Facebook Twitter

¹ 3კ/656-01 1 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,მ. გოგიშვილი

სარჩელის საგანი: ნივთის გამოთხოვა უკანონო მფლობელობიდან.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის უკანონოდ მითვისებული ავტოგასამართი სადგურის დაბრუნება და მასზე ხელშემშლელი მოქმედების აკრძალვა შემდეგი საფუძვლით:

1992 წლის 12 მაისს თბილისის ისნის რაიონის გამგეობაში რეგისტრაციაში გატარდა მცირე საწარმო “გ.”, რომელიც შემდგომში გარდაიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გ.”.

თბილისის ისნის რაიონის გამგეობის 1994 წლის 3 აგვისტოს ¹4-27/412 განკარგულებით შპს “გ.” ნება დაერთო კახეთის გზატკეცილზე, მე-8 ლეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე განეთავსებინა მოძრავი ავტოცისტერნა, როგორც დროებითი ღონისძიება. 1995 წლის 4 ივლისს შპს “გ.” და თბილისის მერიის მიწის რესურსების სამმართველოს შორის მიწის ნაკვეთზე დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც მეიჯარეს შეეძლო მიწის ნაკვეთზე ეწარმოებინა მშენებლობა. შპს “გ.” იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე დაიწყო არქიტექტურის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა.

1996 წლის 7 ოქტომბერს მოხდა შპს “გ.” ხელახალი რეგისტრაცია. შპს-ს დამფუძნებლები გახდნენ ზ. გ-შვილი, ნ. გ-შვილი და ლ. გ-შვილი. ვიდრე შპს “გ.” ავტოგასამართ სადგურს ექსპლუატაციაში მიიღებდა, ზ. გ-შვილი დააპატიმრეს. 1997 წლის 10 თებერვალს, ზ. გ-შვილის პატიმრობიდან განთავისუფლებამდე, რეგისტრაციაში გატარდა შპს “გ.”, რომლის დამფუძნებლები არიან ავტოგასამართი სადგურის მშენებლობაში მონაწილე პირები: მ. დ-ძე, მე. დ-ძე, ფ. ყ-ია და ლ. გ-შვილი, მათ გამოიყენეს რა პირველი შპს “გ.” დოკუმენტაცია, ხელში ჩაიგდეს ავტოგასამართი სადგური.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ ავტოგასამართი სადგური აშენებულია მათი ფულადი შენატანებით, რის საფუძველზეც ისინი შპს-ს პარტნიორები უნდა გამხდარიყვნენ, მაგრამ ზ. გ-შვილმა ისინი მოატყუა და საზოგადოების ხელახალი რეგისტრაციის დროს პარტნიორებად სხვა პირები შეიყვანა _ თავისი მეუღლე და შვილი.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ. ბოლოს, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ 1992 წლის 24 სექტემბერს რეგისტრირებული შპს “გ.” სამართალმემკვიდრედ უნდა ჩაითვალოს 1997 წლის 10 თებერვალს რეგისტრირებული შპს “გ.”, ვინაიდან მას იგივე ანგარიში აქვს ბანკში და ამ ანგარიშზე წარმოებს დღესაც ყველა საფინანსო ოპერაცია, ხოლო 1996 წელს რეგისტრირებული შპს “გ.” არც ანგარიში გააჩნია ბანკში, არც ანგარიშსწორებას აწარმოებს, იგი მხოლოდ ქაღალდზე არსებული იურიდიული პირია. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სადავო ავტოგასამართი სადგური წარმოადგენს 1997 წელს რეგისტრირებული შპს “გ.” საკუთრებას, რადგან იგი აშენდა მისი დამფუძნებლების სახსრებით. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები:

1993 წლის 19 მარტს თბილისის მერიის საქალაქო მმართველობის ისნის რაიონის გამგეობის ¹4-27/206 განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა შპს “გ.”, რომლის პარტნიორები იყვნენ ზ. გ-შვილი, ი. მ-ია და ო. კ-ძე, ხოლო იურიდიული მისამართი ... თბილისი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 8 ივნისის ¹11.06.13 დადგენილებით მიღებულ იქნა მიწათსარგებლობის კომისიის წინადადება და შპს “გ.” დაუმაგრდა როგორც დროებითი ღონისძიება, კახეთის გზატკეცილზე, მერვე ლეგიონის მიმდებარედ, მის მიერ ფაქტიურად დაკავებული ტერიტორია საწვავ-საპოხი მასალების და სხვა საქონლის სარეალიზაციო ობიექტების მოსაწყობად.

