Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-659-02 26 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი

დავის საგანი: იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

სსკბ “თ-მა” სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1998წ. 4 სექტემბერს და 19 ოქტომბერს სსკბ “თ-სა” და თ. გ-ეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულებები საერთო თანხით 500000 აშშ დოლარზე. კრედიტი გაიცა წლიური 33% საპროცენტო განაკვეთით.

“თ-სა” და თ.გ-ეს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იმავე მხარეებს შორის 1998წ. 3 სექტემბერს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. თ.გ-ემ 1998წ. დეკემბრიდან შეწყვიტა კრედიტორის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც “თ-მა” სარჩელით მოითხოვა მოპასუხესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, კრედიტის ძირითადი თანხის დაუფარავი ნაწილის, კრედიტით სარგებლობის გადაუხდელი პროცენტების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ანაზღაურება, იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლის აუქციონის გზით რეალიზაცია.

მოპასუხე შ. გ-ემ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და იმ საფუძვლით, რომ მამამისმა თ. გ-ემ მისი ნების საწინააღმდეგოდ, ყალბი მინდობილობის საფუძველზე, იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი, მოითხოვა იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2000წ. 14 ივნისის გადაწყვეტილებით სსკბ “თ-ის” სარჩელი მოპასუხე თ. გ-ის მიმართ, 1998წ. 4 სექტემბრის და 19 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის, თანხის დაკისრების და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის გზით რეალიზაციის შესახებ დააკმაყოფილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 15 ნოემბრის განჩინებით შ. გ-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 14 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა შ. გ-ის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის 1998წ. 3 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის აუქციონის წესით რეალიზაციის ნაწილში. საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

ძირითადი სარჩელით სსკბ ,,თ-ის” მიერ თავდაპირველ მოპასუხედ მითითებული თ. გ-ე კოლეგიის საოქმო განჩინებით ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ და მოსარჩელის თანხმობით შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ შ. გ-ით, მისი დამოუკიდებელი მოთხოვნა ჩაითვალა შეგებებულ სარჩელად. შ. გ-ემ დააზუსტა თავისი მოთხოვნა და სსკბ ,,თ-თან” ერთად მოპასუხეებად მიუთითა თ. გ-ე, ნოტარიუსი ე. მ-ე. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ მოითხოვა სსკბ ,,თ-სა” და თ. გ-ეს შორის 1998წ. 3 სექტემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოპასუხემ მიუთითა, რომ თ. გ-ემ როგორც არაუფლებამოსილმა პირმა, იპოთეკით დატვირთა ქონება, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, ხოლო 1998წ. 29 ივლისს გაცემული მინდობილობა ხელმოწერილი არ არის შ. გ-ის მიერ. შ. გ-ე 1992 წლიდან იმყოფება აშშ-ში და საქართველოში არ ჩამოსულა.

ნოტარიუსმა ე. მ-ემ შეგებებული სარჩელი არ ცნო. Mმისი განმარტებით, იგი პირადად იცნობდა მამა-შვილ თ. და შ. გ-ეებს და არ შეიძლებოდა შეშლოდა, რომელი აწერდა მინდობილობას ხელს, მონდობილობის დამოწმებისას დადგენილი და შემოწმებული იქნა მინდობილობის გამცემი პირის ვინაობა და ქმედუნარიანობა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 7 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სსკბ ,,თ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა იპოთეკის საგნის ქ. თბილისიში ... მდებარე საცხოვრებელი სახლის რეალიზაცია აუქციონის გზით, მოსარჩელის სასარგებლოდ 1998წ. 4 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების და სესხით სარგებლობის პროცენტის დასაფარავად.

შ. გ-ის წარმომადგენელმა ნ. ჭ-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება. კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლი, ვინაიდან თ. გ-ეს და ,,თ-ს” შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით თ. გ-ემ შ. გ-ის ქონება დატვირთა, როგორც თავისი საკუთრება. მას არც მიუთითებია, თუ გააჩნდა საამისო უფლებამოსილება მონდობილობის სახით. ე.ი. იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც კასატორის აზრით სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 102-ე მუხლი არაუფლებამოსილი პირის მიერ საგნის განკარგვის შესახებ.

კასატორმა განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია მინდობილობის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილშიც. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ს 137-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც მხარე, რომლის მიერაც არის წარდგენილი საბუთი, რომლის სიყალბეზეც მეორე მხარე მიუთითებს, ვალდებულია დაამტკიცოს ამ საბუთის ნამდვილობა. კასატორმა განმარტა, რომ ჩატარებული ექსპერტიზების შედეგად ვერ დამტკიცდა მინდობილობის ნამდვილობა, ასევე ვერ იქნა დადასტურებული არსებული ხელმოწერა არის თუ არ შ. გ-ის მიერ განხორციელებული, პირიქით სპეციალისტთა წარმოდგენილი ცნობებით მინდობილობაზე ხელმოწერა შ. გ-ეს არ ეკუთვნის.

კასატორმა ასევე მიუთითა, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 249-ე მუხლის მეორე ნაწილი და არ მიუთითა, საიდან გამოიტანა დასკვნა, თითქოს შ. გ-ე იმყოფებოდა საქართველოში სადავო მინდობილობის გაცემის დროს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შ. გ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. E

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა საქმის მასალების გაცნობით, საკასაციო საჩივრის შესწავლით, მხარისა და წარმომადგენლების ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლოს სხდომაზე მათს ყოველმხრივ სრულ და ობიექტურ განხილვას.

მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათ გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი.

მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს ამა თუ იმ დაკვნის გასაკეთებლად.

პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე არსებული მტკიცებულებები

კოლეგიის მიერ არ არის სრულად და ყოველმხრივ შესწავლილი:

კოლეგია მითითებს, რომ 1992წ. შემდეგ პერიოდში შ. გ-ის მიერ ხელმოწერილია შენობის ექსპლოატაციაში მიღების აქტი 1993წ. 19 ნოემბერს. Aამასთან ამ აქტში არ არის მითითებული, რომ შ. გ-ის რწმუნებით, მისი სახელით სხვა პირი მონაწილეობს შენობა ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღების დროს.

საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული გარემოებებით არ დასტურდება, რომ 1998წ. 29 ივლისის მინდობილობას შ. გ-ემ მოაწერა ხელი. Mმით უმეტეს სასამართლო არ უთითებს რაიმე მტკიცებულებაზე, რომ შენობის ექსოპლოატაციის აქტზე ხელმოწერა შესრულებულია შ. გ-ის მიერ.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შ. გ-ის საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტის ვადა გასულია 1997წ. მაისიდან. Aსევე, დადასტურებულია, რომ არც საქართველოში და არც აშშ-ში შ. გ-ეზე არ გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და პასპორტი.

აღნიშნული გარემოებები მიუთითებენ, რომ საქართველოს მოქალაქე შ. გ-ეს არა აქვს სათანადო საბუთები, რომელთა არსებობაც აუცილებელი აშშ-დან საქართველოში დასაბრუნებლად და კვლავ აშშ-ში გასამგზავრებლად.

შ. გ-ის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ შ. გ-ე საქართველოში არ ყოფილა. კოლეგია ამ გარემოებას უპირისპირებს ვრაუდს იმის შესახებ, რომ შესაძლოა შ. გ-ეს აქვს პირადობის მოწმობა. საქართველოს კონსულის მიერ განხორციელებული სანოტარო მოქმედების დროს შ. გ-ის მიერ ნ. ჭ-ს სახელზე მინდობილობის გაცემისას პირადობა შემოწმებულია პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომლის ნომერია 4100526377. სასამართლომ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიუთითებს აღნიშნულ გარემობაზე და არ აკეთებს დასკვნას, თუ რა დასტურდება აღნიშნულით. თუ სასამართლო აღნიშნული გარემობით ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს არის პირადობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შ. გ-ე საქართველოში იმყოფებოდა, ამ შემთხვევაში მის მიერ შესწავლილი უნდა იყოს პირადობის მოწმობის დანიშნულება, მისი მნიშვნელობა, დადგენილი უნდა იყოს მისი გამცემი ორგანო, დადგენილი უნდა იყოს რა უფლებამოსილებას ანიჭებს აღნიშნული მოწმობა შ. გ-ეს. ვინაიდან ამ მოწმობის არსებობაზე შ. გ-ის მოწინაამღდეგე მხარე მიუთითებდა მისი პოზიციის გასამყარებლად, შესაბამისად მტკიცების ტვირთიც მას აწევს და მან უნდა დაადასტუროს, რომ მითითებული პირადობის მოწმობის საფუძველზე შესაძლებელია საქართველოში შემოსვლა და კვლავ აშშ-ში გამგზავრება.

მიუხედავად იმისა, რომ შ. გ-ის მხარეც უთითებადა და ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით ექსპერტიზის ჯგუფის უფროსი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელიც მიუთითებდნენ, რომ ექსპერტიზა მეთ-რად არასწორად იყო ჩატარებული, სასამართლომ არ გამოიკვლია მეთ-რად სწორად იყო ჩატარებული თუ არა ექსპერტიზა და არასებობდა თუ არა შესაძლებლობა ექსპერტიზის დასკვნის მიღებისა, მინდობილობაზე არსებული ხელმოწერა შესრულებულია თუ არა შ. გ-ის მიერ.

სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დანიშნოს ექსპერტიზა რამდენიმე ექსპერტის მონაწილეობით, რომლებიც არსებული ყველა მეთოდის გამოყენებით პასუხს გასცემენ მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ კითხვებზე.

სასამართლომ ასევე უნდა გამოიკვლიოს მითითებული პირადობის მოწმობის არსი და დაადგინოს არსებობს თუ არა ისეთი გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ შ. გ-ე შესაძლებელია საქართველოში ყოფილიყო მინდობილობის დამოწმების დროს. სასამართლომ ასევე უნდა დაასაბუთოს, რომ მტკიცებულებები, რომელიც შ. გ-ის მხარის მიერ არის წარმოდგენილი, არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად რომ შ. გ-ე საქართველოში არ ჩამოსულა მისი აშშ-ში 1992 წელს გამგზავრების შემდეგ.

თუ დადგინდება, რომ შ. გ-ეს 1998წ. მინდობილობაზე ხელი არ მოუწერია, სასამართლომ სს ,,თ-ის“ სარჩელი არ უნდა დააკმაყოფილოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 7 თებერვის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.