საქმე # 020142224701894536
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №35აგ-24 თბილისი
გ. გ., 35აგ-24 25 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:
გ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში;
გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით;
გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით;
გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლით;
გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით.
გ. გ-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა – გაუქმდა და სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2020 წლის 23 ივნისიდან.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
გ. გ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი), სსკ-ის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (რ. კ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ.ჩ-ს ეპიზოდი, მობილური ტელეფონის მეშვეობით) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მ. ჩ-ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მეორე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 3 წლით;
გ. გ-ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2020 წლის 23 ივნისიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენით:
გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 2 წლით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-3 ნაწილების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნულ სასჯელს, 3 წლით თავისუფლების აღკვეთას სრულად დაემატა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და საბოლოოდ, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 5 წლით.
გ. გ-ს სასჯელი აეთვალა – 2022 წლის 22 მარტიდან. მასვე, სასჯელის მოხდად ჩაეთვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდილი ნაწილი, 2020 წლის 23 ივნისიდან 2022 წლის 22 მარტის ჩათვლით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. გ-მ. შუამდგომლობის ავტრომა მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრისა და 2022 წლის 22 მარტის განაჩენების, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლისა და 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, შემდეგი არგუმენტებით: ზემოთ დასახელებულ გამამტყუნებელ განაჩენებს საფუძვლად უდევს ბრალდების შესახებ დადგენილებები, რომლებიც არ წარმოადგენენ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ შეიძლება დაედოს ვარაუდი. მის მიმართ სამივე ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ვარაუდის საფუძველზე, რის შედეგადაც, უკანონოდ იხდის სასჯელს.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 13 ოქტომბრისა და 2022 წლის 22 მარტის განაჩენების, ასევე – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 თებერვლისა და 2022 წლის 7 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვის შესახებ, ცნობილ იქნა დაუშვებლად.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ განსახილველად დაუშვას მისი შუამდგომლობა, იმავე საფუძვლებით, რომლებზეც უთითებდა შუამდგომლობაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. მსჯავრდებული გ. გ. განაჩენების გადასინჯვის საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვით: განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.
4. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით, მათ შორის, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე ახალი გარემოება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი მხარეების ან სასამართლოსათვის და რომელიც დაადასტურებდა იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. ამასთან, გ. გ-ს მსჯავრდების საქმეში არსებული მტკიცებულებები შეაფასა სამი ინსტანციის სასამართლომ და მათი ხელმეორედ შეფასება სცილდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.
5. გარდა ამისა, მსჯავრდებულმა გ. გ-მ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იგივე საფუძვლითა და არგუმენტაციით, მრავალჯერ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით და მსჯავრდებულს, როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ისე – საკასაციო სასამართლოს არაერთი განჩინებით განემარტა, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს, ხოლო რაიმე ახალი გარემოება შუამდგომლობის ავტორს, არც ამჯერად წარმოუდგენია.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ. გ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ლ. ფაფიაშვილი