აღნიშნულის საფუძველზე მერიასა და შპს “გ.” შორის 1995 წლის 4 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის იჯარით აღების შესახებ 5 წლის ვადით.

1995 წლის 15 სექტემბერს მოწვეულ იქნა შპს “გ.” პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოების წევრებად მოხსენიებული მ. დ-ძე, მე. დ-ძე და ფ. ყ-ია. კრებაზე გადაწყდა, რომ ავტოგასამართი სადგურის ასაშენებლად უნდა განხორციელებულიყო საპაიო შენატანები.

1996 წლის 7 ოქტომბერს თბილისის ისნის რაიონის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა შპს “გ.”, რომლის დამფუძნებლები იყვნენ ზ. გ-შვილი ნ. გ-შვილი და ლ. გ-შვილი. საზოგადოების მისამართი _ ... თბილისი. რეგისტრაციის შესახებ სასამართლო დადგენილების თანახმად, მითითებული შპს “გ.” წარმოადგენს 1992 წლის 12 მაისს რეგისტრირებული მცირე საწარმო “გლოლას” სამართალმემკვიდრეს, რომელიც 1993 წელს გარდაიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად.

1997 წლის 10 თებერვალს თბილისის ისნის რაიონის სასამართლოში რეგისტრაციაში გატარდა შპს “გ.”, იურიდიული მისამართი ... მე-8 ლეგიონის მიმდებარე ტერიტორია, დამფუძნებლები – მ. დ-ძე, მე. დ-ძე, ფ. ყ-ია და ლ. გ-შვილი. ეს საზოგადოება დღეისათვის ფლობს და ექსპლუატაციას უწევს სადავო ავტოგასამართ სადგურს.

ამდენად, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო მიწის ნაკვეთი გამოეყო მოსარჩელეს და იჯარის ხელშეკრულებაც გაფორმდა მოსარჩელესთან.

იჯარის ხელშეკრულების ვადა ამოიწურა 2000 წლის 4 ივლისს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის მერია მიწის ნაკვეთის დაბრუნებაზე არ დავობს, სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მიიჩნია, რომ იჯარის ხელშეკრულება განახლდა განუსაზღვრელი ვადით.

სასამართლომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 5.6. მუხლის საფუძველზე მ. დ-ძე, მე. დ-ძე და ლ. გ-შვილი არ მიიჩნია 1993 წელს რეგისტრირებული შპს “გ.” პარტნიორებად, რადგან ისინი სამეწარმეო რეესტრში არ იყვნენ რეგისტრირებულები. სასამართლომ ასევე არ მიიჩნია 1997 წელს რეგისტრირებული შპს “გ.” 1993 წელს რეგისტრირებული შპს “გ.” (რომელმაც თავის დროზე გააფორმა ყველა საბუთი ავტოგასამართი სადგურის ასაშენებლად) სამართალმემკვიდრედ. 1993 წელს რეგისტრირებული შპს “გ.” სამართალმემკვიდრედ სასამართლომ მიიჩნია მოსარჩელე (1996 წელს რეგ. შპს “გ.”), და რადგან 1993 წელს შპს “გლოლასთან” დღესაც განუსაზღვრელი ვადით მოქმედებს იჯარის ხელშეკრულება, მოიჯარედ მიიჩნია მოსარჩელე. ხოლო მოპასუხე სასამართლოს მოსაზრებით იურიდიული საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო სადგომს, რადგან სკ-ს 150 (2) თანახმად, შენობა-ნაგებობა წარმოადგენს მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს.

