გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-658-02 3 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ჩ-ელის წიგნი “....” წარმოადგენს აფხაზეთის ომის დროს ტყვედ აყვანილ მ. დ-ოვის დაკითხვის მასალების საფუძველზე შექმნილ ნაწარმოებს, რომელიც 1996 წელს რუსულ ენაზე გამოსცა მოქალაქეთა კავშირის გამომცემლობამ. ლ. ჩ-ელმა 2000წ. ოქტომბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ გამომცემლობა “რ.” რედაქტორი ბ. გ-ძის, ს. წ-იას, თ. მ-უანის და ო. გ-იას მიმართ და მიუთითა, რომ მოპასუხეებმა 2000 წელს გამოსცეს რუსულ ენაზე წიგნი “კ. და ს.”, სადაც მთლიანად არის შესული მოსარჩელის ნაწარმოები. ამიტომ მან მოითხოვა “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” კანონის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კომპენსაციის სახით მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 50000 ლარის დაკისრება. წიგნის “კ. და ს.” რეპროდუცირება-გამოცემის აკრძალვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს: გამომცემლობა “რ.”, თ. მ-უანს, ს. წ-იას და ო. გ-იას აეკრძალათ წიგნის “კ. და ს.” რეპროდუცირება-გამოცემა, რომელშიც შესულია ლ. ჩ-ელის ნაწარმოები. მოსარჩელე ლ. ჩ-ელის სარჩელს მოპასუხეებისათვის სოლიდარულად კომპენსაციის სახით 50 000 ლარის დაკისრების ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. ჩ-ელის წარმომადგენელმა ო.ბ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2001წ. 12 ოქტომბრის განჩინებით დააკმაყოფილა ლ. ჩ-ელის საკასაციო საჩივარი. გააუქმა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილება ლ. ჩ-ელის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2001წ. 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ელის სარჩელი მოპასუხეების _ გამომცემლობა “რ.”, ს. წ-იას, თ. მ-უანის, ო. გ-იას მიმართ საავტორო უფლებათა დარღვევის გამო კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოპასუხეებს: გამომცემლობა “რ.”, ს. წ-იას, თ. მ-უანს, ო. გ-იას დაეკისრათ მოსარჩელე ლ. ჩ-ელის სასარგებლოდ სოლიდარულად კომპენსაციის სახით 2000 ლარის გადახდა.
თ. მ-უანმა, ს. წ-იამ, გამომცემლობა “რ.” მთავარმა რედაქტორმა ბ. გ-ძემ განცხადებით მიმართეს საოლქო სასამართლოს კოლეგიას და მოითხოვეს სასამართლო კოლეგიის 2001წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლებმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითეს ის, რომ ლ. ჩ-ელის საავტორო უფლებები არ დარღვეულა, დ-ოვის დაკითხვის ოქმი არსებობს უშიშროების სამინისტროში, რომელიც აბსოლუტურად იდენტურია მის წიგნში მოთავსებული დაკითხვის ოქმთან. უსაფუძვლოა ლ. ჩ-ელის განცხადება იმის თაობაზე, რომ მან ეს ოქმი თემატურად გადაამუშავა, რადგან დაკითხვის ოქმის თემატური გადამუშავება არ შეიძლება. განმცხადებლები მიუთითებენ, რომ ამის დასტურად სასამართლოს წარუდგენენ დ-ოვის დაკითხვის ოქმს, ასევე გაზეთ “მ. კ.” და წიგნს კ-ინის ავტორობით “რასპიატაია გრუზია”, რომელიც 1995 წელს გამოიცა სანქტპეტერბურგში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 26 თებერვლის განჩინებით თ. მ-უანის, ს. წ-იას და გამომცემლობა “რ.” რედაქტორ ბ. გ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო იმავე სასამართლოს 2001წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. სასამართლო კოლეგიის განჩინება დასაბუთებულია შემდეგი მოტივებით: ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებულია ის, რომ ლ. ჩ-ელის წიგნში შეტანილი დ-ოვის დაკითხვის ოქმი იდენტურია მისი საგამოძიებო ორგანოებში დაკითხვის ოქმისა და იმავე დაკითხვის ოქმი ლ. ჩ-ელზე ადრე 1995 წელს იმავე სახით შეტანილი არის ი. კ-ინის წიგნში “რ. გ.”, მაგრამ განმცხადებლებმა ვერ დაადასტურეს და სასამართლოს მტკიცებულების სახით ვერ წარუდგინეს მათ მიერვე მითითებული ი. კ-ინის წიგნი “რ. გ.” და დ-ოვის დაკითხვის ოქმის დედანის ასლი. მათ სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ ოქმის დედანი არც უნახავთ და ვერ მოიძიეს აფხაზეთისა და საქართველოს უშიშროების საგამოძიებო სამსახურებში. სასამართლომ მიუთითა, რომ ასეთი ოქმი რომც წარმოედგინათ, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან ამ ოქმზე განმცხადებლები მიუთითებდნენ საქმის განხილვის დროსაც. ამიტომ, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლები არ არსებობს.
