ.ა-ის მიერ სამ თვეზე მეტი ვადით ნებით დატოვების ფაქტი.
“საქართველოს მოქალაქეთა და საქართვლოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის II პუნქტის შესაბამისად პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს; ამავე კანონის მე-4 მუხლის I ნაწილის შესაბამისად კი საცხოვრებელი ადგილის სამ თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია ათ დღეში, ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნების დაცვით, აცნობოს ამის შესახებ ახალ საცხოვრებელ ადგილის შეცვლის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს.
გამომდინარე აღნიშნულიდან კონკრეტულ საცხოვრებელ მისამართზე რეგისტრირებულ პირს ერთმევა ამ რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი თუ იგი სამ თვეზე მეტ ხნის განმავლობაში არ ცხოვრობს ამ მისამართზე საკუთარი ნებით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია კასატორს არ წამოუყენებია, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია და არარსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა., ვ., სა. და სუ. ო-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.