სასამართლომ მიუთითა, რომ იჯარის ხელშეკრულების 4.4. პუნქტის თანახმად მეიჯარეს აქვს უპირატესი უფლება მოიჯარისაგან შეისყიდოს მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შესაბამისად ჩატარებული გაუმჯობესებანი, რომლებიც ექსპლუატაციისათვის ვარგისია და მოიჯარის საკუთრებას წარმოადგენს, ანუ იმთავითვე დადგენილი იყო, რომ ავტოგასამართი სადგური უნდა ყოფილიყო მოიჯარის – 1996 წელს რეგისტრირებული შპს “გლოლას” საკუთრება. აქედან გამომდინარე საამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნია უპირატესი სამართლებრივი პირობები მოეპოვებინა სადავო ქონებაზე სანივთო უფლება, რომ არა მოპასუხის ხელშემშლელი მოქმედება. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი და მიუთითა, რომ რადგან მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სადავო ავტოგასამართი სადგურის ფლობის უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი, მოსარჩელეს მოთხოვნა ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო რაც შეეხება მოპასუხეთა განცხადებას იმის შესახებ, რომ ავტოგასამართი სადგური მათი სახსრებითაა აშენებული, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარიგება არ წარმოადგენს სადგურზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს, მოპასუხეები უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება კანონით დადგენილი წესით.

მითითებული საფუძვლებით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. თბილისში, მე-8 ლეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბენზინის ავტოგასამართი სადგური გამოთხოვილ იქნა მოპასუხის მფლობელობიდან და დაუბრუნდა მოსარჩელეს.

კასატორი მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 46 (3)-ე და 47 (3)-ე მუხლები.

კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ზ. გ-შვილმა 1996 წელს საზოგადოება კანონის დარღვევით გაატარა რეგისტრაციაში. პარტნიორთა კრებაზე მ-იამ და კ-ძემ თავიანთი წილები დათმეს მათ სასარგებლოდ და გავიდნენ საზოგადოებიდან. ზ. გ-შვილმა კანონის მოთხოვნათა დაცვით ცვლილებები არ შეიტანა სამეწარმეო რეესტრში და წესდებაში. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ასევე პარტნიორთა კრების ოქმები, სადაც ზ. გ-შვილი მშენებლობისათვის შეტანილ თანხებს დამფუძნებელთა მიერ შემოტანილ საპაიო შენატანებთან მოიხსენიებს. 1996 წელს ზ. გ-შვილმა ისინი მოატყუა. მათი თანხებით გაატარა საზოგადოება რეგისტრაციაში, მაგრამ დამფუძნებლებად სხვები შეიყვანა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 1993 წელს რეგისტრირებული შპს “გ.” პარტნიორები იყვნენ ზ. გ-შვილი, ი. მ-ია და ო. კ-ძე. იურიდიული მისამართი ..., ქ. თბილისი.

დადგენილია, რომ ი. მ-იამ და ო. კ-ძემ უარი განაცხადეს ავტოგასამართი სადგურის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებაზე, რის გამოც ზ. გ-შვილი შეუთანხმდა მოპასუხეებს ერთობლივად აეშენებინათ ავტოგასამართი სადგური, რაც განხორციელდა კიდეც.