გამომცემლობა “რ.” მთავარმა რედაქტორმა ბ. გ-ძემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სასამართლო კოლეგიის განჩინებაზე, მოითხოვა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 26 თებერვლის განჩინების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია შემდეგი მოტივებით: “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად გამომცემლობა არ აგებს პასუხს ავტორის ნაწარმოებებზე და მასში მოყვანილ ფაქტებზე; ავტორებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ფაქტებისა და მონაცემების სიზუსტეზე. სასამართლო კოლეგიამ კი გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა ზემოხსენებული კანონის მოთხოვნა. არ იქნა გათვალისწინებული ისიც, რომ ლ. ჩ-ელის წიგნში არ არის მითითებული წიგნის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი IშშBN, რაც საქართველოში შემოღებულია 1974 წლიდან. არ არის ასევე მითითებული კოპირაიტის აღმნიშვნელი ფორმულა ã, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დაცულია საავტორო უფლება და გამომცემლობა უფლებამოსილია დაიცვას წიგნის გამოცემის რედაქტირება, სტილი, კორექტურა, ტექნიკური რედაქცია, მხატვრული გაფორმება, პერგამენტზე ან ცელოფანზე წიგნის მომზადება და ა.შ.
ო. გ-ია, ს. წ-ია, თ. მ-უანი საკასაციო საჩივარში მიუთითებენ, რომ მ. დ-ოვის დაკითხვის ოქმი გამოქვეყნდა გაზეთ “კ. პ.”, შემდეგ იგი თავის ნარკვევში დაიმოწმა ი. კ-ინამ 1995 წელს. ლ. ჩ-ელმა 1996 წელს გამოსცა დოკუმენტების კრებული. მასში თავმოყრილ დოკუმენტებს შორის არის მ. დ-ოვის დაკითხვის ოქმიც, რომელიც მთლიანად შეიტანეს კასატორებმა თავის წიგნში. კასატორების მიერ გამოქვეყნებული წიგნი 254 გვერდიანია, ხოლო მ. დ-ოვის დაკითხვის ოქმი კი მხოლოდ 21 გვერდს შეადგენს. ამასთან გამოსცეს სულ 200 ცალი, რაც ტირაჟად არ ჩაითვლება. კასატორები მიუთითებენ, რომ ლ. ჩ-ელს არ ჰქონდა უფლება თავი დოკუმენტების კრებულის ავტორად გაესაღებინა. ლ. ჩ-ელმა უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ კასატორების წიგნი საქართველოს და რუსეთის ბაზარზე იყიდებოდა. თვით ლ. ჩ-ელმა რატომ არ მიუთითა მ. დ-ოვის დაკითხვის ოქმის პირველი წყარო, საიდანაც მან იხელმძღვანელა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად დოკუმენტებზე არ ვრცელდება საავტორო უფლება. კასატორებმა მოითხოვეს სასამართლო კოლეგიის 2002წ. 26 თებერვლის განჩინების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გამომცემლობა “რ.” მთავარმა რედაქტორმა ბ. გ-ძემ, თ. მ-უანმა, ს. წ-იამ განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვეს იმავე სასამართლოს 2001წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილის გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება. მათ ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითეს ის, რომ მ. დ-ოვის დაკითხვის ოქმი, რომელიც უშიშროების სამინისტროშია, აბსოლუტურად იდენტურია ლ. ჩ-ელის წიგნში მოყვანილ დაკითხვის ოქმთან, ამდენად, ლ. ჩ-ელს აღნიშნული ოქმი თემატურად არ გადაუმუშავებია და არც შეიძლება დაკითხვის ოქმის თემატური გადამუშავება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორად არ მიიჩნია აღნიშნული ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რადგან სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილების გამოტანას. იმავე მუხლის მესამე ნაწილში კი იმპერატიულადაა მითითებული, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილის “ე”-”ვ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. როგორც საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 თებერვლის სხდომის ოქმით ირკვევა, განმცხადებლებმა პროცესზე აღნიშნეს, რომ ლ. ჩ-ელმა ის დოკუმენტები, მათ შორის მ. დ-ოვის დაკითხვის ოქმი, რომელიც თავის წიგნში აქვს მოცემული, მოიპოვა გაზეთებიდან, წიგნიდან, ტელევიზიიდან. საკასაციო საჩივარშიც მიუთითებენ ო. გ-ია, ს. წ-ია და თ. მ-ანი, რომ მ.დემიანოვის დაკითხვის ოქმი აფხაზეთის ომის შემდეგ გამოქვეყნდა გაზეთ “კ. პ.”, შემდეგ იგი დაიმოწმა ი. კ-ინამ თავის ნარკვევში 1995 წელს. ლ. ჩ-ელის დოკუმენტების კრებული კი გამოქვეყნდა 1996 წელს. კასატორებს ახლად აღმოჩენილი გარემოება – მ. დ-ოვის დაკითხვის ოქმის დედნის ასლი _ სასამართლო კოლეგიისათვის არ წარუდგენიათ, რაც დასტურდება 2002წ. 26 თებერვლის სასამართლო სხდომაზე ბ. გ-ძის წარმომადგენელ ო.ბერიშვილის განმარტებით, რომ განმცხადებლებმა ვერ მოიპოვეს აღნიშნული ოქმი. ყოველივე აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო კოლეგიამ კანონიერად არ დააკმაყოფილა კასატორების მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, რადგან მათ სასამართლოს ვერ წარუდგინეს ასეთი ახალი გარემოება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გამომცემლობა “რ.” მთავარ რედაქტორ ბ. გ-ძის, ს. წ-იას, ო. გ-იას, თ. მ-ანის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 თებერვლის განჩინება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.