მოსარჩელის განმარტებით შპს “გ.” გაიარა ხელახალი რეგისტრაცია. სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ ირკვევა როგორ გავიდნენ საზოგადოებიდან ი. მ-ია და ო. კ-ძე და დადგენილად ცნო, რომ 1996 წლის 7 ოქტომბერს რეგისტრაციაში გატარდა შპს “გ.”, რომლის დამფუძნებლები იყვნენ ზ. გ-შვილი, ნ. გ-შვილი და ლ. გ-შვილი. საზოგადოების მისამართი ... ქ. თბილისი. მითითებული შპს “გ.ა” სასამართლომ მიიჩნია 1993 წელს რეგისტრირებული “გ.” სამართალმემკვიდრედ. ამ დასკვნის დასასაბუთებლად სასამართლომ მიუთითა რეგისტრაციის შესახებ სასამართლო დადგენილება. მითითებული დადგენილებიდან ირკვევა, რომ შპს “გ.” ხელახალი რეგისტრაცია კი არ გაუვლია (როგორც ამას განმარტავს მოსარჩელე), არამედ ზ. გ-შვილმა, ნ. გ-შვილმა და ლ. გ-შვილმა დააფუძნეს ახალი საზოგადოება და ამ საზოგადოების სამართალმემკვიდრეობაზე დადგენილებაში არაფერია ნათქვამი. ამდენად, სასამართლო დადგენილებით არ დასტურდება სამართალმემკვიდრეობის საკითხი, ე.ი. სასამართლო გადაწყვეტილება დაეყრდნო ისეთ მტკიცებულებას, რომელშიც არ არის ასახული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობა, რითაც სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები.

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ იმთავითვე ავტოგასამართი სადგური უნდა ყოფილიყო მოიჯარის _ 1996 წელს რეგისტრირებული “გ.” საკუთრება და აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს გააჩნდა უპირატესი სამართლებრივი პირობები მოეპოვებინა სადავო ქონებაზე სანივთო უფლება.

პალატის აზრით აღნიშნული გარემოებები არ გამორიცხავს, რომ სადავო ქონებაზე გარკვეული უფლებები მოეპოვებინათ სხვა პირებსაც. ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ჰქონდა იჯარით აღებული მიწა, საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით არ გამორიცხავს, რომ მოპასუხეს აქვს ნივთის ფლობისა და სარგებლობის სხვა სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 447-ე მუხლის შესაბამისად საერთო საქმიანობის ხელშეკრულებით მხარეები კისრულობენ ერთად იმოქმედონ საერთო სამეურნეო მიზნის მისაღწევად.

ამავე კოდექსის 449-ე მუხლის შესაბამისად საერთო საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეების ფულადი ან სხვა ქონებრივი შენატანები, აგრეთვე საერთო საქმიანობის შედეგად შექმნილი ან შეძენილი ქონება მათ საერთო საკუთრებას წარმოადგენს.

საერთო საქმიანობის შესატანად შეიძლება გამოყენებული იქნეს ფული, ნივთები, ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, პროფესიული ცოდნა, შესაძლებლობები, საქმიანი კავშირები.

არ არის აუცილებელი, რომ ერთობლივ საქმიანობაში შესატანი ქონება გახდეს წევრთა საერთო წილობრივი საკუთრება. ხშირ შემთხვევაში ამხანაგობის წევრი რჩება ქონების მესაკუთრედ და მას შეაქვს არა ქონება, არამედ მისი ფლობისა და სარგებლობის უფლება. ასეთი ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნის ამხანაგობის ერთ-ერთ მონაწილეს, მაგრამ გამოიყენება ამხანაგობის წევრთა საერთო ინტერესებისათვის. ამხანაგობის მონაწილეებს უფლება აქვთ მოითხოვონ, რომ პირი, რომელმაც შეიტანა ქონება ერთობლივ საქმიანობაში ამ ქონებას იყენებდეს ერთობლივი ინტერესებისათვის.

იყო თუ არა შპს “გ.” და მეორე “გ.” დამფუძნებლებს შორის საერთო საქმიანობის შესახებ გარიგება, აღნიშნული გარემოების დადგენას, პალატის აზრით, მნიშვნელობა აქვს, როგორც მხარეთა ქონებრივი უფლებების გასარკვევად, ასევე მათი პროცესუალური მდგომარეობის განსაზღვრისათვის.

მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, არსებითად შეიცვალა აღნიშნული კატეგორიის მიწებზე მეიჯარისა და მოიჯარის უფლებრივი მდგომარეობა.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “გ.” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.